"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში

"ეროვნულმა ფორუმმა" უმრავლესობა დატოვა - ცვლილებები საპარლამენტო სტრუქტურაში

ფრაქცია "ეროვნული ფორუმი" საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა კახა შარტავამ განაცხადა. მისივე თქმით, "ეროვნულმა ფორუმმა" ყველა ვალდებულება შეასრულა.

"პარტიის პოლიტიკური საბჭო, ფრაქცია და წარმომადგენლები ადგილობრივ თვითმმართველობებში შეუწყობენ ხელს არსებული ხელისუფლების სტაბილურობას მომავალ არჩევნებამდე", - განაცხადა შარტავამ.

ამასთან, "ფორუმის" საპარლამენტო სიის სათავეში კახა შარტავა იქნება.

"ყრილობის გადაწყვეტილებით და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების შესაბამისად არჩევნებისათვის მზადების პროცესის საერთო პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამევალა მე. აქედან გამომდინარე, მომავალი პარტიული საპარლამენტო სიის სათავეში ყოფნა დამევალა მე. მიუხედავად ჩემი განსხვავებული დამოკიდებულებისა ამ საკითხისადმი და განსხვავებული უარყოფითი მოსაზრებისა, გამომდინარე ვითარებიდან, მე ამ ორივე ვალდებულებას შევასრულებ ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში", - განაცხადა შარტავამ.

გარდა ამისა, "ფორუმის" წევრები პარლამენტში თანამდებობებსაც ტოვებენ.

"მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, "ეროვნული ფორუმი" ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები - შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

საპარლამენტო უმრავლესობა აქამდე სულ 7 ფრაქციის და ჯამში 88 წევრისგან შედგებოდა, მათ შორისაა როგორც კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ფრაქციები, ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული მაჟორიტარების ორი ფრაქცია.

”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება.

ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.

შეგახსენებთ, გუშინ პარტიის მიერ გამართულ ყრილობაზე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმი" არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."