რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი

რა ხდება თსუ-ში - პროტესტი გიორგი გაფრინდაშვილის წინააღმდეგ, სტუდენტების მოთხოვნები და რექტორის პასუხი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღეა სტუდენტები აქციას მართავენ. უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი კანცლერის არჩევნებს პროტესტს უცხადებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.

სტუდენტთა ჯგუფი სენატის სხდომაზე დასწრებას ითხოვდა. სტუდენტები დაინტერესდნენ, თუ რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია უნივერსიტეტის სენატის წევრებს ერთ-ერთი კანდიდატის, გიორგი გაფრინდაშვილის პიროვნების შესახებ. სტუდენტების მტკიცებით, გაფრინდაშვილი ცნობილია სტუდენტთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით, რისი დამამტკიცებელი ვიდეომასალაც, მათი განცხადებით, ინტერნეტში არსებობს.

სტუდენტების პროტესტი უნივერსიტეტის დაცვის სამსახურთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია იყო გამოძახებული, თუმცა რექტორის გადაწყვეტილებით პატრულმა შენობა მალევე დატოვა.

თსუ-ის რექტორმა ვლადიმერ პაპავამ უნივერსიტეტის სტუდენტებს აქციის შეწყვეტა სთხოვა. მან სტუდენტებს შესთავაზა, ორშაბათს შედგეს საკოორდინაციო შეხვედრა, რომელშიც სენატის წევრებთან ერთად უნივერსიტეტის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და მოხდება კანცლერის არჩევნებზე წარდგენილი კანდიდატურების განხილვა.

თუმცა, სტუდენტები რექტორის შეთავაზებას არ დათანხმდნენ, რადგან მათი აზრით, ეს არის მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა. ახალგაზრდებმა ულტიმატუმი წამოაყენეს - გიორგი გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნას. როგორც მათ უნივერისტეტის ადმინისტაციას განუცხადეს, სურვილის შემთხვევაში მზად არიან შეხვდნენ უნივერსიტეტის სენატის წევრებს და მათი ულტიმატუმი კიდევ ერთხელ გააცნონ.

რამდენიმე სტუდენტმა მთელი ღამე უნივერსიტეტის შენობაში გაატარა. მათი თქმით, დაშლას არ აპირებენ, სანამ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია:

- მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა

- დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ

- მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება

- შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან

- მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია

სტუდენტების ინფორმაციით, დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.

სტუდენტების მოთხოვნებს რექტორი ლადო პაპავა გამოეხმაურა. როგორც ლადო პაპავა აცხადებს, ის გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ ლადო პაპავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მისი მოსალოდნელი გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

ლადო პაპავამ რექტორის გადადგომის შემდეგ კანონის თანახმად საჭირო პროცედურებზე ისაუბრა და კანონის ჩანაწერს ანომალიური უწოდა.

"ნამდვილად არ ვგეგმავ გადადგომას. დღეს უნივერსიტეტში არის საკმაოდ რთული ვითარება. კანცლერი არ არის. ახლა რექტორის გადადგომა წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს? ესე იგი, დარჩება უნივერსიტეტი საერთო მმართველის გარეშე. გარდა ამისა, ძალიან რთული ჩანაწერია "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში. რექტორის გადადგომის შემთხვევაში, მოვალეობის შემსრულებელს ირჩევს მთელი უნივერსიტეტი. მთელმა უნივერსიტეტმა რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დაასახელოს, ამას საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურები დასჭირდება", - განაცხადა ლადო პაპავამ.

მისივე განმარტებით, რექტორის გადადგომის შემთხვევაში შესაძლოა უნივერსიტეტი 2 თვემდე ხელმძღვანელის გარეშე იყოს. პაპავას განცხადებით, კანონის თანახმად, რექტორს აკადემიური საბჭოს 14-კაციანი შემადგენლობა ირჩევს. რექტორის მოვალეობის შემსრულებელს მთელი უნივერსიტეტი ასახელებს. პაპავას შეფასებით, ეს არის ანომალიური ჩანაწერი და წესით პირიქით უნდა იყოს.

"როგორც რექტორი, ვაცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას და რა თქმა უნდა, არ განვიხილავ რექტორის გადადგომის რაიმე შესაძლებლობას. მაგრამ ამავდროულად უნდა ვისარგებლო შემთხვევით და ხაზი გავუსვა, პროცესი როგორც მიმდინარეობს საბოლოო ჯამში, მომართულია იქითკენ, რომ რექტორი აიძულონ გადადგეს, ხოლო თუ რექტორი აიძულეს და მაინც გადადგა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაშინ უნივერსიტეტი ჩავარდება უმძიმეს მდგომარეობაში, ამიტომ არ ვაპირებ გადადგომას. ჩემი აზრით, მთავარი არ არის გაფრინდაშვილი. აქ უკვე მთავარია დარტყმა რექტორზე", - განაცხადა ლადო პაპავამ.

უნივერსიტეტში შექმნილ ვითარებას იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმურა.

"მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ სტუდენტმა გამოხატოს თავისი აზრი და გამოხატოს ხმამაღლა. მთავარია, რომ ეს აზრი არის მოსმენილი რექტორის მიერ, რაც არის ხოლმე ამ ასაკში პროტესტის გამოხატვის მიზანი, რომ მოუსმინონ მათ, ვინც იღებს გადაწყვეტილებას. ვფიქრობ, ეს უფრო მეტად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე სხვა რამ. მჯერა, რომ სტუდენტები და რექტორი, რომელიც არ დაიზარებს და ხვდება ახალგაზრდა თაობას, იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია