როგორ აფასებენ პოლიტიკოსები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ განკარგულებას

როგორ აფასებენ პოლიტიკოსები არჩევნების თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტის ახალ განკარგულებას

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას მაისის დასაწყისში გამოსცემს. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ ის დაარწმუნა, რომ არჩევნების 60 დღემდე ადრე გამოცხადება ქვეყანას ფინანსურად დაანგრევდა, თუმცა ”აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება ის უფრო ადრეც დაინიშნოს”.

”რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ბერძენიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ”შექმნილი პოლიტიკური ვითარების არაადეკვატურად” აფასებს.

”პრეზიდენტის განცხადება, რომ რადგან ახლა მას უნდა და არ დათანხმდნენ, მაშინ მაისში გამოსცემს აქტს - ღიმილისმომგვრელია, რადგან თუ მაისში გამოცემულ აქტს პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს ანუ თუ არ მოხდება კონტრასიგნაცია, რა სიტყვაც ახლა ძალიან პოპულარულია, მაშინ უკვე პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება ახალი განკარგულება მინიმუმ 6 თვის ვადაში გამოსცეს. პრეზიდენტის ფუჭი, ყალბი გასროლა ვის ემუქრება, მაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის შექმნილი პოლიტიკური ვითარების ადეკვატური”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიხეილ მაჭავარიანმა.

მაჭავარიანის თქმით, გამოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და მთავრობა ხალხზე არ ზრუნავს.

„ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის, რადგან ასეთ გადაწყვეტილებას კვირიკაშვილი არ მიიღებდა ივანიშვილის გარეშე. კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ არც პრეზიდენტი და არც მთავრობა არ ზრუნავს ხალხზე. დაინიშნა არჩევნები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მთავრობა მისთვის ცუდ მდგომარეობაში დგებოდა ამიტომ დაიწყო ეს კატა-თაგვობანა. საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილებაც იმიტომ კი არ არის ნაკარნახევი, რომ ქართველ ხალხზე ზრუნავს, არამედ ნაკარნახევია, რომ თავისი გაიტანოს და გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი. ამ დაპირისპირებით ჩვენმა მოქალაქეებმა არაფერი არ მოიგეს, ეს არის პოლიტიკური კეკლუცობა“, - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

უმრავლესობის დეპუტატის, ომარ ნიშნიანიძის თქმით კი, არჩევნებთან დაკავშირებით ერთმანეთის ჯიბრზე საქმის გადაწყვეტა ქვეყანას არ წაადგება.

,,მე მგონი პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უკეთესად იცის რამდენი აქვს და რა შესაძლებლობები. ამიტომ მე გამართლებულად მიმაჩნდა, რომ საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერმა თავისი მოსაზრება ნათლად დააფიქსირა. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას“, -განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა არჩევნების ადმინისტირების დაფინანსების ნაწილში მთავრობას შეეხიდოს. შესაბამისი კომენტარი პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას ცოტა ხნის წინ მას შემდეგ გააკეთა, რაც აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ახალ აქტს მაისის დასაწყისში გამოსცემს.

”რაც შეეხება იმ დოკუმენტს, რომელიც მთავრობასთან სიტყვა-სიტყვით იყო შეთანხმებული და რომელსაც დღეს ხელი არ მოეწერა - მინდა მოგახსენოთ, რომ ეს დოკუმენტი გამოვეცი იმდენად, რამდენადაც დამარწმუნა საქართველოს მთავრობამ, რომ 60 დღეზე ადრე არჩევნების დანიშვნა იქნებოდა ფინანსურად დამანგრეველი. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თურმე შეიძლება უფრო ადრეც დაინიშნოს. შესაბამისად მაისის დასაწყისში მე გამოვცემ აქტს, სადაც იქნება ერთი წინადადება არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს იქნება დადებითი, რადგან 5 თვით ადრე დავიწყებთ საარჩევნო კამპანიას, ეს იქნება დადებითი საარჩევნო გარემოსთვისაც, ხოლო თუ კიდევ რაიმე კითხვა იქნება ფინანსური, მე მზად ვარ შევეხიდო მთავრობას ამ არჩევნების ადმინისტრირების დაფინანსების ნაწილში ჩემი ფონდიდან”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის პასუხი პრემიერს: მარგველაშვილმა კვირიკაშვილის მიმართვა არ გაითვალისწინა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."