"სამშობლო არასდროს დამვიწყებია" - ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული კარიერა მიატოვა და სამშობლოში სხვათა დასახმარებლად დაბრუნდა

"სამშობლო არასდროს დამვიწყებია" - ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული კარიერა მიატოვა და სამშობლოში სხვათა დასახმარებლად დაბრუნდა

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, სამსახურისკენ მიმავალმა რუსთაველის მეტროსთან უჩვეულო ხალხმრავლობა შევნიშნე. პროფესიულმა ინტერესმა მსძლია და ხალხის ჯგუფს მეც შევუერთდი - რამდენიმე წამში შუა ქუჩაში დადგმულ მომცრო მაგიდასთან, ახალგაზრდა მამაკაცის წინ ვიდექი, რომელიც ცხელ წვნიანსა და საგულდაგულოდ დამზადებულ სენდვიჩებს გამვლელებს უფასოდ სთავაზობდა. მაშინდელი ემოციების სიტყვებით გადმოცემა დღესაც მიჭირს - ეს იყო სანდრო, ამერიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ქართველი, რომელმაც 18-წლიან ამერიკულ კარიერაზე უარი თქვა, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ნათელი საქართველო" დააფუძნა, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები დაუფინანსა, აბიტურიენტები, რომლებსაც ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ, ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ გადაამზადა, იმ დღეს კი თავხსმა წვიმაში, რუსთაველის მეტროსთან იდგა და თანამოქალაქეებს ცხელი სადილით უმასპინძლდებოდა. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? - სანდრო შელია kvirispalitra.ge -სთან თავის ცხოვრებასა და მომავალ გეგმებზე საუბრობს:

- დასავლურ განათლებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 1995 წელს გავიმარჯვე სოროსის კომპიუტერული მეცნიერებების ოლიმპიადაში და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველგვარი გამოცდის გარეშე. მალე მონაწილეობა მივიღე გაცვლითი პროგრამის კონკურსში, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტმა. 300 მონაწილიდან იმარჯვებდა ოთხი. ერთ-ერთი მათგანი მე აღმოვჩნდი და შესაბამისად, წავედი სწავლის გასაგრძელებლად შეერთებულ შტატებში. მალე სტიპენდიაც ავიღე რომ დავრჩენილიყავი და სწავლა და ცხოვრება იქ გამეგრძელებინა. კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდანაც ავიღე. იმის გამო, რომ სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია შტატებში, ორმაგი დატვირთვით ვსწავლობდი და ოთხი წლის ნაცვლად ორ წელიწადში დავამთავრე ბაკალავრიატი, 19 წლის ასაკში. ამის შემდეგ მივიღე მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისაგანდან, Executive Masters in Leadershipპ. ვაშინგტონში დავრჩი ჯერ სამუშაო ვიზით, ხოლო შემდეგ "გრინ ქარდით" და ჩემი კარიერა საკმაოდ წარმატებულადაც განვითარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიყავი აკრედიტაციების სამსახურის უფროსი დირექტორი ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტში (ANSI), რომელიც ამერიკაში საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციად ითვლება. ეს 100 წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, რომელიც გახლავთ ISO-ს დამფუძნებელი წევრი, პასუხისმგებელია აშშ-ში სტანდარტების შემუშავების კოორდინირებაზე და სხვადასხვა ორგანიზაციების აკრედიტაციაზე არა მარტო შტატებში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

- თუ ესე კარგად იყავით ამერიკაში, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?

- მიუხედავად იმისა, რომ წლებია უკვე ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი სამშობლო არასდროს დამვიწყებია. შტატებში ცხოვრების დროსაც ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო დახმარების პროექტების ფარგლებში. ბუნებრივია როდესაც ამერიკაში ცხოვრობ და იქ კარგი კარიერა და აწყობილი ცხოვრება გაქვს, ვერ მიატოვებ მოულოდნელად ყველაფერს. შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ სტანდარტების ინსტიტუტს საქართველოდანაც ვეხმარებოდი კონსულტანტის სტატუსით და აქედან ვმართავდი ANSI-ს ინფორმაციული მენეჯმენტის სისტემებს, რომლებიც ადრე მათთვის შევქმენი. დღემდე ხშირად დავდივარ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მათთან სათამამშრომლოდ და დასახმარებლად.

- ცნობილია, რომ განსაკუთრებით დაინტერესებული ხარ ახალგაზრდებს განათლების

მიღებაში დაეხმარო, რატომ?

- ხარისხიანი განათლება ყოველთვის იყო ის თემა, რომელიც გულთან ყველაზე ახლოს მიმქონდა. ამავე დროს, ყოველთვის მინდოდა განათლების საკითხს მივდგომოდი მოსწავლეებზე და სტუდენტებზე ორიენტირებული კუთხით, რათა მათში გაზრდილიყო ცოდნის მიმართ ინტერესი და დავხმარებოდით იმ შრომისმოყვარე მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული გარემოებები უშლიდა ხელს წინსვლაში. შარშან ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ფონდი "ნათელი საქართველო", რომლის თანადამფუძნებელიც ჩემი მეუღლეა. საკუთარი სახსრებითა და სხვადასხვა სპონსორების დახმარებით, სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ 30 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ კერძოდ რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება. საქართველოს ყველაზე წამყვანი პედაგოგები შევარჩიეთ და ორი კვირის განმავლობაში, დღეში 5 საათი ჩვენს მოსწავლეებს, შავი ზღვის კურორტზე - ქობულეთში, ვამეცადინებდით უნარებში, ქართულსა და ინგლისურში.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია