უნდა იცხოვროს თუ არა ახალდაქორწინებულმა წყვილმა მშობლებთან? რა ასაკიდან უნდა გავუშვათ შვილები ცალკე საცხოვრებლად? როდის უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ჩვენს შვილებს თავზე ჭერი ჰქონდეთ? – ეს კითხვები მხოლოდ ჩვენს მკითხველს კი არა, ზოგადად, საზოგადოებას მუდმივად აწუხებს. უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ცოლ-ქმარმა ცალკე უნდა იცხოვროს, ეს გაცილებით უკეთესია ოჯახის სიმყარისთვის და იმისთვის, რომ ახალგაზრდა ოჯახმა ოჯახის პასუხისმგებლობა სრულად იგრძნოს და გააცნობიეროს. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ეს ვერ ხერხდება, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა – ბევრ ახალგაზრდა ოჯახს არ აქვს საშუალება, ცალკე გადავიდეს საცხოვრებლად და იძულებულია, უფროს თაობასთან ერთად გაიყოს ჭერი.
გასულ წლებში ამგვარი ცხოვრების წესი გაცილებით უფრო მისაღები იყო და ნაკლებადაც აპროტესტებდნენ. თუმცა ბოლო დროს მშობლები სულ უფრო აქტიურად ცდილობენ, ისე მოაწყონ ცხოვრება, რომ მათმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ცალკე. თავად ახალგაზრდა თაობაც ახლა სხვაგვარია, გაცილებით უფრო დამოუკიდებელი და მიზანდასახული. უკვე თინეიჯერობის ასაკშიც კი გამოთქვამს ბევრი მოზარდი სურვილს, რომ ცალკე იცხოვროს, დამოუკიდებლად. ევროპასა და ამერიკაში ეს რა ხანია, აღარ არის საკამათო თემა – 18 წლის შემდეგ ახალგაზრდები მარტო გადადიან საცხოვრებლად და ებმებიან ცხოვრებისეულ სირთულეებში. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი სრულფასოვანი მოწიფულობისა და ცხოვრებისეული პასუხისმგებლობების გაცნობიერებისთვის, ეს ძალიან კარგი ნაბიჯია. ასე ადამიანი მთელი ცხოვრება მშობლებზე დამოკიდებული არ რჩება და გაცილებით სწრაფად აცნობიერებს, რა არის რეალური ცხოვრება.
ერთი სიტყვით, დღესდღეობით ბევრი ოჯახი ცდილობს, ჯერ კიდევ მაშინ, როცა შვილები პატარები არიან, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრუნოს მათ მომავალ ბინაზე, დაიჭირონ თადარიგი და ეძებენ სხვადასხვა საშუალებას ამ მიზნის განსახორციელებლად. ვისაც აქვს საშუალება, მარტივად აგვარებს ამ საკითხს, - ყიდულობს ბინას, უძრავ ქონებას, და მშვიდად ელოდება დროს, როცა მისი შვილი გაიზრდება, დაოჯახდება და თავის კერას შექმნის. ხოლო ვისაც არ აქვს საშუალება, მისთვის
ბოლო დროს ბევრი ვარიანტი გამოჩნდა – ახალაშენებულ სახლებში ბინების განვადებით შეძენა.