ტრენერთა სკოლა - განვითარების ახალი შესაძლებლობა დამწყები და გამოცდილი ტრენერებისთვის

ტრენერთა სკოლა - განვითარების ახალი შესაძლებლობა დამწყები და გამოცდილი ტრენერებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე ცოტა ხნის წინ, ტრენერთა სკოლა ამოქმედდა. პირველ ეტაპზე, ტრენერთა სკოლაში კურსს გაივლიან პირები, რომელთაც არ გააჩნიათ, ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. უახლოეს მომავალში, რეგისტრაცია გამოცხადდება მათთვის, ვისაც ცენტრთან ან სხვა ტრენინგ პროვაიდერთან ტრენერად მუშაობის 2 წელზე მეტი გამოცდილება აქვს. ამჟამად, ტრენერთა სკოლაში რეგისტრირებული მსმენელების შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს.

კურსები საკმაოდ მრავალფეროვანია. ტრენერთა სკოლის საბაზო კურსებს ცენტრის მიერ შერჩეული გამოცდილი ტრენერები წარუძღვებიან, "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის" კურსებს კი სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები წაიკითხავენ.

რა განასხვავებს ტრენერთა სკოლას საქართველოში მოქმედი ტრენინგ-ცენტრებისგან, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ მსურველები ტრენერთა სკოლაში მოსახვედრად, როგორია კანდიდატის შერჩევის პროცედურები და რაც მთავარია, რა გამოცდილებას შესძენს, პერსპექტივაში რა სარგებელს მოუტანს ტრენერთა სკოლაში კურსის გავლა აპლიკანტს, ამასთან დაკავშირებით, Ambebi.ge-ს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროექტის მენეჯერი ირინა აბულაძე ესაუბრება:

- ცოტა ხნის წინ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ბაზაზე ტრენერთა სკოლა ამოქმედდა. თუ შეიძლება, დეტალურად ვისაუბროთ აღნიშნული საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე. რა განასხვავებს ტრენერთა სკოლას საქართველოში მოქმედი ტრენინგ-ცენტრებისგან?

- ტრენერთა სკოლის კონცეფციაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. სკოლის იდეა იმ მოთხოვნიდან გამომდინარე გაჩნდა, რაც საგანმანათლებლო სფეროში და კერძოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში არსებობს. დადგა საჭიროება, რომ ტრენერთა კონტინგენტს შეემატოს ახალი კადრები, განსაკუთრებით რეგიონებიდან და მოხდეს ტრენერთა გამჭვირვალე და ობიექტური შეფასება, ასევე, ტრენერებს მიეცეს პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. ამ დიდი გამოწვევის დაძლევის მცდელობას მნიშვნელოვან დახმარებას უწევს "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა" და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის "სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების" პროექტის ამოქმედება. პროექტის ფარგლებში მომავალი 3 წლის მანძილზე 18 000 ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, გეოგრაფიის და ინგლისურის მასწავლებელი, საჯარო სკოლის დირექტორი უნდა გადამზადდეს. მნიშვნელოვანია ამ პროფესიული განვითარების აქტივობების არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ ხარისხი. ტრენერთა სკოლის მიზანია გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, მოამზადოს და გადაამზადოს კადრები იმისათვის, რომ მათ ადგილზე მოახდინონ პრიორიტეტულ მიმართულებებში მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების გადამზადება. ვინაიდან პროექტის ბიუჯეტი წინასწარ განსაზღვრულია, პროექტი იმოქმედებს ორი მიმართულებით, ერთი მხრივ, შეირჩევიან გამოცდილების არ მქონე ან ნაკლები გამოცდილების მქონე პირები და გაივლიან საბაზისო კურსს, რომელიც საერთო ჯამში დაახლოებით 80 საკონტაქტო/არასაკონტაქტო საათია, შემდეგ კი კანდიდატები გაივლიან მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის განკუთვნილ სპეციალიზირებულ კურსებს. წარმატებული კანდიდატები ჩაერთვებიან პროექტის მიერ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის შეთავაზებულ კურსების ჩატარებაში. მეორე მხრივ, ისინი, ვისაც აქვს 2 წელზე მეტი ტრენერობის გამოცდილება, საბაზისო კურსის ნაცვლად გაივლიან შესავალ კურსს "მოსწავლეზე ორიენტირებულ საგაკვეთილო პროცესში" და მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთათვის განკუთვნილ სპეციალიზირებულ კურსებს. 2 წელზე მეტი გამოცდილების მქონე ტრენერებს განსხვავებული გზა ექნებათ გადამზადების და სერტიფიცირებისათვის. ყველა შემთხვევაში, კანდიდატს, რომელსაც სურს გახდეს სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროექტის ტრენერი, მიიღებს მონაწილეობას კონკურსში და შერჩევის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ მოიპოვებს ტრენერობის უფლებას. ტრენერთა სკოლის მიერ შეთავაზებული კურსები შემუშავებულია ადგილობრივი და უცხოელი კონსულტანტების მიერ და პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე, პრიორიტეტული მიმართულებებისა და რეგიონებში შერჩეულ კანდიდატებს ცენტრი უფასოდ გადაამზადებს.

- ვინ და რა მიმართულებით უზრუნველყოფს ტრენერთა სკოლაში კურსის მონაწილეების დატრენინგებას?

- ტრენერთა სკოლის საბაზო კურსებს წარუძღვებიან ცენტრის მიერ შერჩეული გამოცდილი ტრენერები, რომლებიც მოახდენენ მსმენელთა შეფასებას და მიიღებენ სერტიფიცირებაში მონაწილეობას. რაც შეეხება, "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის" კურსებს, წაიკითხავენ სკოლის მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. პირველ ეტაპზე მიღება გამოცხადდა ტრენერის გამოცდილების არ მქონე ან ნაკლები გამოცდილების მქონე პირთათვის თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავში. უახლოს მომავალში გამოცხადდება მიღება ტრენერობის 2 წელზე მეტი გამოცდილების მქონე პირთათვის. თუ დადგა ამის საჭიროება, შესაძლოა გაზაფხულზე კიდევ გამოვაცხადოთ მიღება საქართველოს სხვა რეგიონებში ტრენერობის მსურველთათვის.

- რა ტიპის კურსებს სთავაზობს ტრენერთა სკოლა მსურველებს, რა მოდულებს გაივლიან მონაწილეები და რა მიმართულებით საქმიანობის ლეგეტიმაცია ექნებათ კურსდამთავრებულებს?

- კურსები საკმაოდ მრავალფეროვანია, მათ შორის სავალდებულო საბაზისო კურსი ნაკლები გამოცდილების/გამოცდილების არმქონე პირთათვის და შესავალი კურსი "მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი". დასკვნით ეტაპზე, წარმატებული კანდიდატი გაივლის იმ კურსს, რომელი მიმართულებითაც მოიაზრება ის ტრენერად, ეს შეიძლება იყოს ზოგადი პედაგოგიკა და საგნის მეთოდიკა, სკოლის მართვის სხვადასხვა მოდულები.

- ვინ მოიაზრებიან "ტრენერთა სკოლის" მიზნობრივ ჯგუფებში. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ კურსის გავლის მსურველები?

- ვინაიდან ტრენერთა სკოლა პირველ ეტაპზე ფინანსდება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი საერთო მიზნებიდან გამომდინარე, კანდიდატების შერჩევა მოხდება სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის არის განათლება და სამუშაო გამოცდილება, სამუშაოს სპეციფიკა, რომელსაც ამ ეტაპზე ასრულებს კანდიდატი, მოტივაცია, ზოგადი განათლების მიმართულება. უპირატესობა მიენიჭებათ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინგლისურისა და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს. ასევე, ზოგადი განათლების მართვის გამოცდილების მქონე კანდიდატებს. აქვე გასათვალისწინებელია ის, რომ კანდიდატების შერჩევა მოხდება რეგიონული ბალანსის დაცვით. შესაბამისად, ყველა, ვინც აკმაყოფილებს განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმებს, შესაძლოა ვერ მოხვდეს ტრენერთა სკოლის მსმენელად ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის დაფინანსებით.

- როგორია კანდიდატის შერჩევის პროცედურები. ვის შეიძლება მიენიჭოს პრიორიტეტი შერჩევისას? რა ეტაპებს გადიან ტრენერობის მსურველები სკოლაში მოხვედრამდე?

- კანდიდატები რეგისტრირდებიან მითითებულ სისტემაში, გადიან გასაუბრებას და შერჩეული კანდიდატები ერთვებიან ტრენინგებში. ტრენინგის მსვლელობის დროს კანდიდატები ფასდებიან, ასევე გადიან დასკვნით შეფასებას. წარმატებული კანდიდატები გადადიან შემდეგ ეტაპზე პროცესის დასრულებამდე.

- პირველ ეტაპზე ტრენერთა სკოლაში კურსს გაივლიან პირები, რომელთაც არ გააჩნიათ, ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება. თუ იგეგმება სამომოვლოდ რეგისტრაციის გამოაცხადება დანარჩენი სეგმენტისთვის, კერძოდ პირებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ ტრენერობის 2 წელზე მეტი გამოცდილება?

- უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ახალ რეგისტრაციას, მათთვის, ვისაც აქვს ცენტრთან ან სხვა ტრენინგ პროვაიდერთან მუშაობის 2 წელზე მეტი ტრენერობის გამოცდილება.

- სამომავლო პერსპექტივაში, რა არის ის ბენეფიტი, რაც ტრენერთა სკოლის კურსდამთავრებულს ექნება?

- პირველ რიგში, სკოლის მსმენელებს პროფესიული განვითარების საუკეთესო შესაძლებლობა ეძლევათ, ისინი კონკურენტუნარიანები ხდებიან ბაზარზე და რაც მთავარია ტრენერთა კონტინგენტს შემოემატება ბევრი პროფესიონალი რეგიონებიდან.

- თუ შეიძლება, ზოგად ჭრილში რომ შევაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ტრენერთა სკოლის ამოქმედება საგანმანათლებლო სექტორისთვის, საზოგადოებისთვის, რა მიმართულებების გააძლიერებას შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული სასწავლო სივრცის არსებობა?

- თუ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შევხედავთ ამ პროცესს და მის მნიშვნელობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტის დახმარებით, გვეძლევა შესაძლებლობა ასეულობით ადამიანის პროფესიულ განვითარებაზე და ბაზრის მოთხოვნების კვალიფიციური კადრით დაკმაყოფილებაზე ვიზრუნოთ, რაც ხელს შეუწყობს რეგიონულ ჭრილში ადამიანური კაპიტალის განვითარებას კიდევ უფრო ეფექტურად და ეფექტიანად. მომზადებული და გადამზადებული ტრენერები არიან განათლების სფეროს სხვადასხვა ორგანიზაციის თუ მიმართულების წარმომადგენლები, სადაც მათ შეხება აქვთ ასეულობით ადამიანთან და მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კოლეგების პროფესიულ განვითარებას მოახმარენ.

ნატალია დადიანი, AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია