"ბორჯღალოსნები" VS "მუხის ფოთლები" - 19 მარტს, შეუპოვარი ბრძოლის მოლოდინში!

"ბორჯღალოსნები" VS "მუხის ფოთლები" - 19 მარტს, შეუპოვარი ბრძოლის მოლოდინში!

შაბათს თბილისში ნაღდი რაგბია, აი ისეთი როგორც გვიყვარს და ველოდებით. კი, ბატონო ცოტა ხნის წინ ესპანელებთან თამაშიც მაგარი იყო, მაგრამ შაბათს სხვა წონის მეტოქე გვყავს. ერთადერთი გუნდი, რომელიც ევროპის ერთა თასზე მეტ-ნაკლებად ჩვენი დონისაა.

19 მარტს "ბორჯღალოსნების" მეტოქე, რუმინეთის ეროვნული გუნდი იქნება. "მუხის ფოთლები" (რუმინელთა მეტსახელი) დიდ გულზე არიან და უნდათ დიდი ხნის წინანდელი მოგების გემო გაიხსენენო, თანაც წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასი (რომელიც მხოლოდ ჩვენსა და რუმინეთს შორის თამაშდება), უკვე იმდენი ხანია ჩვენთანაა რომ უნდათ ერთი წლით მაინც დააბრუნონ რუმინეთში. არაა ნათვქამი, მაგრამ ჩვენ ვიტყვით - რუმინეთი ბჭობდა, საქართველო იცინოდაო. ჩვენი ბიჭები ყველაზე დიდი გულსმოდგინებით სწორედ ამ თამაშისთვის ემზადებიან, სწორედ შაბათს, ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე მოგებით კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ რომ ორი თავით მაღლები ვართ ჩვენს მუდმივ მეტოქეებზე (რუსეთი,ესპანეთი,გერმანია, რუმინეთი).

2015 წლის მსოფლიოს შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რკენაა. იქნება ყველაფერი რაც რაგბს იმ სილამაზეს სძენს რის გამოც გვიყვარს. იქნება ბრძოლა, ბუნებრივია შეუპოვარი, იქნება ჰიმნის შერულება რომელიც ერთგვარი ქართული "ჰაკაა", იქნება ოთხმოცწუთიანი ომი, რომელსაც ერთი გამარჯვებული ეყოლება და სწორედ ეს გამარჯვებული ჩაიბარებს ერთი წლით (მინიმუმ) ევროპის ერთა თასს და წმინდა ანთიმოზ ივერიელის თასსაც.

ცოტა ხნის წინ ინტერვიუში, ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ნემსაძემ თქვა: "მახსოვს, რა საოცარი განცდა გვქონდა 2013 წელს, როცა ნაკრების მენეჯერმა გვითხრა ყველა ბილეთი გაყიდულიაო. სულ სხვანაირად დამუხტულები გამოვედით სტადიონზეო". შარშან სწორედ რუმინეთთან თამაშის წინ მიმართა ნაკრების კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ბიჭებს: "ჩვენი გულშემატკივარი გვიყურებს და წაგების უფლება არ გვაქვსო. "

ეს ვაჟკაცი და გულიანი ბიჭები ჩვენთვის თამაშობენ, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ გაგვახარონ, თორემ მათ არავისთან არაფერი აქვთ დასამტკიცებელი. ამ ბიჭებმა თავის სათქმელი იმაზე ხმამაღლა თქვეს ვიდრე საჭირო იყო, თანაც არაერთხელ.

ჩვენი ვალია შაბათს სტადიონიდან გავამხნევოთ ეს გულიანი ადამიანები, თანაც შემოდგომამდე, ეროვნულ ნაკრებს საქართველოში თამაში აღარ უწევს.

ცხრამეტში აუცილებლად უნდა მივიდეთ სტადიონზე, როგორც რაგბს შეშვენის თამაშამდე მინიმუმ ოცი წუთით ადრე, ბიჭებთან ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და მერე მხურვალედ ვუქომაგოთ. მეტოქე, რომელსაც (მიუხედავად დიდი პატივისცემისა) დარწმუნებული ვარ დავამარცხებთ, ტაშით გავაცილოთ და მადლობა ვუთხრათ თვადადებული თამაშისათვის. ჩვენი გამარჯვებულ ბორჯღალოსნებს, რომლებსაც არასოდეს ავიწყდებათ მაყურებლისთვის მადლობის თქმა, მოვეფეროთ და ყველას ვაჩვენოთ რომ საქართველოს რაგბის ნაკრებს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეთექვსმეტე მოთამაშე ყავს.

მოკლედ, შაბათს, დინამო არენაზე, 17:00 საათზე დიდი რაგბია. ასე რომ ყველა სტადიონზე!!!

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია