ოკუპანტები ჯარიაშენის მცხოვრებთა ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზა გაჰყავთ

ოკუპანტები ჯარიაშენის მცხოვრებთა ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზა გაჰყავთ

სოფელ ჯარიაშენის განაპირას, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა გუშინ დილით დაწყებული სამუშაოები განაახლეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპოდენტი იუწყება, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენთან ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულებს ადგილობრივების ბაღებში გზა გაჰყავთ. ჯარიაშენის განაპირას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, გუშინ შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული შეიარაღებული პირები სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებთა ხილის ბაღებში ვაშლის მრავალწლიან ნარგავებს ჭრიან და გზის გაყვანის სამუშაოებს აწარმოებენ.

რამდენიმე ადგილობრივმა შეიარაღებულებთან გასაუბრებაც შეძლო. "გზა გაჰყავთ პირდაპირ ჩვენს მიწის ნაკვეთებში. ასევე სოფლის სტადიონსა და საძოვრებზე. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას განაცხადეს, აღნიშნული ტერიტორია სასაზღვრო ზონას წარმოადგენს. აქ უნდა გავიდეს საოკუპაციო ხაზი და შესაბამისად, ყოველდღიურად პატრულირებისთვის სჭირდებათ გზის მოწესრიგება. ჩვენი ნაკვეთები მთლიანად მოექცა მათ კონტროლირებად ტერიტორიაზე. დაახლოებით 30-40 ჰექტარ მიწის ფართობზე შეგვეზღუდა წვდომა", - განაცხადა სოფელ ჯარიაშენის მცხოვრებმა დავით გოგიაშვილმა.

კიდევ ერთმა ადგილობრივმა ელდარ გოგიაშვილმა შეიარაღებულ ფორმიანებს თხოვნით მიმართა, რომ მის ხეხილის ბაღში მოჭრილი ნარგავები შეშად გამოეტანა, რაზეც თანხმობა მიიღო. ვთხოვე, რომ შეშად მაინც წამოვიღებდი ჩემივე ვაშლის ნარგავებს. ამდენი წლის განმავლობაში ვუვლიდი, ამ ტერიტორიაზე ჩემი ორი ნაკვეთი მოექცა. ერთი 30 მეასედია, მეორე კი - 50 მეასედი. მთლიანობაში 80 მეასედი მიწის ნაკვეთი დავკარგეთ. აქ არიან რუსებიც და ოსებიც", - აცხადებს ელდარ გოგიაშვილი.

სოფელ ჯარიაშენის პერიმეტრზე გუშინ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ