რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ჩვენი პირადი ცხოვრების დასაცავად: "უამრავი უკანონო მასალაა, ეს რომ გამოყარონ, არ ვიცი რას დაემსგავსება სიტუაცია"

ბოლო დღეებში ინტერნეტში გავრცელებულმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სერიამ საზოგადოება კიდევ ერთხელ ჩააგდო შოკში. ერთ-ერთ ვიდეოს თან ახლავს ტექსტი, რომელშიც მასალის ავტორი მოქმედ პოლიტიკოსებს მუქარის შემცველი მესიჯით მიმართავს და მოუწოდებს, პოლიტიკიდან წავიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მათ შესახებ მსგავსი ტიპის ჩანაწერების გავრცელებას გააგრძელებს.

გავრცელებული კადრების აღკვეთა პირველ რიგში ხელისუფლების პასუხისმგებლობაა - ამაზე თანხმდებიან ჩვენი რესპონდენტები არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორიდან. კითხვაზე, თუ რას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის დასაცავად, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი გვპასუხობს:

"უნდა უზრუნველყოს, არ ხდებოდეს უკანონო ჩაწერები და ამით ხალხის მანიპულირება. უკვე დიდი ხანია ამ თემაზე ვსაუბრობთ, მანამდე ხელისუფლება გვარწმუნებდა, რომ ამგვარი კადრები იყო განადგურებული, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ ყოფილა სრულად განადგურებული და გარკვეული პირებისთვის ხელმისაწვდომია. ხელისუფლების პასუხისმგებლობა ის არის, რომ გამოიძიოს თუ ვინ გადაიღო ეს კადრები, ვინ გაავრცელა და შესაბამისად დაისაჯონ დამნაშავე პირები. ამას გარდა, მედიას ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ამგვარი ფაქტების გავრცელებას და უზრუნველყონ ის, რომ არ იყოს მითითებული თუ ვის ეხება ვიდეო, სად გავრცელდა, რა სახელით იძებნება და ა.შ. მედიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ხელი შეუშალოს გამავრცელებლებს და დამნაშავეებს საკუთარი მიზნის მიღწევაში", - ამბობს ნატა ძველიშვილი.

"სიდას" დირექტორის, ზვიად დევდარიანის თქმით, პირველ რიგში უნდა დადგინდეს გავრცელებული კადრების ავთენტურობა. "გადაჭრით არ უნდა ვთქვათ, რომ იმას რასაც ვხედავთ არის ის, რასაც ვხედავთ. მითუმეტეს დღეს ტექნიკური შესაძლებლობების პირობებში ვიცით, რომ შეიძლება ამის გაყალბება. მნიშვნელოვანია ისიც, არ დავმალოთ ის, რომ ასეთი კადრები იდება, არამედ პირიქით, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მედიამაც უნდა გააშუქოს, რადგან ეს არის კანონდარღვევა და საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამ კანონდარღვევის შესახებ, თუმცა მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ინფორმაციის დაკონკრეტებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კადრების მნიშვნელოვან ნაწილს წინა ხელისუფლების დროს იღებდნენ, არასამთავრობოების ნაწილი ვფიქრობთ, რომ არსებობს ძალიან სერიოზული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ტიპის თვალყური, გადაღება დღესაც გრძელდება, ამიტომ თითოეული კადრის მიხედვით უნდა დადგინდეს, როდის არის გადაღებული", - ამბობს დევდარიანი.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს დირექტორი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა არსებობდეს ამ ტიპის ჩანაწერების რამდენიმე ვერსია და ეს ასლები გაბნეული იყოს სხვადასხვა ადამიანის ხელში. "ეს არის ძალიან სერიოზული კომპლექსური პრობლემა, დაწყებული საკანონმდებლო თემებით, დამთავრებული იმ სამწუხარო პრაქტიკით, რომელიც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში არსებობს".

AMBEBI.GE-სთან საუბრისას, კამპანია "ეს შენ გეხება, ისევ გვისმენენ" წევრი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ხელისუფლებაც და საზოგადოებაც, არ აყვნენ პანიკას და ქვეყანა "ისტერიულ ვითარებაში" არ გადავარდეს, ასევე აღნიშნავს, რომ ვიდეოების გავრცელებამ ეპიდემიური და მუდმივი ხასიათი არ უნდა მიიღოს, ამისათვის კი ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს: "ამ საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლების ქმედებები ორ ნაწილად უნდა დავყოთ: ერთია გრძელვადიანი ამოცანები, თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ მსგავსი ტიპის ვიდეოების გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ცხადია ბოლომდე უნდა მიიყვანონ გამოძიება, რომელიც დაიწყეს 2014 წელს და ჯერჯერობით არ ჩანს დასასრული. ასევე მნიშვნელოვანია დაიხვეწოს კანონმდებლობა, არ ვგულისხმობ ზომების გამკაცრებას, ვგულისხმობ უფრო ეფექტური კონტროლის სისტემის შექმნას.

რაც შეეხება მოკლევადიან ამოცანებს, პირველ რიგში, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა განახორციელოს ბოლოს გავრცელებულ ვიდეოებზე გამოძიება და მიაგნოს იმ ხალხს, რომელიც ასეთ ბინძურ ინფორმაციებს ავრცელებს, რითაც რეალურად უქმნის საფრთხეს ძალიან ბევრ რამეს, მათ შორის ხელისუფლებასაც, ოპოზიციასაც და ზოგადად სახელმწიფოსაც. იმიტომ რომ, თუ ვიდეოების გავრცელებამ ეპიდემიური ხასიათი მიიღო, ეს სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდი იქნება", - ამბობს ლაშა ტუღუში.

მისი თქმით, ეჭვს იწვევს გავრცელებული კადრების სანდოობა და როგორც ის ამბობს, ვიდეოების ნაწილი გაყალბებული იქნება. "მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ აქ მხოლოდ ინტიმურ ნაწილზე საუბარი არ არის, არსებობს სხვა ტიპის ინფორმაციებიც, მაგალითად ადამიანის პოლიტიკური შეხედულებების შესახებ მოპოვებული ინფორმაცია, რწმენის შესახებ, პირადი საუბრები პოლიტიკოსებზე, პარტიებზე. უამრავი უკანონო მასალაა, როდესაც ისინი თავიანთი გეგმების შესახებ საუბრობენ, ეს ყველაფერი გარეთ რომ გამოყარონ, სიტუაცია არ ვიცი, რას დაემსგავსება" - აღნიშნავს ლაშა ტუღუში.

"ამას გარდა, ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ გაწმინდა თავისი რიგები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ საქმეს ჩადიოდნენ. რამდენადაც მე ვიცი, ის ადამიანები რომლებიც ამას აკეთებდნენ, ამ დრომდე მუშაობენ სისტემაში. ამასთან გამჭვირვალე უნდა გახადონ ეს პროცესები, გვითხრან, ვინ აკეთებდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება და ხელისუფლებაც არ აჰყვეს და არ გადავრდეს ისტერიულ ვითარებაში და გაყვნენ ძირითად ხაზს, რომელიც გულისხმობს პროგრესს, განვითარებას და არჩევნების ნორმალურად ჩატარებას", - ამბობს ტუღუში.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."