რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

რა შემთხვევაში დატოვებენ "რესპუბლიკელები" სამთავრობო თანამდებობებს

"რესპუბლიკური პარტია" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნული კომიტეტის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ დღეს გააცნო. გადაწყვეტილების შესაბამისად, "რესპუბლიკური პარტია" კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩება. "რესპუბლიკური პარტიის" ეროვნულმა კომიტეტმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის მონაწილეობის ფორმაზე 26–27 მარტს იმსჯელა.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მომავალი არჩევნების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და საკრებულოებში უმრავლესობებიდან რესპუბლიკელების ავტომატურ და დაუყოვნებლივ გასვლას. როგორც პარტია განმარტავს, არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში აღნიშნულ საკითხებს ეტაპობრივად გადაწყვეტენ შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

"• სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო და არავითარ შემთხვევაში - ოკუპანტი ქვეყნის, ადგილობრივი სტალინელების, ანტი-ნატოელებისა და ვიდეო-შანტაჟისტების კოორდინირებული თუ დამთხვეული ულტიმატუმების ფონზე;

• ჩვენი შემდგომი მოქმედებები დამოკიდებული იქნება პარტია "ქართული ოცნების" დაანონსებულ განახლებაზეც. ჩვენ შეიძლება მოვახერხოთ კოალიციური სახელისუფლებო პასუხისმგებლობის კიდევ გარკვეული ვადით ზიდვა პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან და მისი ხედვების შესაბამისად მოქმედ გუნდთან ერთად, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ შევძლებთ თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრა თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადებებით გაგრძელდება;

• შევეცდებით, ჩვენი ნაბიჯების გამო არ გაჩნდეს კითხვები ქვეყნის სტაბილურობისა და ხელისუფლების კურსის თაობაზე, რაც ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შეფერხების ან ნატო-ს სამიტზე მინიმალისტური შედეგის მიღების მიზეზი შეიძლება გახდეს", - აცხადებენ პარტიაში.

"რესპუბლიკელების" განმარტებით, "რესპუბლიკელი" მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული სამთავრობო პროგრამის შესრულებას.

"ამავე პერიოდში პარლამენტში ვითარება პირიქით იქნება - ფრაქცია "რესპუბლიკელები" იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით, გარდა უმრავლესობის ფორმატში წინასწარ შეთანხმებული საკითხებისა", - ნათქვამია "რესპუბლიკური პარტიის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, "რესპუბლიკურ პარტიას" მთავრობაში სამი მინისტრი წარმოადგენს: თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.

ასევე წაიკითხეთ: "რესპუბლიკელი" მინისტრები ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას" - გიორგი კვირიკაშვილი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."