"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ

"სრულიად თავხედური მოსაზრება" - გრიგორი კარასინის განცხადებას ქართველი დეპუტატები აფასებენ

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს პრაღაში შეხვდა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი თემა საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ჯარიაშენთან ოკუპანტების მიერ დაწყებული გზის სამშენებლო სამუშაოები იქნება. მისივე თქმით, მხარეები ასევე განიხილავენ ვიზების გამარტივების საკითხს.

რაც შეეხება კარასინის განცხადებას, რომელიც მან მედიასთან შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა, ქართველი პოლიტიკოსების კრიტიკა მოჰყვა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკოსს სურს გაამახვილოს ყურადღება, რომ ისინი ყველაზე პატრიოტი და ხისტი მებრძოლები არიან რუსული ექსპანსიის წინააღმდეგ. "საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - აღნიშნავ კარასინმა.

მანვე განაცხადა, რომ დღეს მთავარი საფრთხეა საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და აშკარად მზარდი ანტირუსული რიტორიკა. "ანტირუსული რიტორიკა ისმის თბილისში, საერთაშორისო პლატფორმებზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც, თუმცა ყველაზე საწყენი ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ისაა, რომ ასეთი განწყობები ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი ისმის. ჩვენ ბუნებრივია ამას ვაქცევთ ყურადღებას, თუმცა ვცდილობთ ყველა ჩხვლეტაზე არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ. ახლა გზაგასაყარზე ვართ, როდესაც არჩევანი უნდა გავაკეთოთ - ან დავუბრუნდეთ კონფრონტაციას, ან გავაგრძელოთ ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობა", - განაცხადა კარასინმა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" ლიდერი, გია ვოლსკი კარასინის განცხადებას აგრესიულს უწოდებს. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კარასინის მიერ გაკეთებული განცხადება ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ნიშნებზე მიუთითებს.

"კარასინის განცხადება აგრესიულია. შიდა საქმეებში, ჩარევის ნიშნებია მის განცხადებაში. თითქოსდა ავიწყდება კიდეც, რომ საქართველოს ტერიტორიები, რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ვფიქრობ, გულწრფელობისგან შორსაა, ემოციისგანაც დაცლილია. გარკვეული ორიენტირები აქვს გაკეთებული. წინა საარჩევნო პერიოდში ასეთი განცხადებები იმატებს. მე ვფიქრობ, ქართული საზოგადოება გადაწყვეტს პარლამენტის შემადგენლობას, ორიენტირებსაც. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიციები აქვს და მოლაპარაკებები რუსეთთან, მნიშვნელოვანია და ამავე დროს არანაირად, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსს არ ცვლის. ამიტომ ვფიქრობ ეს განცხადება არ ეკუთვნის მთლად დიპლომატს" - განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატმა თამარ ხიდაშელმა კარასინის განცხადებას "სრულიად თავხედური მოსაზრება" უწოდა. ხიდაშელი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ გაკეთებულ განცხადებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო თითის ქნევა სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტისა და თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ. "საგანგაშოა, რომ ეს რიტორიკა თანხვედრაშია იმ ანტიდასავლურ, პრორუსულ რიტორიკასთან, რომელიც ქვეყნის შიგნითაც უკვე საკმაოდ ხშირად გვესმის", - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."