რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს

რა რჩევებს აძლევს პლასტიკური ქირურგი გარუჯვის მოყვარულებს

თბილისის ერთ-ერთ სოლარიუმში გასულ წელს უცნაური შემთხვევა მოხდა - 26 წლის გოგონამ სხეულის დამწვრობა ხელოვნური გარუჯვის შედეგად მიიღო. პაციენტი თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მოათავსეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

როგორც პლასტიკურმა ქირურგმა გუგა ქაშიბაძემ აღნიშნა, ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტმა სხეულის 80 პროცენტის დამწვრობა მიიღო (I-II ხარისხის დამწვრობა). იმისთვის რომ, მსგავსი შემთხვევები თავიდან აიცილონ, დამწვრობის ცენტის ხელმძღვანელი გარუჯვის მოყვარულ ქართველებს რამდენიმე რჩევას აძლევს.

"ჩემს პრაქტიკაში ადრეც ყოფილა ფაქტები, როდესაც ხელოვნური გარუჯვის შედეგად პაციენტებმა სხეულის დამწვრობა მიიღეს. ადამიანებს მეტი ყურადღება მართებთ, სიფრთხილე - ასი თვალი და ასი ყური. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, უცნობია, სოლარიუმში შესთავაზეს გოგონას ის დრო, თუ თვითონ იჯიუტა. თუმცა, ამ ტრავმის თავიდან აცილება თავისუფლად შეიძლებოდა და აუცილებელიც კი იყო. სერიოზული ტრავმა მიიღო, ჩვენთან დღენახევარი დაჰყო და მერე რეანიმაციის განყოფილებიდან გაეწერა. მოკლედ, გადარჩა.

- აქედან გამომდინარე, სოლარიუმში ადამიანები რა დოზით უნდა გაირუჯონ?

- მსოფლიო ჯანდაცვის მიერ ეს ყველაფერი ნებადართულია. არანაირი უფლება არ მაქვს, ვინმეს ავუკრძალო, თუმცა თვითონ სოლარიუმში არ წავალ, მაგრამ ადამიანებს გარკვეულ რეკომენდაციას მივცემ: წავიდნენ ნორმალურ ცენტრში, სადაც ასეთივე აპარატურა დგას, ამაზე ვერავინ შემედავება. იქ უსაფრთხოების წესებიც მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.

ნამზეური, დღესდღეობით, გვინდა თუ არა, მოდაშია, რაც წლების წინ პრიორიტეტული ნამდვილად არ იყო, გამოთქმაც კი არსებობდა, - ცისფერსისხლიანი, ამას იმაზე იტყოდნენ, ვისაც ისეთი თეთრი ფერის კანი ჰქონდა, რომ ვენები ეტყობოდა. ამის გამო ასეთი "ცისფერსისხლიანობა" მოდაში იყო. მინდორში მომუშავე ქალბატონი, რომელსაც მზეზე ყოფნისგან კანი გარუჯული ჰქონდა, თავსაფარს იფარებდა და სახეზე ფერუმარილს ისვამდა, რომ თავადებს დამსგავსებოდა.

ბოლო წლებია, როგორც ვთქვი, რაც ეს ნამზეური მოდაში შემოვიდა, მესმის, რატომაც ეტანებიან მას, რომ უფრო გამხდრები გამოჩდნენ, კანის გარკვეული დეფექტები, სილუეტი დაფარონ, მაგრამ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია დასაშვები და მისაღები, ანუ ჯანმრთელი, ჯანსაღი სპორტული ნამზეური და არა ისეთი, რომ შეხედავ და გული შეგიწუხდება: ზოგიერთი სოლარიუმის შემდეგ გამომჭკნარ-დაჩამიჩებულებს ჰგვს. მერე ყველა დაჟინებით უყურებს, მათ კი ამის ჰგონიათ, იმიტომ უყურებენ, რომ კარგად და ლამაზად გამოიყურებიან.

- სილამაზე ხომ მსხვერპლს მოითხოვს?..

- ფაქტია, რომ ეს ინდივიდუალურად გადასაწყვეტი საკითხია, მიიღონ თუ არა ნამზეური, მაგრამ როცა ეს ყველაფერი ჯანმრთელობის ზღვარზე გადის, თან, ისე, რომ რეანიმაციაში ხვდები, აბა, რა გითხრათ?! ერთი ცოტა კურიოზული ფაქტიც გამახსენდა, რომელთანაც ჩემს პრაქტიკაში შეხება მქონდა: (სოლარიუმში პირველი მისვლისას, მინიმალური დრო აქვთ ვიზიტორებს, მეორეზე დროს უზრდიან, რადგანაც კანი რომ ირუჯება, სხივებს მეტად უძლებს) ის პაციენტი პირველი რამდენიმე ვიზიტისას ჩვეულებრივი ტრუსებით იღებდა ნამზეურს, ბოლოს კი ტანგით შევიდა. ცხადია, დუნდულები თეთრი ჰქონდა, რადგანაც სხივები არ ჰქონდა მანამდე იქ მიკარებული და ორივე დუნდულის დამწვრობა მიიღო...

- ზაფხული მოდის, - ლეღვის ფოთლის ნახარშისგან მიღებულ დამწვრობების მიმართულებით რა მოლოდინები გაქვთ?

- წელს აღარ იქნება. თუმცა უკვე 7 წელია, ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ეს ფაქტები არ ილევა. ვერც ერთ ჩემს უცხოელ კოლეგას ამ საკითხზე ვერ ველაპარაკები, ვერაფერს ვეკითხები, არადა, მსოფლიოს 14 დამწვრობის ცენტრთან მაქვს ურთიერთობა. რა ვუპასუხო, როცა მკითავენ, - რატომ იყენებენ ლეღვის ფოთლების ნახარშს, ვის მოუვიდა თავში აზრადო? არადა, ფოთლებს ემალირებულ ქვაბში ხარშავენ, რომ თვისებები ბოლომდე კარგად ჰქონდეს შენარჩუნებული.

მოდით, მომავალი ზაფხული, ლეღვის ხილად გამოყენების სეზონად გამოვაცხადოთ და მისი ნახარში სხეულზე არ წავისვათ!!!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია