29 მარტს, მოსკოვში მიქოიანის ქუჩაზე ე.წ. კანონიერი ქურდი 28 წლის რუსლან გეგეჭკორი დააკავეს. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა პოდმოსკოვიეში ჩატარებული ჩხრეკის დროს გეგეჭკორს 0,7 გრამი მეტადონი აღმოუჩინეს. თუ მას ბრალი დაუმტკიცდება, 3-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
28 წლის ბრალდებული, რომელიც კრიმინალურ სამყაროში ცნობილია, როგორც "რუსლან ზუგდიდსკი", წარსულში ნასამართლევი არ არის. მედიის ინფორმაციით, მისი მამა და ბაბუა ასევე "კანონიერი ქურდები" იყვნენ. უმცროსი გეგეჭკორის მამა 58 წლის რონალდ გეგჭკორია, ბაბუა - ნოე გეგეჭკორი კი გარდაცვლილია. cripo.com.ua-ს ინფორმაციით, დაკავებულის მამა კრიმინალურ სამყაროში გავლენიან ფიგურად ითვლება და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ 28 წლის ვაჟმა 2014 წელს "კანონიერი ქურდის" ტიტული მოიპოვა კვიპროსში გამართულ ე.წ "სხოდკაზე". "რუსლან ზუგდიდსკიმ" დაკითხვის დროს განაცხადა რომ უკრაინის მოქალაქეა, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოსკოვში სტუმრადაა ჩასული. კითხვაზე, მიიჩნევს თუ არა თავს "კანონიერ ქურდად", გეგეჭკორმა პასუხის გაცემა არ ისურვა.