"სააგენტო და ავიაკომპანია იღებს მოგებას, თორემ ხალხი წამების მეტს ვერაფერს ნახულობს" - ტურისტული კომპანიების ხაფანგი ტურისტებს?!

"სააგენტო და ავიაკომპანია იღებს მოგებას, თორემ ხალხი წამების მეტს ვერაფერს ნახულობს" - ტურისტული კომპანიების ხაფანგი ტურისტებს?!

ცოტა ხნის წინ, AMBEBI.GE იმის შესახებ წერდა, თუ როგორ აღმოჩნდა ტურისტული სააგენტოდან ისრაელში ტურისტად გაგზავნილი მოქალაქე საემიგრაციო ციხეში. როგორც აღმოჩნდა, ისრაელის საზღვრიდან უკან გამობრუნების შემთხვევები ერთეული არ არის და მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტურისტულ სააგენტოს არ ეხება. მოქალაქეების განცხადებით, პრობლემა ის არის, რომ სააგენტოები ტურისტებს საზღვრიდან შესაძლო უკან გამოშვების და საშინელ პირობებში ყოფნის შესახებ არ აფრთხილებენ.

უჩა ძოწენიძე ძმასთან ერთად ტურისტული კომპანიიდან შობის ტურით ისრაელში, წმინდა მიწის მოსალოცად წავიდა, თუმცა საზღვარს იქით არ შეუშვეს. ძოწენიძის თქმით, მასაც და მის ძმასაც საბუთები სრულ წესრიგში ჰქონდათ, თუმცა საზღვარზე კონტროლის გავლისას, ტურის წევრები საემიგრაციო სამსახურმა დროებით ციხეში გადაიყვანა, სადაც ორი დღე საშინელ პირობებში იყვნენ. "ერთ ადამიანს ტური 855 დოლარი დაგვიჯდა, მაგრამ ფულს ვინ ჩივის, ციხეში ისეთ პირობებში ვიყავით. ეს სააგენტო იმიტომ ავარჩიეთ, რომ დაგვაიმედეს არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ, ყველაფერზე პასუხისმგებლები ვართო. ჩვეულებრივად ჩავფრინდით, თუმცა კონტროლის გავლისას დაგვაკავეს, მიზეზი არ დაუსახელებიათ. იქ ჩასულებს სასტუმროს წარმომადგენელი უნდა დაგვხვედროდა, მაგრამ არავინ დაგვხვდა. სულ 45-მდე ადამიანი ვიქნებოდით, სხვა ტურისტული სააგენტოებიდანაც იყვნენ, არ ვიცი, მგონი ზოგი შეუშვეს, მაგრამ უმეტესობა დაგვაკავეს", - ამბობს უჩა ძოწენიძე.

როგორც დაზარალებული ამბობს, ისრაელში საზღვარზე დაკავებულებმა საქართველოში დარეკეს, რათა სააგენტოდან დახმარება მიეღოთ, თუმცა მისი თქმით, სააგენტოში დაკავებულების ახლობლებს უპასუხეს, რომ მათ პრობლემა არ ჰქონდათ, მოგვიანებით კი კონტაქტიც გაწყვიტეს.

"ციხეში ყველაზე ცუდად ქართველებს ექცეოდნენ. ყველაფერი ჩამოგვართვეს, გვითხრეს, წადით და თქვენს ქვეყანას მოკითხეთო. საქართველოში ჩამოსვლისთანავე მივედით სააგენტოში, თავიდანვე გაფორმებული გვქონდა მათთან ხელშეკრულება, სადაც ერთ-ერთ პუნქტად წერია, რომ სააგენტო ვალდებულია ტურისტს დაწვრილებით აუხსნას იმ ქვეყნის წეს-ჩვეულება და ვითარება, სადაც მიდის. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ 100%-იდან შეიძლება 1% რაღაც მოხდესო, მაგრამ რა მოხდებოდა, არაფერი უთქვამთ. მარტივად იზღვევენ თავს, რომ მიხვალ გეტყვიან, ჩვენ ხომ გითხარითო, მაგრამ კონკრეტულად არ გეუბნებიან, რომ საზღვარზე არ შეგიშვებენ და ა.შ. ხომ შეიძლებოდა, წესიერად გავეფრთხილებინეთ? დარწმუნებული ვარ, ხალხს დღემდე ატყუებენ. ტურისტულით ისრაელში წასვლა არის ხაფანგი, რომელშიც ხალხს ტურისტული სააგენტოები აბამენ, სააგენტო და ავიაკომპანია იღებს მოგებას, თორემ ხალხი წამების მეტს ვერაფერს ნახულობს", - ამბობს უჩა ძოწენიძე.

ჩვენ იმ ტურისტულ კომპანიასაც დავუკავშირდით, რომელსაც ძოწენიძე ადანაშაულებს. ტურისტული კომპანია goodtravel-ის წარმომადგენლის, სალომე გორგოძის თქმით: "იმ რეისზე წასული ყველა უკან დააბრუნეს, ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი იყო მოსული, იცოდნენ, რომ ჩვენგან არანაირი პრობლემა არ იყო, გავატანეთ საბუთები და როგორც ვიცი, საკონსულოში ჩივილს აპირებდნენ. რაც შეეხება ამ კონკრეტულ პიროვნებას, ჩვენ გავაფრთხილეთ, რომ აქ გარანტიას ვერავინ ვერ იძლევა, ნამდვილად ვერ იტყვის ვერავინ, რომ გაფრთხილებით არ გაგვიფრთხილებია. ვერავინ დაასახელებს კონკრეტულ მიზეზს, თუ რის გამო შეიძლება დაებრუნებინათ უკან. ახლა, როცა ვნახეთ, რომ ძალიან ბევრს უკან აბრუნებენ, ისრაელში ტურისტებს აღარ ვუშვებთ. რაც შეეხება თანხების დაბრუნებას, ზუსტად ამიტომ გვაქვს ყველასთან ხელშეკრულება გაფორმებული, რომ თანხა უკან არ ბრუნდება".

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: "ბევრი მიდის ტურისტად, საბოლოოდ სამუშაოდ რჩება" - რატომ დააპატიმრეს ტურისტული კომპანიის გაგზავნილი 15 ქართველი ისრაელის საზღვარზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია