გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში

გიგი დედალამაზიშვილის ემოციური სიტყვა და რუსი მსმენელის წუთიერი დუმილი 9 აპრილს - რა მოხდა მგზავრების კონცერტზე პეტერბურგში

9 აპრილს პეტერბურგის კლუბ "A2 Green Concert"-ში ჯგუფი "მგზავრების" კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაანონსებას ქართულ საზოგადოებაში ბიჭების კრიტიკა მოჰყვა - "მგზავრებს" თბილისში 9 აპრილის მიტინგის სისხლიანი დარბევის შემოქმედებისთვის სიმღერაში ადანაშაულებდნენ. 2016 წლის 9 აპრილს 27 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიამ თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია. დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა. სწორედ ამის გათვალისწინებით, ქართულ სოციალურ ქსელში "მგზავრების" კონცერტს უარყოფითი კომენტარები მოჰყვა.

ახლახანს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია მომენტი "მგზავრების" კონცერტიდან, როცა ჯგუფის სოლისტმა 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნისათვის რუს მსმენელს წუთიერი დუმილით პატივის მიგება სთხოვა. გიგი დედალამაზიშვილმა რუსულ ენაზე ამ სიტყვებით მიმართა მსმენელს:

იხილეთ ვიდეო კონცერტიდან

"ჩვენთვის ეს თარიღი ძალიან ბევრს ნიშნავს. თქვენ ალბათ არ იცით, მაგრამ... ძალიან ვნერვიულობ, მაპატიეთ. საქართველოს ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი დღეა. 1989 წელს აპრილის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამოსვლები დაიწყო და მთელი ჩემი ოჯახი მაშინ იქ იყო. ჩემი და ამ ბიჭების ოჯახები. 8 აპრილს, საღამოს ხალხს უთხრეს, რომ მოვიდოდა არმია და მათ დაშლიდნენ. ხალხი არ წავიდა, დარჩა... ბევრი ადამიანი დაიღუპა მაშინ. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეისთვის, რომელიც ჩვენ რამდენიმე წელიწადში მართლაც მოვიპოვეთ. დღეს ეს დღეა, 27 წელი გავიდა. მე დღეს 30 წლის ვარ, მაშინ სულ 3 წლის ვიყავი. მეგობრებო, გთხოვთ წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივისცემა იმ ადამიანების ხსოვნას, გავუგზავნოთ ჩვენი სიყვარული თბილისს, საქართველოს" - ამ სიტყვებზე მთელი დარბაზი წუთით გაჩუმდა, მაყურებლებში საქართველოს დროშაც ფრიალებდა.

წაიკითხეთ: პეტერბურგში "მგზავრების" კონცერტზე გიგი დედალამაზიშვილის სიტყვით გამოსვლას "ფეისბუქში" აქტიურად განიხილავენ

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია