"გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

 "გეძლევათ კურთხევა, ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი" - ილია მეორის ქადაგება ხარების დღესასწაულზე

დღევანდელ დღეს ყოველი ადამიანი სიხარულის მახარებელი უნდა იყოს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხარების დღესასწაულზე სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.

კათოლიკოს-პატრიარქმა სრულიად საქართველოს დღევანდელი დღე მიულოცა. უწმინდესის თქმით, მთელი მართლმადიდებლობა დღეს ღვთისმშობლის ხარების დღესასწაულს ზეიმობს და ეს დღე განსაკუთრებული დღეა. "როგორც ამბობენ ჩვენი წინაპრები, იმდენად დიდია ხარების დღესასწაული, რომ ამ დღეს ჩიტი ბუდესაც არ იკეთებს და ადიდებს უფალს. ჩვენ ვადიდებთ უფალს და მადლობას ვწირავთ მას, მოგვმადლოს წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული", – განაცხადა უწმინდესმა.

"დღევანდელი დღე ჩვენ შთაგვაგონებს იმას, რომ ყოველი ადამიანი უნდა იყოს მახარებელი. აი, გეძლევათ თქვენ ლოცვა-კურთხევა, რომ ადამიანებს უთხრათ სასიხარულო ამბავი, არა სამწუხარო და არა ნეგატიური, როგორც ჩვენი ტელევიზიები სულ ნეგატიურს გადმოსცემენ და ეს ქმნის სიმძიმეს, სტრესებს, თითქმის არ გადის დღე, რომ არ მოვიდნენ ჩვენთან და არ თქვან, რომ ამა თუ იმ ადამიანმა თავი მოიკლა. სიხარული უნდა ვახაროთ ადამიანებს, ჩავიხედოთ ადამიანის გულში", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა ქადაგებისას დალოცა რუსები, აფხაზები, ოსები და ტაძარში მყოფი სხვა ეროვნების წარმომადგენლები და აღნიშნა, რომ მათაც ულოცავს ამ დღესასწაულს. "თქვენ ისეთივე ჩვენი სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად, ამოვუდგეთ ერთმანეთს მხარში", - განაცხადა უწმინდესმა.

დღეს სვეტიცხოვლის ტაძარში ასევე ითქვა, რომ ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით სამი ჯარი ეკურთხა, რომელიც აღდგომის მესამე კვირამდე სვეტიცხოველში დარჩება, შემდეგ კი გადაბრძანდება ჯვარზე, მცხეთის მთაზე და უჯარმაში. დღეს სასულიერო პირები ასევე მცხეთის ქუჩებში გავლენ და ქუჩებს აკურთხებენ.

წაიკითხეთ: დღეს ხარებაა! - რა უნდა ვიცოდეთ ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის შესახებ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია