მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია

მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ - ირაკლი ალასანია

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ალასანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ დღეს ქვეყანაში პოლიტიკა ისევ ძველი მეთოდებით კეთდება. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში", პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებაზე საუბრისას განაცხადა.

"მე დავინახე, რა რეაქცია ჰქონდა ხალხს ამ უმსგავსოებაზე და მინდა ვუთხრა, მათ, რომ ისინი მართლა სამაგალითოები არიან. მინდა ჩემი წილი ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ დღეს პოლიტიკოსები ასეთები ვართ, რომ პოლიტიკა ისევ ძველებურად კეთდება. მაგრამ აქვე კარგი სიახლეც მაქვს. სწორედ საზოგადოების ამ ჯანსაღმა, ბუნებრივმა რეაქციამ ჩვენც დაგვანახა, რომ პოლიტიკა უნდა შევცვალოთ, რომ ასე დაპირისპირებით, ასეთი ბინძური ხერხებით პოლიტიკის კეთება არ შეიძლება და აშკარად გაევლო ზღვარი. გაჩნდა ზღვარი, წარსულ, 90-იან წლებში ჩარჩენილ საქართველოსა და პროგრესულ საქართველოს შორის და მე დარწმუნებული ვარ, ამ საზოგადოების პატრონი ქვეყანა, ნამდვილად დაამარცხებს, 90-იანი წლების მენტალიტეტში ჩარჩენილ ამ შემომტევლებს და ამ ბინძური შეტევის ორგანიზატორებს და განმხორციელებლებს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

"თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელებაზე პასუხისმგებლობას როგორც წინა, ასევე ახლანდელ ხელისუფლებას აკისრებს.

"საზოგადოების წინაშე ბრალი მიუძღვის ძველ ხელისუფლებას, რომელმაც ასეთი ჩანაწერების კეთება დაიწყო და ახალ ხელისუფლებასაც, რომელმაც ვერ უზრუნველყო საზოგადოების დაცვა ამ ჩანაწერების გავრცელებისგან და თავადაც აგრძელებს იგივეს", - აღნიშნა ალასანიამ.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."