საქართველოს სატრანზიტო დერეფანი თანდათან ტვირთს კარგავს. ახალი პორტების მშენებლობის მოლოდინში გადაზიდვის მოცულობა ძველ პორტებშიც მცირდება. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, იანვარში ქართულ ნავსადგურებში ტვირთბრუნვამ 13,2%-ით იკლო. 14%-ით ნაკლები ტვირთი გადაიტანეს რკინიგზით.
2015 წელს საქართველოს რკინიგზამ 14,1 მილიონი ტონა ტივრთი გადაიტანა, რაც 2014 წელთან შედარებით 14%-ით ნაკლებია. რკინიგზაში ტვირთის მისაზიდად ტარიფები შეამცირეს, გარდა ამისა, ყარსი-ახალქალაქის მარშრუტის ამოქმედებაზეც დიდ იმედს ამყარებენ. მხოლოდ 5 წლის განმავლობაში საქართველოს რკინიგზაში ტვირთი მუდმივად მცირდება.
არასახარბიელო მდგომარეობაა საქართველოს პორტებშიც. მიმდინარე წლის იანვარში საზღვაო ნავსადგურებმა და ტერმინალებმა მხოლოდ 1,2 მლნ ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც 0,7 მილიონით ნაკლებია 2015 წლის იანვრის მაჩვენებელზე. კონტეინერების რაოდენობა კი - 42%-ით, ანუ 22 469 ერთეულამდე არის შემცირებული.
საინფორმაციო პორტალ "ჯიბისის" ინფორმაციით წლიურ ჭრილში 300 ათასი ტონით არის შემცირებული ფოთის პორტის მიერ გადამუშავებული ტვირთი, რამაც 0,4 მლნ ტონა შეადგინა. ბათუმის პორტმა 100 ათასი ტონით ნაკლები გადაამუშავა (0,4 მილიონი ტონა). 0,2 მილიონით შეუმცირდა ტვირთბრუნვა ყულევის ტერმინალსაც, სადაც მხოლოდ 100 ათასი ტონა ტვირთის გადამუშავება მოხერხდა. მხოლოდ სუფსის ტერმინალი ინარჩუნებს გადამუშავების სტაბილურ მაჩვენებელს - 0,4 მლნ ტონას.
2015 წელს შავი ზღვის ქვეყნების (რუმინეთი, უკრაინა, საქართველო, რუსეთი, ბულგარეთი) საკონტეინერო ტერმინალებმა 2 294 848 კონტეინერი გადაამუშავეს, ცარიელი კონტეინერების ჩათვლით. დატვირთული კონტეინერების რაოდენობა რეგიონში 12,18%-ით არის შემცირებული. ტვირთის მოცულობა მხოლოდ ბულგარეთსა და რუმინეთში გაიზარდა. უკრაინაში საკონტეინერო ტვირთი 26,1%-ით, რუსეთში 13,2%-ით, საქართველოში კი 13,2%-ით შემცირდა.