თსუ-ს უნივერსიტეტის პროფესორებმა რექტორის კაბინეტთან შიმშილობა დაიწყეს. როგორც მოშიმშილე პროფესორებმა განაცხადეს, ისინი შიმშილობას არ შეწყვეტენ, ვიდრე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები არ დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს და თვითმმართველობის წევრები არ დატოვებენ რექტორის კაბინეტს.
მოშიმშილე პროფესორების ინფორმაციით, ისინი ლადო პაპავას მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მან დაკავებული თანამდებობა არ უნდა დატოვოს. "ჩვენ დავიწყეთ შიმშილობა და მოვითხოვთ, რომ ლადო პაპავამ არ დატოვოს თანამდებობა. რაც შეეხება თვითმმართველობის სტუდენტებს, ისინი არიან გარე ძალების მიერ პროვოცირებულები", - აცხადებენ პროფესორები. შიმშილობა დაიწყეს პროფესორებმა მანანა ხარხელმა, იზოლდა ჭილაძემ და გიული ქეშელაშვილმა. პროფესორების პარალელურად საკუთარი პროტესტის გამოსახატავად შიმშილობის დაწყებას გეგმავენ თვითმმართველობის სტუდენტები.
პარალელურად, სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მის კაბინეტში შეჭრილ თვითმმართველობის სტუდენტებს დახურულ კარს მიღმა ხვდება.
შეხვედრას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ესწრება. როგორც შეხვედრის დაწყებამდე უნივერსიტეტის რექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად არის სტუდეტებს ნებისმიერ თემაზე დაელაპარაკოს, გარდა რექტორის თანამდებობის დატოვებისა. პაპავას თქმით, ის სტუდენტებთან ამ თემის განხილვას არ აპირებს.
რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები საათნახევრის წინ შეიჭრნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ კაბინეტს არ დატოვებენ, სანამ რექტორი ლადო პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
ამასთან, სტუდენტური მოძრაობა "აუდიტორია 115"-ის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და შს მინისტრს მოუწოდებენ, უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებით დაინტერესდნენ.
როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა თორნიკე შევარდნაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თვითმმართველობის წევრებმა სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, როდესაც ისინი რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და შეეცადნენ თავს დასხმოდნენ რექტორს.
"მართალია პაპავა არ იმყოფებოდა კაბინეტში, თუმცა არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ რექტორს არ დაემუქრებოდა საფრთხე", - განაცახადა თორნიკე შევარდნაძემ.
"აუდიტორია 115"-ის კიდევ ერთმა წევრმა, სტუდენტმა გოჩა სურგულაძემ კი საზოგადოებას მოუწოდა სტუდენტების მხარდასაჭერად უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მოვიდნენ. მისი თქმით, თუ პოლიცია არ დაიცავს მათ უფლებებს, მაშინ საზოგადოებას თხოვენ, რომ დაიცვას სტუდენტები.
რექტორის კაბინეტში თვითმმართველობის წევრები ერთი საათის წინ შეიჭრნენ. ისინი აცხადებენ, რომ კაბინეტს არ დატოვებენ, სანამ რექტორი ლადო პაპავა დაკავებულ თანამდებობას არ დატოვებს.
Students rush into Principal’s cabinet - Unrest at Tbilisi State University continues