აჭარის ტურისტულ პოტენციალს ინფო ტურის ფარგლებში ბელორუსი ტურ სააგენტოები ეცნობიან. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, ტურიზმის დეპარტამეტში აჭარის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
მათივე ინფორმაციით, დღესვე ინფო ტურის მონაწილეები შეხვდნენ აჭარაში მოქმედი ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს. ორმხრივ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ბათუმის ღირსშესანიშნაოებებს დაათვალიერებენ, რეგიონის სასტურმო პოტენციალს გაეცნობიან, ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, სადაც აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოს დააგემოვნებენ. გარდა ტურისტული სააგენტოებისა, ინფო ტურში იმყოფება ბელორუსში წამყვანი გაზეთის „არგუმენტი და ფაქტების“ ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, რომლებიც აჭარასა და ზოგადად საქართველოს შესახებ სტატიებს გამოაქვეყნებენ და ბელორუსში ფოტო გამოფენას მოაწყობენ. ინფო ტურის მონაწილეები აჭარას 17 აპრილს დატოვებენ.
ბელარუსი ტურსააგენტოები ბათუმს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით ესტუმრნენ. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტისას ტურ-ოპერატორებმა თბილისი, კახეთი, მცხეთა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერეს.
აჭარის მიმართ ბელარუსი ტურისტული სააგენტოებისა და ვიზიტორების ინტერესი გაზრდილია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბელარუსში პიარ და მარკეტინგულ კამპანიებს მეოთხე წელია ახორციელებს. გასულ წელს რეგიონში შემოსული ბელარუსი ვიზიტორების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,7 % პროცენტითაა გაზრდილი.