"აუდიტორია 115" სამინისტროს და თსუ-ს დროს 16 აპრილამდე აძლევს - განათლების მინისტრისა და პრემიერის კომენტარები

"აუდიტორია 115" სამინისტროს და თსუ-ს დროს 16 აპრილამდე აძლევს - განათლების მინისტრისა და პრემიერის კომენტარები

"აუდიტორია N115"-ის წევრების ინფორმაციით, თუ მათი მოთხოვნები 16 აპრილამდე არ დაკმაყოფილდება, ისინი საერთო სტუდენტურ გაფიცვას დაიწყებენ. ამის შესახებ თსუ-ის პირველის კორპუსის წინ გამართულ აქციაზე "აუდიტორია N115"-ის წევრმა ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, "აუდიტორია N115" მიზნად ისახავს გრძელვადიან თანამონაწილეობას განათლების სისტემის რეფორმის პროცესში.

"ამ მიზნით უახლოეს დროში შემუშავდება დეტალური ხელშეკრულება, კონსენსუსზე დაფუძნებული შეთანხმება მთავრობასა და ახალგაზრდობას შორის. ეს ხელშეკრულება არ უნდა ეფუძნებოდეს პარტიულ კონიუნქტურას და არ უნდა ექვემდებარებოდეს გადახედვას. ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ განათლების მინისტრი, უნივერსიტეტის რექტორი და წარმოდგენილი პირი "აუდიტორია N115"-დან. აუდიტორიაში მუშაობას დროებით ვწყვეტთ სასწავლო პროცესის აღდგენის მიზნით და ამასთანავე მოვუწოდებთ კონტრდემონსტრაციის მონაწილეებს, პატივი სცენს საგანმანათლებლო პროცესს", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, 19 მარტს, 18:00 საათზე "აუდიტორია N115"-ის წევრები ისევ შეიკრიბებიან და იმსჯელებენ.

"თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშერკულების გაფორმება სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას", - განაცხადა ლორთქიფანიძემ.

როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გუშინ, თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საჭიროა შეიქმნას სამუშაო გარემო, რათა ყველა იმ პრობლემაზე წარიმართოს საუბარი, რომელიც უნივერსიტეტის კედლებში ხდება.

მისივე თქმით, ის არ აპირებს უნივერსიტეტში რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხის მისი ჩართულობით გადაწყვეტას.

"არის რიგი საკითხები, რომლებიც უპრიანია გადაწყდეს იმ ლეგიტიმურ ორგანოებში, რომელიც უნივერსიტეტს წარმოადგენს - ამ შემთხვევაში აკადემიური საბჭო. თუ დღის წესრიგში დგება რექტორის მუშაობის თუ არმუშაობის საკითხი, რომელსაც თვითმმართველობის წარმომადგენლები აყენებენ, ჩვენი პასუხიც შესაბამისია. ძალიან მნიშვნელოვანია რექტორის თემის განხილვა. აქედან გამომდინარე, კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებში ისინი მოითხოვენ გონივრულ ვადას, რათა იმსჯელონ რექტორის საკითხზე, მიიღონ გადაწყვეტილება და აცნობონ სტუდენტებს. გონივრული ვადა შეიძლება იყოს ერთი კვირა, ორი კვირა, ან ერთი თვე. ამაზე დაილაპარაკებენ უშუალოდ სტუდენტებთან ერთად და დარწმუნებული ვარ, შეთანხმდებიან", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

განათლების სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აკადემიური საბჭოს წევრმა ნუგზარ სურგულაძემ. მან აღნიშნა, რომ სტუდენტების ერთი ჯგუფის მხრიდან რექტორის მიმართ საკმაოდ სერიოზული პრეტენზიებია, რომელთა ნაწილს ეთანხმება. სურგულაძის განცხადებით, პირადად მას მიაჩნია, რომ რექტორი ერთ შემთხვევაში გამოჩნდა, როგორც მხარე.

როგორც ცნობილია, აკადემიურმა საბჭომ რექტორის საკითხზე მსჯელობისათვის გონივრული ვადა ითხოვა, თუმცა საბჭოს წევრებს ჟურნალისტებთან არ დაუკონკრეტებიათ, რა პერიოდი შეიძლება იგულისხმებოდეს გონივრულ ვადაში.

თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ სტუდენტებმა გადაწყვიტეს და აირჩიეს პროტესტის მშვიდობიანი ფორმა და მოლაპარაკების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია თითოეული სტუდენტის, ახალგაზრდის აზრი და მათი პროტესტიც.

"ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ჩვენი 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმის გახლავთ განათლების სისტემის რეფორმა, რაც რა თქმა უნდა, გულისმხობს უმაღლესი განათლების სისტემის ძირეულ ცვლილებებს. ჩვენ მაქსიმალურად ჩავრთავთ ახალგაზრდებს ამ რეფომირების პროცესში და გავითვალისწინებთ მათ აზრს", - განაცხადა პრემიერმა.

"აუდიტორია 115" და სტუდენტური თვითმმართველობის წევრები დღეს სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელებენ.

თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პირველ კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა. უნივერისტეტის პირველი კორპუსის რამდენიმე აუდიტორიაში ამ წუთებში ლექციები მიმდინარეობს.

უნივერისტეტის დერეფნებში სიმშვიდეა. პირველ სართულზე დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

ამასთან, დალუქულია 115-ე აუდიტორია, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში სტუდენტები იკრიბებოდნენ და თავიანთ მოთხოვნებს აყენებდნენ.

115-ე აუდიტორიის კარზე გაკეთებულია წარწერა, რომ ოთახი დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერაა დალუქული.

თსუ-ს სტუდენტებმა რამდენიმე დღიანი საპროტესტო აქციები წუხელ შეწყვიტეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია