თინა ხიდაშელის პირველი კომენტარი მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

თინა ხიდაშელის პირველი კომენტარი მის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გადადგომას არ აპირებს. შესაბამისი კომენტარი ხიდაშელმა მედიასთან საუბარში კოალიცია " ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკური პარტიის" გასვლის შესაძლებლობის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

ხიდაშელის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობების დატოვებას არ აპირებენ არც სხვა "რესპუბლიკელი" მინისტრები.

"ნამდვილად არ ვაპირებ გადადგომას, არც მე და არც ერთი "რესპუბლიკელი" მინისტრი. არც კოალიციიდან წასვლას არ ვგეგმავთ. საერთოდ ცხოვრებაში არაფერია გამორიცხული, მაგრამ ჩვენ არ ვგეგმავთ არც კოალიციიდან წასვლას და არც არანაირი მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღებას.

წინასაარჩევნო პერიოდი იწყება და პარტიები მსჯელობენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმატით და კონფიგურაციით აპირებენ გასვლას. ვფიქრობ ეს სწორი პროცესია", - განაცხადა თინა ხიდაშელმა "რუსთავი 2"-თან საუბარში.

ამასთან, მან "საქართველოს თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაზეც" ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეტევა "გაუგებარი ადამიანების" მიერ ხორციელდება.

"ბრმა უნდა იყო ვერ ხედავდე, რომ მასიურად ხდება შეტევა პირადად თავდაცვის მინისტრზე. პირადად თინა ხიდაშელზე არ არის საუბარი, საუბარია თავდაცვის მინისტრზე შეტევაზე. შეტევა დაწყებულია გაუგებარი პოლიტიკური წარმოშობის ადამიანებისგან (არც მინდა მათი სახელების და გვარების დასახელება), დამთავრებული ამხელა მეზობელი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებით,"-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე დაადასტურა, რომ რეგულარულად აქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან და "არანაირი პრობლემა ამ ურთიერთობას არა აქვს". რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, ხიდაშელის ინფორმაციით, საკითხები შეეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან თემებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."