ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეზე სასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომის გამართვა 10 თებერვალს იყო დაგეგმილი, თუმცა საგამოძიებო ვადა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 31 მარტამდე გაგრძელდა. მაგდა პაპიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ვიდეო: რა ელის დღეს მაგდა პაპიძეს
20 დეკემბერს, დიღმის მასივში ახალგაზრდა მამაკაცისა და არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, შსს-მ 1990 წელს დაბადებული მაგდა პაპიძე იმავე დღეს დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, ამის შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი.
არსებული ინფორმაციით, მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ბრალს არ აღიარებს.