ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე

ჩხრეკა თბილისში 25-მდე მისამართზე, დაკითხული 50 პირი და თანამშრომლობა FBI-სთან - პროკურატურის განცხადება ფარული ჩანაწერების საქმეზე

მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ. ბრიფინგი მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ მამუკა ვასაძემ გამართა:

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გაცნობოთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის მნიშვნელობიდან და სირთულიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ საწყის ეტაპზევე მიმართა აშშ-ს საელჩოს, რათა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ქართული მხარისთვის საგამოძიებო პროცესში დახმარება აღმოეჩინა. კერძოდ, ვინაიდან ხსენებული ვიდეოკადრები, როგორც ცნობილია აიტვირთა ინტერნეტ გვერდებზე - "FACEBOOK"-ზე და "YOUTUBE"-ზე, თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკელ კოლეგებს საექსპერტო და სამართლებრივ დახმარებასთან ერთად, უწყებამ მიმართა საგამოძიებო პროცესში გამოცდილების გაზიარების მიზნით მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტის გამოყოფის თხოვნით. ამერიკულმა მხარემ დახმარების აღმოჩენის სურვილი მიმართვისთანავე გამოთქვა. შესაბამისად, დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და პროკურატურაში შექმნილ სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს აქტიურ კონსულტაციას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მანამდეც გამოძიების საჭიროებებიდან გამომდინარე აშშ-ს კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობა ხორციელდებოდა აქტიურად, დისტანციურ რეჟიმში.

იხილეთ ვიდეო

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით პროკურატურა შეზღუდულია ისაუბროს გამოძიების მიმდინარეობის დეტალებზე, საზოგადოებას გააცნობს მოკლე ინფორმაციას ამ დრომდე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ: შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის მიერ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც პროკურატურის, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებით, ჩატარებულია ორასზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

კერძოდ, საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა; გამოძიებისთვის საინტერესო ობიექტებიდან გამოთხოვილია გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები; მოწმის სახით გამოიკითხა 50-მდე პირი. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოპოვების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში გაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების 16 შუამდგომლობა, რომლის ეფექტურად შესრულების და დაჩქარების მიზნით ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან.

შეგახსენებთ, რომ გამოძიება წარმოებს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ხელყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. იგი მოიცავს ბოლო პერიოდში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და ინტერნეტსივრცეში გავრცელების ფაქტების გამოძიებას. საქართველოს პროკურატურა, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) წარმომადგენლობასთან აქტიური კონსულტაციების რეჟიმში განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად.

საქართველოს მთავარი პროკურატურა გამოჩენილი ძალისხმევისა და გამოძიების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდის საქართველოში ამერიკის საელჩოს და ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI)" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე მთავარი პროკურორის მოადგილემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ