"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

"...მას ამ სიყვარულში გაუსკდა გული" - კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

დღეს, 11 აპრილს კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მსახიობი გასულ წელს მოსკოვში, ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა, სადაც სასტუმროს ნომერში იპოვეს გარდაცვლილი. სამედიცინო დასკვნის თანახმად, 35 წლის მსახიობი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ადამიანებს, ვინც კოტეს იცნობდა, უჭირთ იმასთან შეგუება, რომ ის მათ გვერდით აღარ არის... როგორი იყო კოტეს გარეშე განვლილი ერთი წელიწადი, ამაზე AMBEBI.GE-სთან მსახიობის მეგობრები საუბრობენ.

დიმიტრი ხვთისიაშვილი, მოზარდმაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი, კოტე თოლორდავას პედაგოგი: - მთელი უბედურება და სიმძიმე საკითხის ის არის, რომ ამ ქვეყნიდან ახალგაზრდა ნიჭიერი მსახიობი წავიდა, თორემ კარგად მოგეხსენებათ, ბევრი მნიშვნელოვანი მსახიობი წასულა ამ ქვეყნიდან, თეატრიდანაც და თეატრს მუშაობა არ შეუწყვეტია. მაგრამ როდესაც ადამიანი მიდის, მიდის თავისი ფერით, სიღრმით, ნიჭიერებით, უშუალოდ, მისთვის განკუთვნილი ადგილით, რომლის ამოვსება ძალიან ძნელია, მაქვს იმის იმედი, რომ მოვლენ ნიჭიერები, მეტად ნიჭიერებიც, მაგრამ კოტეს თავისი განუმეორებელი ადგილი ჰქონდა, ის ვერ შეივსო და ვერც შეივსება. სწორედ ამით არის გამორჩეული ნიჭისა და ხიბლის მქონე ადამიანი, რომელიც ამ სამყაროს ტოვებს.

- ასე ტრაგიკულად თქვენი თეატრიდან მგონი, არავინ წასულა...

- დიახ, ასეთი ტრაგედია მოზარდმაყურებელთა თეატრის 90-წლანი ისტორიის მანძილზე მეორე არც მახსენდება. როდესაც ახალგაზრდა არტისტმა დატოვა ცხოვრება, რაც საერთო სურათს კიდევ უფრო ამძიმებს. ამას ემატება ისიც, რომ მისი პედაგოგი ვიყავი, რაც ჩემი პირადი, ცალკე სიმძიმეა... იმ მომენტში, როდესაც ეს უბედურება მოხდა, კოტესთან მუშაობა მონოსპექტაკლზე მქონდა დაწყებული, ასევე ნიჭიერი ადამიანის, თამაზ ბაძაღუას პიესაზე (ისიც ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა). კოტე ამ სამუშაოთი ატაცებული იყო. სულ მეუბნებოდა, მითანხმებდა, იმ გადაღებებს რომ მოვრჩები (იცით, რომ ის მოსკოვში ფილმის გადაღებაზე ყოფნისას დაიღუპა), მერე სპექტაკლს ჩავუჯდეთ, სათამაშო პიესა არ არისო. კმაყოფილი იყო, რომ ამ სირთულის და სიმძიმის სამუშაო მიიღო, რომელიც ჩვენთან, ექსპეტიმენტულ სივრცეში უნდა დადგმულიყო...

იხილეთ ვიდეო: ეძღვნება კოტე თოლორდავას ხსოვნას - ემოციური კლიპი, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ, თქვენ ეს სპექტაკლი მაინც დადგით და ის კოტე თოლორდვას ხსოვნას მიუძღვენით.

- მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა ამ წარმოდგენაზე მუშაობა, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე ეს სპექტაკლი უკვე სხვა მსახიობთან ერთად გავაკეთე. ნიკა ფაიქრიძე, გარდა მისი თვისებებისა, იმ თვალსაზრისითაც გამოვარჩიე, რომ თეატრში ახალმოსულს, კოტე პირველივე სპექტაკლში - "რომეო და ჯულიეტა" შეხვდა. მათ შორის სრულიად განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ამის გამო ნიკუშას ამ წარმოდგენაზე მუშაობა მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებდა. 11 აპრილს კოტეს გარდაცვალების დღეს, გარდა იმისა, რომ თეატრი, ოჯახის წევრებთან ერთად საფლავზე გავალთ, მოვიგონებთ, ექსპერიმენტულ სივრცეში ვითამაშებთ ამ სპექტაკლს "ღამე და თუთიყუში". მოკლედ, კიდევ ერთხელ შევიკრიბებით და კიდევ ერთხელ დავფიქრებით იმ დიდ ტრაგედიაზე, რაც შარშან, 11 აპრილს მოხდა.

ყველფერი, რაც კოტეს გარდაცვალების შემდეგ კეთდება, მას ვერ გააცოცხლებს, მაგრამ მას ეზრდება შვილები და მეოთხე შვილი, რომელიც სწორედ კოტეს გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა... თუ იმ სამ შვილთან მას ურთიერთობა ჰქონდა (რამდენადაც ვიცი, პატარა ბიჭუნა დღემდე ელოდება მამას), ახალშობილმა გოგონამ არ იცის, ვინ იყო მამამისი. ამიტომ, ვალდებულები ვართ, ყველაზე მეტად ვიზრუნოთ იმაზე, რომ შვილებს კოტე შევუნარჩუნოთ ისეთი, როგორიც რეალურად იყო, რათა იამაყონ, რომ ჰყავდათ ასეთი მამა.

მერაბ ჭიქაძე, მსახიობი, კოტეს მეგობარი: -არასოდეს მეყოფა უნარი, რომ კოტეს ყველაზე მთავარ და დადებით თვისებებზე ვილაპარაკო. მის უდიდეს მნიშველობას, როგორც მეგობრის, ადამიანის მის სიცოცხლეშივე ვგრძნობდი. ჩემთვის ბევრ რაღაცაში მაგალითი იყო. კოტეს გარდაცვალების შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი, ყველა სიტყვა მახსენდება, თუკი რამეზე უსაუბრია... არ მახსოვს, რაიმე პირადზე ელაპარაკა, ან რაიმე ნეგატივზე, ან უხასიათოდ ყოფილიყო, სახეზე მუდმივად ღიმილი ჰქონდა, სიცოცხლით სავსე იყო და საშინლად შეყვარებული. ადრეც ვთქვი, რომ მისმა პროფესიის მიმართ უდიდესმა სიყვარულმა განაპირობა და დააჩქარა მისი გარდაცვალებაც, რადგანაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა და ამასთან, უზომოდ იყო თეატრზე შეყვარებული.

იხილეთ ვიდეო: კოტე თოლორდავას გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე ჩაწერილი ბოლო გადაცემა

გადაღებებზე რუსეთში იყო და შუალედში იმის გამო ჩამოფრინდა, რომ აქ სპექტაკლი ეთამაშა. ამის გამო 2 დღეში 2-ჯერ მოუწია ფრენამ. მერე იქ -40 გრადუს ყინვასა და საოცარ რეჟიმში მუშაობდა. შემიძლია ვთქვა, რომ 35 წლის ახალგაზრდა კაცმა თავი პროფესიას შესწირა. არადა, სწორედ მაშინ, როცა მის შემოქმედებით ცხოვრებაში სერიოზული ეტაპი უნდა დაწყებულიყო არა მხოლოდ საქართველოში, კულტურული თვალსაზრისით, საერთაშორისო მასშტაბით. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ დასრულდა მისი ცხოვრება.

მეც მსახიობი ვარ, ერთად ვისწავლეთ და დავეუფლეთ ამ პროფესიას, მაგრამ ვაღიარებ, რომ ასეთი შეყვარებული, როგორიც კოტე იყო, მე ჩემს პროფესიაზე არ ვყოფილვარ, განსაკუთრებით თეატრზე... ჰოდა, ამ სიყვარულში მას გული გაუსკდა. ისიც იცით, რომ ბევრი პრობლემა ჰქონდა და უნდოდა, მსახიობის დაცვის გილდია, თუ ორგანიზაცია ჩამოეყალიბებინა, რაც ვერ მოასწრო. ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ეს იდეა მე განვახორციელო. მსახიობობა თავგანწირული პროფესიაა, ეს ადამიანები ყველაფერს სწირავენ, მათ შორის ჯანმრთელობასაც, მაგრამ სათანადო ყურადღება და პატივისცემა არ აქვთ, აქ აპლოდისმენეტებს არ ვგულისხმობ...

კოტეც მთელი დღეების განმავლობაში დარბოდა: ახმოვანებდა, თეატრში იყო, სხვა არაფერი გაუკეთებია, ვერც გააკეთებდა, რადგან ნიჭიერმა მსახიობმა სხვა არაფერი იცოდა...

- როგორ არიან კოტეს ოჯახის წევრები?

- კოტეს დედა მეორეჯერ მოხვდა საავადმყოფოში, მას ჯანმთელობის პრობლემები ისედაც ჰქონდა, მაგრამ ამ საშინელმა ფაქტმა დააჩქარა ეს პრობლემები. ამ შესანიშნავმა ქალბატონმა ერთი წლით ადრე ქმარი დაკარგა და მერე ერთადერთი შვილი. არადა, ისეთი ოჯახი იყო, სადაც ერთმანეთის რაღაც სხვა სიყვარული ჰქონდათ... ასეთივე ურთიერთობა ჰქონდა მეუღლესთან, - ოჯახში იყო ემოცია, ჯანსაღი კამათი პროფესიაზე, ჯანმრთელობის გაფრთხილებაზე, ხმაური, აქტიურობა, მოძრაობა... მათ დღეს კოტეს გარეშე უჭირთ...

ვამაყობ, რომ კოტე თოლორდავას მეგობარი ვარ და მათ ოჯახში ერთ ჩვეულებრივ, თავმდაბლურ, რიგით წევრად ვითვლები. რაც მან ვერ გააკეთა, ალბათ მომეცემა საშუალება, კოტეს მეგობრებთან, შესანიშნავ ჯგუფთან, კლასელებთან, ახლობლებთან, ბავშვობის მეგობრებთან განვახორციელო. ბედნიერია ყველა ის ადამიანი, ვისაც მასთან ერთი წამითაც კი ჰქონდა ურთიერთობა. კოტეს დედას კარგად ყოფნას ვუსურვებ, მის მეუღლესა და შვილებს კი საუკეთესო მომავალს. დიდი მადლობა ყველას: ჟურნალისტს, მეზობელს, მუშას, დამლაგებელს, პროფესორს, მეცნიერს, პოლიტიკოსს, ბიზნესმენს, ვინც ეს არტისტი კაცი დააფასა, ახსოვს და ემახსოვრება. კოტე თოლორდავას დავიწყების შანსი არ არსებობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხისა და საზოგადოების თანადგომით, მის ოჯახთან არსებული პრობლემები გადავლახეთ. პრობლემა მთლიანად მოიხსნა. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას!  იხილეთ ვიდეო: წითელი ვარდი კოტე თოლორდავას საფლავზე მეუღლისგან - მსახიობის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

One year without famous Georgian actor Kote Tolordava

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია