შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს

შსს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღს ასახელებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვის სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1-ელ იანვარს ასახელებს. მისივე თქმით, კონსულტაციების შედეგად შედგა შეთანხმება, რომ აღნიშნული შეზღუდვა არ იმოქმედებს სპორტულ მანქანებზე და იმ ტიპის ავტომობილებზე, რომელიც ტურისტულ ბიზნესში გამოიყენება.

ამასთან დაკავშირებით ხუციშვილმა განმარტებები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც მთავრობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა.

როგორც შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის, კონსულტაციების შედეგად შეთანხმებული თარიღი 1-ელი იანვარია, რათა იმპორტიორებს "ბიზნესის გადაწყობის" და დაწყებული კონტრაქტების ბოლომდე მიყვანის საშუალება მიეცეთ.

რაც შეეხება მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც მართვის მოწმობებზე 100-ქულიანი სისტემის დაწესებას და საგზაო ადმინისტრაციული ჯარიმების დაგროვებისა და შედეგად, ქულების განულების შემთხვევაში, მართვის მოწმობის გაუქმებას ითვალისწინებს, ამასთან დაკავშირებით ხუციშვილმა განმარტა, რომ მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები იმის შესახებ, რომ მართვის მოწმობის გაუქმების ნაცვლად, მოხდეს მისი გარკვეული ვადით ჩამორთმევა, ხოლო თუკი მძღოლს ჩამორთმეული მოწმობის ვადაზე ადრე დაბრუნების სურვილი ექნება, ასეთ შემთხვევაში ის გამოცდას ჩააბარებს.

გარდა ამისა, როგორც ცნობილია, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები აქციზის განაკვეთის შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი რვა და რვა წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც.

"ამასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართა ფინანსთა სამინისტროსთან. შესაბამისი ცხრილი, რაც წარმოდგენილია, შეიცვლება – კუბადურის მიხედვით, 12 წლის ავტომობილის განბაჟება 70 თეთრი იქნება, 12 წლის ქვევით - 50 თეთრი, ხოლო ხუთი წლიდან ისევ დაიწყებს გაძვირებას. სეგმენტი, რაც იაფი მანქანებისთვის იყო ორიენტირებული, გარკვეული შეღავათებისათვის, გათვალისწინებული იქნება, რათა მოსახლეობისთვის ავტომობილების შეძენა შესაძლებელი იყოს. ჩვენი პრინციპული პოზიციაა, არ მოხდეს ავტოპარკის დაძველება, ამიტომ 12 წლიდან ეტაპობრივად, ხოლო 14 წლიდან კრიტიკულად გაძვირდება ავტომობილების განბაჟება, კუბადურის მიხედვით", - განმარტა შალვა ხუციშვილმა საკომიტეტო მოსმენისას.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ