"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

"თბილისში იმედიც ვერ მოგვცეს, გვითხრეს, - სისხლით აქვს თავი სავსეო..." - 25 წლის ახმეტელი ბიჭის სიკვდილში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

ხუთ დღეში, სამი საავადმყოფოს გამოცვლის შემდეგ 25 წლის ახმეტელი მამუკა სალთხუციშვილი თბილისში, კლინიკა "ლანცეტში" გარდაიცვალა... როგორც დაღუპულის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტს ჯერ ახმეტის რაიონულ, შემდეგ კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში საჭირო სამედიცინო კვლევა არ ჩაუტარდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

სასწრაფო დახმარების ბრიგადა პაციენტისთვის პირველად 12 მარტს გამოიძახეს. ახლობლების თქმით, მას თავის ძლიერი ტკივილი აწუხებდა.

თუმცა, არც მაშინ და არც მომდევნო ორი გამოძახების შემდეგ, სასწრაფომ ის საავადმყოფოში არ გადაიყვანა, რის შემდეგაც მამუკას ახლობლები იძულებული გახდნენ, ბიჭი ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში თავად მიეყვანათ...

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდაშვილი მიშიკო ჩიგილაშვილი უმძიმეს დღეებს იხსენებს: "5 დღის განმავლობაში გაუჩერებლად ტკიოდა მამუკას თავი. პირველად ტკივილების დაწყებიდან მესამე დღეს გამოიძახეს სასწრაფო. რადგან პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის მიუხედავად, მას ტკივილი არ შეუჩერდა, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მეორედ გამოიძახა, თუმცა საავადმყოფოში კვლავ არ გადაიყვანეს... არადა, სასწრაფოს მანქანა რომ წავიდა, იმ მომენტშიც საშინელი ტკივილი ჰქონდა. მომდევნო გამოძახებისას უთქვიათ, - ამ ნომრიდან კიდევ რამდენჯერმე რომ დარეკოთ, იცოდეთ, ჯარიმის გადახდა მოგიწევთო. რადგან სხვა გზა არ ჰქონდათ, კაცი ტკივილისგან კვდებოდა, ახლობელ გოგონას, ნინო შათირიშვილს დედამისის სახელზე გამოუძახია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და მამუკასთან მიუყვანია. ისევ შენ ხარ, რა გინდა, რას გადაგვეკიდეო, - უთქვამთ და არც ამჯერად წაიყვანეს საავადმყოფოში.

მათი წასვლის შემდეგ, მეგობრებმა წაიყვანეს ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში. თავის ტკივილებს უკვე გულის რევის შეგრძნება დაემატა. ამ სიმპტომების მიუხედავად, ტომოგრაფია მაინც არ გადაუღეს, გადასხმები გაუკეთეს, - ეტყობა, რაღაც ვირუსი შეხვდაო, თუმცა ტკივილი მაინც არ შეჩერდა... თბილისში გადაყვანაზე დავიწყეთ ლაპარაკი, რაზეც მათ გვიპასუხეს, - თავის ტკივილის გამო ჩვენ პაციენტს ვერსად წავიყვანთ, საკუთარი სურვილით, კი ბატონო, წაიყვანეთო... ვერ გავრისკეთ წაყვანა. ისევ მეგობრებმა გადაიყვანეს ახმეტის რაიონული საავადმყოფოდან თელავის რეფერალურში. ექიმს შევხვდი, ქალბატონი იყო და ვთხოვე, -მითხარით, რა გვჭირს-მეთქი -ნუ პანიკობთ, საგანგაშო არაფერია, ტემპერატურაც კარგია და წნევაცო. ჩამომითვალეს, რაც გაუკეთეს და ბოლოს ტომოგრაფიაც მიხსენა, გადავუღეთ უკვე და საშიში არაფერია, ალბათ ვირუსულია, თქვენ თუ გინდათ, წაიყვანეთ თბილისში, მაგრამ საშიშს ვერაფერს ვხედავ, იქ რომ გადავიყვანოთ, რამე ხელჩასაჭიდი ხომ უნდა გვქონდესო... განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია