სპეცოპერაცია ხობის რაიონში - დაჭრილია 35 წლის მამაკაცი

სპეცოპერაცია ხობის რაიონში - დაჭრილია 35 წლის მამაკაცი

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში სამართალდამცველებმა 35 წლის გოგა ჯიშკარიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილის ოჯახის წევრების მტკიცებით, პოლიცია 35 წლის მამაკაცის აყვანას ნარკოდანაშაულის ბრალდებით აპირებდა, რაც არ ჩაუდენია.

"სახლში საგაზაფხულო სამუშაოები გვაქვს დაწყებული, ჩემი შვილიც მუშაობდა. მერე დაურეკეს, მიკროავტობუსს უნდა დახვედროდა ქუთაისიდან მომავალს, მობილური ტელეფონის დამტენი გამოუგზავნა ნათესავმა. უცებ მოვარდნილა პოლიცია და მისი დაკავება სურდათ, ჩემი შვილი გაიქცა და დაჭრეს. პოლიციამ მითხრა ამ საღამოს ტელევიზორში ნახავ შენს შვილს, წამალზე დავიჭირეთო. რა წამალი ხალხო? სიგარეტსაც კი არ ეწეოდა, რა წამალი? ტყუილია. ან როგორ შეიძლება უიარაღო კაცი ასე გაიმეტო და ესროლო. სოფელს მგლები შეესია და მათი მოკვლის უფლებას არ გვაძლევენ და უიარაღო ადამანს ასე უნდა ესროლონ?" - აცხადებს დაჭრილის დედა გულნაზი ჯიშკარიანი.

გოგა ჯიშკარიანი ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ჯიშკარიანი ოპერტიული-საგამოძიებო ღონისძიების დროს დაიჭრა და საქმეზე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ გამოძიება უკვე დაიწყო.

სხვა დეტალებს უწყებაში გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ