შექნიან თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" საარჩევნო ბლოკს და რა ფორმატით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია

შექნიან თუ არა "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკელები" საარჩევნო ბლოკს და რა ფორმატით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას კოალიცია

"თავისუფალი დემოკრატები" "რესპუბლიკურ პარტიასთან" საარჩევნო ბლოკის შესაძლო შექმნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა, ორ პარტიას შორის ბლოკის შექმნასთან დაკავშირებით არანაირი კომუნიკაცია არ შემდგარა და არც იგეგმება.

"ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. "რესპუბლიკური პარტია" არის კოალიცია "ქართული ოცნების" ნაწილი. რომც დატოვოს კოალიცია "რესპუბლიკურმა პარტიამ", ჩვენს შორის არანაირი ბლოკი არ შედგება. არანაირი კომუნიკაცია და კონსულტაცია "რესპუბლიკურ პარტიასთან" არც გვაქვს და არც გვექნება საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით. პარტია "თავისუფალი დემოკრატები" მარტო გავა ამ არჩევნებზე",- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პარლამენტში არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული კომიტეტის წევრი დეპუტატები მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ კომიტეტის გადაწყვეტილება არჩევნებში მონაწილეობის საკითხს შეეხება და თავს იკავებენ იმის დაკონკრეტებისგან, გავა თუ არა "რესპუბლიკური პარტია" არჩევნებზე დამოუკიდებლად.

პარტიაში არც იმას აზუსტებენ, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში "რესპუბლიკელები" დატოვებენ თუ არა კოალიციურ უმრავლესობას და დაკავებულ სახელმწიფო თანამდებობებს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი:

""რესპუბლიკელები" არ მსჯელობენ კოალიციიდან გასვლაზე და არც ერთი სამთავრობო თუ საპარლამენტო თანამდებობის პირი არ გეგმავს გადადგომას. საკითხი ეხება მხოლოდ მომავალ არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმატს და ამ საკითხზე პარტიის გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი", - ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

თემას ეხმაურება კიდევ ერთი "რესპუბლიკელი" ლევან ბერძენიშვილი:

""რესპუბლიკური პარტიის" არც ერთი წევრი არც ერთ თანამდებობას არ ტოვებს, ჩვენ საპარლამენტო უმრავლესობას არანაირ პრობლემას არ ვუქმნით – ყველა თავის ადგილზე რჩება. "რესპუბლიკურმა პარტიამ" არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იმსჯელა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თაობაზეც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ის, თუ რატომ არ ვამბობთ დღეს და რატომ ვიტყვით რამდენიმე დღეში, ითქმება მაშინ, როცა ითქმება ინფორმაცია. არაფერია საიდუმლო – მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, მათ შორის ვადასთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა გამოვაცხადოთ აღნიშნული გადაწყვეტილება. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი კოალიციიდან გასვლა და სამთავრობო და საპარლამენტო თანამდებობების დატოვება არ განიხილება", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" ისევ კოალიციის სახით მიიღებს მონაწილეობას თუ ცალ-ცალკე პარტიების სახით, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება კოალიციაში ჯერჯერობით  მიღებული არ არის.

"მე სულ ვამბობდი 2012 წლიდან მოყოლებული, რომ ოდესღაც კოალიცია დაიშლება, ეს არის ნორმალური პროცესი, აქ ტრაგედია არაფერი არ არის. ვფიქრობ, ეს არის დემოკრატიისკენ წინ გადადგმული ნაბიჯი. ცუდი არ იქნება, თუ ყველა პარტია დამოუკიდებლად მიიღებდა მონაწილეობას და მერე უკვე პარლამენტში მივიღოთ გადაწყვეტილება, შეიქმნება თუ არა კოალიცია. ეს ჩემი სუბიექტური მოსაზრებაა, თუმცა ბატონ პრემიერ-მინისტრთან კოალიციურ რეჟიმში ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება", - განაცხადა გუშინ რუსთავში კახა კალაძემ, სადაც "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საოლქო კონფერენცია ჩატარდა.

მმართველ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის თაობაზე კომენტარი გააკეთა უმრავლესობის წევრმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ:

"ტრაგედიას ვერ ვხედავ ვერც იმაში, თუ კოალიცია არსებულ ფორმატში დარჩება და ვერც იმაში, თუკი მასში შემავალი პოლიტიკური ძალები ცალ-ცალკე მოსინჯავენ ძალებს 2016 წლის არჩევნებისთვის", - განაცხადა ბესელიამ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე კომენტარს აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე:

"ჯერჯერობით, დღეის მდგომარეობით იმაზე საუბარი, რომ ვიღაც კოალიციიდან გადის, ზედმეტი და ნაადრევია. "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გასვლაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ საუბარი დავიწყეთ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის ფორმატზე. ზოგს მიაჩნია, რომ მოვლენები ასე განვითარდება, ზოგს მიაჩნია, რომ - ისე. მე ვერაფერზე ვივარაუდებ - არ ვარ ლელა კაკულია და ამ თემებზე ვერ ვიმკითხავებ. ჩვენ გვჭირდება ჩვენი ყველა მეგობრის, კოალიციური პარტნიორების პოზიციის გაცნობა და ჩვენს საკუთარ პოზიციებში ჩამოყალიბება", - განცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი თამაზ მეჭიაური ფიქრობს, რომ თუ "რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში კოალიციისგან ცალკე მიიღებს მონაწილეობას, მოსახლეობისთვის კარგ სურათს მიიღებენ. კითხვაზე, დამოუკიდებლად შეიძლება თუ არა პარტიებმა კენჭი ცალ-ცალკე იყარონ, მეჭიაურმა განაცხადა, რომ ყველაფერი შეიძლება. რაც შეეხება ამ შეთხვევაში შანსებს, მეჭიაური ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" კარგი შანსი ექნება, კოალიციის რიგებში შემავალ სხვა პარტიების შანსებზე კი კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, თუ "რესპუბლიკელები" ცალკე ცდიან საკუთარ ძალებს, რა სურათს მივიღებთ, მეჭიაურმა განაცხადა "მოსახლეობისთვის კარგს".

კოალიციიდან "რესპუბლიკური პარტიის" შესაძლო გასვლის თემაზე კომენტარებს აკეთებენ ასევე ოპოზიციის წევრებიც. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი აცხადებს: "დღეს "ქართული ოცნების" რეპუტაცია არის შელახული. მოლოდინი თავად ამ პარტიაში არის რომ შეიძლება წააგონ არჩევნები, დანარჩენებსაც აქვთ ეს მოლოდინი და რასაკვირველია, პარტიიდან ყველა გარბის. არსებობს ასევე მოლოდინი, რომ თავად ამ პარტიის წევრებმაც დატოვონ ის. მე ამასაც ველოდები. სწორედ ეს ქმნის იმ ვითარებას, რომ რესპუბლიკელებმაც და სხვებმაც შეიძლება დატოვონ კოალიცია და პარტია".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."