როგორ ეხმარება სახელმწიფო 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულებს

როგორ ეხმარება სახელმწიფო 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულებს

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის დროს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისას დაიღუპა 21 ადამიანი. ასობით ადამიანი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ აქციის მონაწილეებს რუსი ჯარისკაცები ქიმიური საშუალებებით, სასანგრე ბარებით, ცეცხლსასროლი იარაღით, ჯავშანტრანსპორტიორებითა და ტანკებით დაუპირისპირდნენ. დაღუპულთა შორის ორი არასრულწლოვანი გოგონა და ერთი ორსული ქალი იყო.

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის მიერ გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით უამრავი ადამიანი მოიწამლა. მოგვიანებით დადებული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ეს მომწამვლელი ნივთიერება იყო ქლორპიკრინი, "სი-ესთან" და ქლორაცეტაფენონთან ერთად. ქლორპიკრინი არის ნივთიერება, რომელიც მსოფლიოში დღეს მკაცრადაა აკრძალული საომარი მოქმედებებისას და შეტანილია მასობრივი განადგურების იარაღის ნუსხაში. მისი გამოყენება არც საბჭოთა კავშირში იყო დაშვებული.

დღეს 9 აპრილს დაზარალებულები სახელმწიფოსგან ყოველთვიურად 22 ან 44 ლარს იღებენ. მათ უკვე წლებია შეუწყდათ სხვა სახის სოციალური დახმარება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს კანონით განსაზღვრულია შემწეობის მიმღებთა სამი კატეგორია: დაღუპულთა ოჯახის წევრები, შშმ პირები და დაზარალებულები.

დახმარების მიმღებთა სიაში დღეს სულ 510 ადამიანი ირიცხება. მათ შორის, 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრთათვის და დაინვალიდებულთათვის - 44, ხოლო მოწამლულთათვის 22 ლარია განკუთვნილი. კანონი, სხვა სოციალური პაკეტებით დახმარების შესახებ, 2005 წლიდან აღარ მოქმედებს.

"კანონის შესაბამისად, 9 აპრილს დაზარალებულები იღებენ ასაკით პენსიას და საყოფაცხოვრებო სუბსიდიას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შშმ პირები არიან - სოციალურ პაკეტს,"- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამ ეტაპზე სოციალურ პაკეტში სხვა სახის ცვლილებები გათვალისწინებული არ არის.

როგორც "9 აპრილის ფონდის" ვიცე-პრეზიდენტი ვაჟა მამულაშვილი ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, დაზარალებულები 2006 წლამდე საქართველოს ნებისმიერ კურორტზე 24-დღიანი უფასო საგზურით, დენისა და გაზის გადასახადის შეღავათებითა და უფასო ტრანსპორტით სარგებლობდნენ, თუმცა ამ ტიპის სოციალური პაკეტი წლებია, აღარ მოქმედებს და დაზარალებულები დღეს პენსიასთან ერთად მხოლოდ 22 ან 44 ლარიან დანამატს იღებენ.

"ჩვენ არაერთხელ მივმართეთ მთავრობას 1999 წლის 30 აპრილის დადგენილებით გათვალისწინებული შეღავათების აღდგენის მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ,"- აღნიშნავს 9 აპრილს დაზარალებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია