"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"

"ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს..." - რატომ არის ალბათობა, რომ სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტში "დამარცხებული საქართველო გამოვიდეს"

მთიან ყარაბაღში სიტუაცია მკვეთრად 2 აპრილს დაიძაბა. სომხეთის და აზერბაიჯანის მხარეებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მთიან ყარაბაღში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად 12 სამხედროა დაღუპული. სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ინფორმაციით კი, დღის განმავლობაში სომხური მხარის დანაკარგი 18 ჯარისკაცს შეადგენს, დაჭრილია 35 ადამიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, GRASS-ის (საქართველოს რეფორმების ასოციაცია) დამფუძნებელი და დირექტორი სერგი კაპანაძე ფეისბუქის პირად გვერდზე მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს ეხმაურება და საქართველოზე კონფლიქტის გავლენაზე წერს:

"ყარაბაღში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. დიდი შანსია, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები დაიწყოს. თუ ომი გაჩაღდა, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს გადაწყვეტილება ექნება მისაღები შემდეგ საკითხებზე:

- ვატარებთ თუ არა რუსეთის ავიაციას ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთის დასახმარებლად?

- ვატარებთ თუ არა რუსეთის სამხედრო კონვოებს გიუმრის ბაზის გასამაგრებლად?

- ვატარებთ თუ არა თურქულ ჯარებს, ან სხვა ტიპის დახმარებას აზერბაიჯანის მიმართულებით?

- თუ ვატარებთ, ფორმალური შეთანხმების, თუ არაფორმალური თანხმობის საფუძველზე?

- ვუხსნით თუ არა ჩვენს პორტებს სომხურ, ან აზერბაიჯანულ მხარეებს სამხედრო და სხვა ტვირთების მისაღებად?

- რა პოზიციას ვიკავებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში ინიცირებულ რეზოლუციებზე?

- ვიღებთ თუ არა ლტოლვილებს და როგორ? რამდენს?

- როგორ ვიქცევით მედიაციის პროცესში? ვის მხარეს ვიჭერთ? ასეთ დროს ნებისმიერი პოზიცია, ან პოზიციის არქონა პოზიციის ქონას ნიშნავს.

- როგორ ვიქცევით ჯავახეთში რუსეთის მიერ აქტივიზირებული ქმედებების შემთხვევაში?

- ჰუმანიტარული დახმარებით ვის ვეხმარებით? რამდენი თანხა გვაქვს ამისთვის გამოყოფილი?

- ვუთმობთ თუ არა ჩვენს ტერიტორიას საერთაშორისო სადამკვირვებლო და სხვა მისიებს, რომლებიც დაინტერესდებიან კონფლიქტში ჩარევით.

- ვახორციელებთ თუ არა მაღალი დონის ვიზიტებს და სად? რა თანმიმდევრობით?

მოკლედ, ღმერთმა ნუ ქნას, ყარაბაღში დიდი ომი დაიწყოს. არ ვიცი ამ ომში გამარჯვებული ვინ იქნება, მაგრამ დამარცხებული რომ საქართველო გამოვიდეს, დიდი ალბათობაა" - წერს სერგი კაპანაძე პოსტში.

ასევე წაიკითხეთ: ბოლო ინფორმაცია მთიან ყარაბაღში მიმდინარე დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილთა შესახებ

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."