ბათუმში მცხოვრები 17 წლის მარიამ ტრაპაიძე მეოთხე წელია სკოლაში ვეღარ დადის. ის ჯანმრთელობის პრობლემების მქონე დედას უვლის. დედა-შვილი ბარაკის ტიპის ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ოთახში შესულს გგონია, რომ სახლის ნაცვლად, ხელნაკეთი ნივთების მუზეუმში ხარ. 12 კვადრატული მეტრის ბარაკის კედლები ტილოსა და ქვაზე ნახატებით არის მორთული, მოხატულია კარადები, სავარძელი, სკივრი, ტახტი, ჭურჭელი და სხვა საოჯახო ნივთები. სივიწროვის მიუხედავად, მათი საცხოვრებელი სხვა სამყაროში მოგზაურობისა და სიმშვიდის საშუალებას გაძლევს. ყველაფერი სუფთაა და განსაკუთრებული მზრუნველობით შექმინილი.
დედა-შვილი კეთილი ადამიანების დახმარებით ცხოვრობს და ამჯერადაც, იმედი აქვთ, რომ ჩვენი მკითხველი მათ გასაჭირს გულთან ახლოს მიიტანს.
47 წლის ირმა ტრაპაიძემ და 17 წლის მარიამ ტრაპაიძემ Ambebi.ge-ს მათი პრობლემების შესახებ უამბეს. ინტერვიუს ჩაწერის დროს შვილმა დედას რამდენჯერმე სთხოვა, არ ეტირა.
17 წლის მარიამი:
ყოველი დღე ისეთია... როგორ გითხრათ - მძიმე. იღვიძებ და იწყებ ფიქრს, დედას რა აჭამო, როგორ იყიდო პროდუქტი. შაქრის მაჩვენებელი 500-მდე უწევს ხოლმე. დიეტური საკვების საშუალება არ არის, ვერ ვუვლით დედას დაავადებას, მხოლოდ ინსულინი არ შველის, კვებაც მნიშვნელოვანია. შუქი ბევრჯერ გაგვითიშეს გადაუხდელობის გამო. ძლიერი წვიმების დროს წყალი შემოდის. ამ ოთახიდან გამოსახლების საშიშროებაც იყო, ვერ ვიხდიდით ქირას. დანა და ჩანგლებიც გავყიდე...
დედა:
ცხრა წლის წინ მე და ჩემმა ქმარმა ბანკის ვალის გამო სახლი დავკარგეთ. შემდეგ ოჯახიც დამენგრა. მძიმედ ავად ვიყავი და სავარაუდოდ, ამის გამოც, ჩემმა ქმარმა ვეღარ გაუძლო და დავშორდით. 8 წლის იყო ჩემი შვილი, როცა ჩემზე მზრუნველობა მოუწია. შაქრიანი დიაბეტი მაქვს, ვენური უკმარისობა და გულის პაროქსიზმი მაწუხებს. ხუთი წუთი რომ ვიარო, ფეხი სივდება და დგომა აღარ შემიძლია. თითქმის ყოველ მეორე დღეს სასწრაფო მოდის ჩვენთან. ყველაზე მეტად დაზარალებული მარიამია, ძალიან ბევრი უწევს, ამ ასაკში დიდი დატვირთვა აქვს და სკოლაშიც ვერ დადის.
მარიამი:
90 „არას“ რომ მიუახლოვდა, მასწავლებლები მირეკავენ, რომ მოსწავლის სტატუსის შეწყვეტისა და გარიცხვის საშიშროება შეიძლება შემექმნას. თვეში ან ორ თვეში ერთხელ ნახევარი საათით მივდივარ გაკვეთილზე, მაგრამ ამ დროსაც ვერ ვტოვებ დედიკოს მარტო. მის ამხანაგს ვურეკავ, რომ მოვიდეს და ცოტა ხნით დარჩეს მასთან. სანამ სკოლაში დავდიოდი, სულ სიგელები მქონდა და ამ დრომდე ალბათ მომყვება ის „დამსახურებები“, მასწავლებლებმაც იციან ჩემი მდგომარეობა და ხელს მიწყობენ. სახლში ვმეცადინეობ და მეშვიდე კასიდან გამოცდებს ესქტერნად ვაბარებ, მაგრამ ძალიან რთულია. მერიის დაფინანსებით ფარმაციის შემსწავლელი კურსი გავიარე, სამსახურს ვეძებ, მაგრამ რომც ვიპოვო, როგორ დავტოვებ დედიკოს მარტო? ძალიან მინდა უნივერსიტეტში სამედიცინოზე ჩავაბარო, მაგრამ არ ვიცი თუ მოვახერხებ. დედა შრომისუუნაროა, მაგრამ მისი ხელები მაინც არ ჩერდება. ხატავს, ქარგავს, ქსოვს, სამკაულებს აკეთებს.
დედა:
ერთი წლის წინ ძალიან დიდი ტრავმა გადავიტანე - ახლობელი ადამიანი დავკარგე, დიდი სტრესი მივიღე და არ ვიცი რანაირად, მაგრამ ხატვა დავიწყე - უსულო საგნების გაცოცხლება მინდოდა. მარიამს ზღვიდან მოჰქონდა ბრტყელი ქვები. ჯერ ქვებზე ვხატავდი, მერე ძველი ფეხსაცმელების მოხატვა-განახლება დავიწყე, მერე ავეჯის დიზაინის შეცვლა მასზე დახატვით ვცადე. შემდეგ სამკაულების აკინძვა, ტანსაცმლის გაფორმება, ბოთლების შეფუთვა და ჭაღების კეთება ვცადე. მაგალითად, ეს სკივრი ვიღაცამ გადააგდო, საშინელ დღეში იყო, მოვიტანე სახლში, გავწმინდე და შევღებე. ახლა ორი დატვირთვა აქვს, მაგიდაცაა და სკივრიც. ესეც ღვთისმშობლის ხატია, არ მეგონა თუ გამომივიდოდა, მაგრამ დავიწყე დახატვა და ახლა ის ჩემი მფარველია. ძველი კარადა დამხვდა აქ, გავწმინდე და ამის მოხატვაც გუშინ დავამთავრე. ან გამოფენა რომ გავაკეთო, ანდაც სადმე ქუჩის პირზე პატარა ფართობი რომ დამითმოს ვინმემ, ნახავენ ღვთისმიერი ადამიანები, იყიდიან და შეიძლება ჩემი ლუკმა-პურის ფული ვიშოვო.
მარიამი:
სამი წლის ასაკში ბრონხიტის მძიმე ფორმა გადამიტანია, ფილტვების ანთებაც მქონია. მეოთხე წელია ამ ოთახში ვცხოვრობთ და უკვე სახსრების საშინელი ტკივილები მაწუხებს. ფაქტიურად, მიწაზე ვართ, არის ნესტი და ამის ფონზე ძვლებსა და წელზე პრობლემა მაქვს. ჩემს ასაკში ბევრს მოგზაურობისა და ავტომობილის ყიდვის სურვილი აქვს, მაგრამ მე მხოლოდ მშვიდად ცხოვრებაზე ვოცნებობ. დავიღალე პრობლემებით, ელემენტარული საცხოვრებელი მინდა. არ ვითხოვ ოროთახიან კომფორტულ ბინას, უბრალოდ, ერთი ოთახი რომ იყოს თავისი სააბაზანოთი და ყოველ დღე რომ არ მქონდეს საფიქრალი - დღეს სად ვნახო საკვები რომ დედას ვაჭამო, წამალი ვუყიდო. ისეთი სამსახური მინდა, ცოტა შემოსავალი რომ მქონდეს და თან დედას მივხედო - კეთილი ადამიანების ყოველ დღე შეწუხება რომ არ მომიწიოს, შუქის გადასახადი რომ გადავიხადო.
დედა:
მერია შეგვპირდა ბინას, მაგრამ მგონი ჯერ ვერ მოგვცემენ. 20 კვადრატიც მეყოფა. ვიცოდე, რომ ჩემი შვილი ღია ცის ქვეშ არ დარჩება. ელემენტარული, დაბანის პრობლემა აქვს ბავშვს. ჩემს მეგობრებთან მიდის ხოლმე და ბანაობს, მე კი სადმე წასვლაც არ შემიძლია. წყალს მითბობს მარიამი და აქვე ოთახში ვბანაობ. საჭმლი მამა შიო პაიჭაძეს მოაქვს ჩვენთან და მისი ძალიან მადლიერი ვართ. მანამდე გვქონია შემთხვევები, როცა ბავშვი მშიერიც ყოფილა. მეზობლებიც გვეხმარებიან ხოლმე, კარგი ადამიანებიც არიან ჩვენს გვერდით.
დედა-შვილი ძველი ბათუმის უბანში, ფარნავაზ მეფის #47, იტალიურ ეზოში, მარჯვნივ, ბოლო ოთახში ცხოვრობს. მათი ტელეფონის ნომერია 593025995.
მარიამ ტრაპაიძის სახელზე გახსნილი ანგარიშის ნომერი: GE27BG00000000784090900
პირადი ნომერი - 61001076059
ნინო ხოზრევანიძე
Ambebi.ge
