ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა

ლევან ბერძენიშვილი - ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა

ახლა სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი პრობლემიდან გაქცევაა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან ბერძენიშვილმა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე სასჯელის შესაძლო გამკაცრების კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, ახლა მთავარია აღნიშნული მასალების შემქმნელისა და გამავრცელებლის პოვნა და სამაგალითოდ დასჯა, რადგან ყველამ დაინახოს, რომ მსგავსი ქმედებები უმკაცრესად და სამაგალითოდ ისჯება.

"სახელმწიფოს მიაყენეს შეურაცხყოფა, არამარტო მის ერთ-ერთ მოქალაქეს. ეს პირდაპირი დარტყმაა ქართულ სახელმწიფოებრიობაზე და ამას უნდა გაეცეს სათანადო პასუხი. ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა, ვინც გადაიღო, ვინც გაავრცელა, გავრცელებაში ხელი შეუწყო და სხვა, კანონის მიხედვით უნდა დაისაჯონ, რომ შეწყდეს ეს ამბავი, ერთხელ და სამუდამოდ. მე არ მგონია, რომ ახლა მთავარი სასჯელის გამკაცრება იყოს. ეს არის პრობლემიდან გაქცევა. სინამდვილეში, მთავარია ვიპოვოთ და დავსაჯოთ მაქსიმალურად, რასაც ახლა გულისხმობს კანონი. მერე თუ გნებავთ მაგაზეც ვიმსჯელოთ. მე მომხრე ვარ, რომ ძალიან მკაცრი იყოს სასჯელი, მაგრამ საკმარისად მკაცრია იმისთვის, რომ დაისაჯოს, მთავარია ვიპოვოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ბერძენიშვილმა.

დეპუტატი კანონში ცვლილებების შეტანასაც არ გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ "რესპუბლიკელები" ნებისმიერ ცვლილებას დაუჭერენ მხარს, რაც მოსმენების საკითხის გაუმჯობესებას უკავშირდება.

"ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებები შესაძლოა შევიდეს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ წუთას ეს პრობლემებიდან გაქცევაა. ჩვენ რაც ახლა გვინდა, ეს არის ამ ხალხის პოვნა და დასჯა. დანარჩენი არის ლაპარაკი. რა უნდა მათ პოვნას ვინც ამას აკეთებდა? მთელი სისტემა იყო. ამას ერთი და ორი კაცი ხომ არ აკეთებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში?! ათასობით ადამიანი ემსახურებოდა. არავინ არ დასჯილა. ალბათ ყველას უთხრეს - რა კარგი ბიჭები ხართ, ახლა ჩვენ გაგვიკეთეთ. არ ვიცი რა ხდება, ამიტომ ეს უნდა იქნას გამოკვლეული და უმკაცრესად დასჯილი. კარგია, რომ პრემიერის პოზიციაც ასეთია. ახლა ვნახოთ რამდენად შევძლებთ ამის გაკეთებას", - აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა.

დეპუტატი, მილიონი ლარის ჯილდოს დაწესების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის ინიციატივასაც შეეხო და აღნიშნა, რომ თანახმაა აღნიშნული თანხის მობილიზებაში მონაწილეობა მიიღოს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."