"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა

"შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე" - "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია დატოვა

"ეროვნულმა ფორუმმა" კოალიცია "ქართული ოცნების" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ხვალ პარტიაში გაიმართება სპეციალური ბრიფინგი, სადაც საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის საკითხზე განცხადება გაკეთდება. ბრიფინგი 12.00 საათვისთვის არის დანიშნული.

"ეროვნული ფორუმის" ყრილობამ გადაწყვიტა, რომ კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" საკუთარი ფუნქცია ამოწურა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, კოალიცია დავტოვოთ და არჩევნებში დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ.

კოალიციის დატოვების გადაწყვეტილება საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" გამართულ რიგგარეშე ყრილობაზე იქნა მიღებული. ყრილობის მონაწილე დელეგატებს 2 საკითხზე უნდა გაეცათ პასუხი: უნდა დატოვოს თუ არა "ეროვნულმა ფორუმმა" კოალიციის შემადგენლობა და როგორ უნდა მიიღოს პარტიამ მონაწილეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ყრილობა მედიისთვის დახურულია.

ყრილობის დაწყებისას ჩატარებული ე.წ. სარეიტინგო გამოკითხვის შედეგების მიხედვით, პარტიის წევრთა უმრავლესობა მხარს კოალიციის შემადგენლობიდან გასვლას და არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს. სარეიტინგო კენჭისყრის შედეგები ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევაზ შავიშვილმა გააცნო. ყრილობის ბოლოს კი ჩატარდება კენჭისყრა, სადაც აღნიშნულ თემაზე პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

"წინასწარი მონაცემები ასეთია: 461 დელეგატიდან 360 დელეგატი მხარს არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას უჭერს, 97 - საარჩევნო ბლოკში, ხოლო 4-მა თავი შეიკავა. კოალიციის დატოვებასთან დაკავშირებულ კითხვაზე 342 დელეგატი აფიქსირებს, რომ კოალიციიდან გავდივართ, 117 - ვრჩებით კოალიციაში, 2-მა თავი შეიკავა. ასეთია გამოკითხვის წინასწარი მონაცემები. ამ საკითხებზე ყრილობაზე მიდის კამათი. შემდეგ ჩატარდება ღია კენჭისყრა, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს რევაზ შავიშვილმა.

როგორც ჟურნალისტებს "ეროვნული ფორუმის" ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა - "ჩვენი განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებები, ბუნებრივია, პოლიტიკური კრიზისის საფუძვლად არ უნდა იქცეს". შარტავამ მედიასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნებამდე დარჩენილ დროში მთავრობის, უმრავლესობის მუშაობას ხელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეშალოს. "არჩევნებამდე ჩვენ მშვიდად, წყნარად უნდა მივიდეთ და შევასრულოთ დანაპირები, რაც კოალიციას ჰქონდა. შეთანხმება იყო ოთხწლიანი - არჩევნებიდან არჩევნებამდე, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ეტაპობრივ ჩანაცვლებას და ერთპარტიული პოლიტიკური სივრცის მრავალპარტიული შეჯიბრის არენად გადაქცევას", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას კახა შარტავაემ.

"ეროვნული ფორუმის" კიდევ ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კი მედიას განუცხადა, რომ თუკი "ეროვნული ფორუმის" ყრილობა კოალიციიდან და საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლას გადაწყვეტს, იგი პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტს დატოვებს."ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო უმრავლესობაში ყოფნა არის ტექნიკური საკითხი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ ეს არ არის სტრატეგიული თემა, ეს უფრო ტაქტიკის საკითხია. კოალიციიდან გასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ლოგიკა გულისხმობს უმრავლესობიდან გასვლასაც, მაგრამ ჯერ პარტიის წევრებს მოვუსმენ", - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა. მისივე შეფასებით, კოალიცია ფაქტობრივად შენარჩუნებული არ არის და ის მხოლოდ ფორმალურად არსებობს.

"ეროვნულ ფორუმს" მთავრობაში მინისტრები არ ჰყავს, საპარლამენტო უმრავლესობაში კი, 6-კაციანი ფრაქციით არის წარმოდგენილი. პარლამენტის სპიკერატში "ეროვნულ ფორუმს" აქვს 1 ადგილი - პარლამენტის ვიცე-სპიკერია გუბაზ სანიკიძე. ასევე "ეროვნული ფორუმის" წარმომადგენლებს დაკავებული აქვთ პარლამენტის კომიტეტების მოადგილეების პოსტები. "ეროვნული ფორუმის" უმრავლესობის შემადგენლობიდან გასვლა, დღის წესრიგში, სავარაუდოდ, მათ მიერ აღნიშნული თანამდებობების დატოვებას გამოიწვევს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."