"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

"ყოველ წელს იმატებს ბზარი, უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები..." - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი ინგრევა

14 აპრილს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის დიმიტრი ყიფიანის დაბადებიდან 202 წელი შესრულდა. პუბლიცისტი და მთარგმნელი ხაშურის რაიონის სოფელ ქვიშხეთიდან იყო, სადაც მისი სახელობის მუზეუმი დღემდე არსებობს, თუმცა მისი მდგომარეობა სავალალოა. როდის დაარსდა მუზეუმი და რას აკეთებს სახელმწიფო მის გადასარჩენად, ამაზე კომენტარი "მუზეუმის გადამრჩენი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის" წევრს გიორგი ჩუბინიძეს ვთხოვეთ:

- დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმს ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, გარდა იმისა, რომ ამ სახლში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული მოღვაწე, მოვლენა საქართველოს ისტორიაში, რომელიც 2007 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. დიმიტრი ყიფიანისა და მისი მეუღლის, ნინო ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში ვაჟი, კოტე ყიფიანი და რძალი ნინო ტატიშვილი-ყიფიანი ცხოვრობდნენ. კოტე ყიფიანი ცნობილი მსახიობი გახლდათ იმ დროის საქართველოში. კოტე ყიფიანი 1921 წელს გარდაცვლილა. ამ სახლში კი დარჩა მისი მეუღლე ნინო ყიფიანი. ამ პერიოდიდან აქ ჯერ სკოლა, შემდეგ ბაღია. საბოლოოდ კი ნინო ყიფიანმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს სახლი მაშინდელ კულტურის მოღვაწეებს გადასცა და მწერალთა, მხატვართა და ხელოვანთა სახლად იწოდებოდა. ეს გადაწყვეტილება არ იყო შემთხვევითი, რადგან მისი უკანასკნელი ბინადრის ნინო ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური რეჟიმი ამ სახლს ან მთლიანად დაანგრევდა, ან პარტიული ორგანიზაციის რაიმე უწყებას გადაეცემოდა, შესაბამისად, დიდი ეროვნული მოღვაწის სახელი წაიშლებოდა.

1927 წელს ნინო ყიფიანი გარდაიცვალა. სახლი კი მწერლებს დარჩათ და 1980-იანი წლების ბოლომდე მწერალთა კავშირის საკუთრება იყო. ამ სახლში ზაფხულობით ცხოვრობდნენ გალაკტიონ ტაბიძე, პაოლო იაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ლეონიძე და სხვა დიდი მოღვაწენი, ყველას ჩამოთვლა ვერც კი მოხერხდება. ქვიშხეთის პეიზაჟებმა მათ შემოქმედებაშიც ჰპოვა ასახვა. 1990-იან წლებში კი აქ ადგილობრივთა დიდი მოწადინებით, უკვე სავალალო მდგომარეობაში მყოფ შენობაში მუზეუმი გაიხსნა. რომ არა ისეთი პიროვნება, როგორიც მუზეუმის ამჟამინდელი თანამშრომელი გივი გელაშვილია, რომელმაც უდიდესი ენთუზიაზმით მოახერხა სახლის მუზეუმად გარდაქმნა, ღმერთმა იცის, 90-იანი წლების ქარცეცხლში რა მოუვიდოდა. ცხადია, უდიდესი წვლილი შეიტანეს დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმაც, რომ მუზეუმი თუნდაც დღევანდელი სახით არსებულიყო.

- რა მნიშვნელოვანი ექსპონატი ინახება მუზეუმში ამჟამად ან ინახებოდა?

- როგორც ამბობენ ამ სახლში დაცული მნიშვნელოვანი ყიფიანისეული ნივთები ჯერ კიდევ მწერალთა კავშირის მფლობელობის დროს გამქრალა. მას შემდეგ რაც აქ მუზეუმი გაიხსნა, ანუ 90-იანი წლებიდან მუზეუმის ფონდების შევსებაში წვლილი შეიტანეს დიმიტრი ყიფიანის შთამომავლებმაც, მაგალითად ქალბატონ თამარ მიქაძის ოჯახმა. შემდგომ ეტაპობრივად ქვიშხეთის მცხოვრებთა ოჯახებში გაბნეული დიმიტრი ყიფიანისეული ნივთების თავმოყრა ხდებოდა. მუზეუმი ამჟამად ექსპონატების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა საჭიროა გაბნეული ნივთების კვლავ მოძიება, მაგალითად დიმიტრი ყიფიანის როიალი, რომელიც გორში ტატიშვილების ოჯახში ინახება და ა.შ. ყველაფერს მუშაობა სჭირდება.

- როდიდან დაიწყო მუზეუმის განადგურება?

- როგორც ვიცი მუზეუმის რესტავრაცია არც არასდროს ჩატარებულა, თუ არ ჩავთვლით ენთუზიაზმით მცირე შერემონტებას. სიმართლე რომ ითქვას, მუზეუმი მწერალთა კავშირის საკუთრებაში ყოფნიდანვე ძლიერ დაზიანდა, გაკეთდა მიშენებები, დაიტიხრა ოთახები, რათა უფრო მეტი საცხოვრებელი ყოფილიყო. აივანზე გაჩნდა შუშაბანდები და ა.შ. 90-იანი წლებიდან უკვე საკმაოდ იყო დაზიანებული, თუმცა მას შემდეგ კიდევ უფრო სავალალო სიტუაციაა და ყოველ წელს იმატებს ბზარი, ყოველ წელს უფრო მეტი წყალი ჩამოდის, იფშვნება კედლები, ცვივა შუშაბანდის მინები და ა.შ.

- სახელმწიფოს მხრიდან თუ იყო შეკეთების მცდელობა და ბოლოს როდის?

- მუზეუმის შეკეთება ჩემი ინფორმაცით სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა. კერძო შემოწირულობებით არის შეკეთებული, მხოლოდ კოსმეტიკურად რამდენიმე ოთახი, რომელშიც შთამომავლებმა და მუზეუმელებმა თუ შეიტანეს წვლილი და იქაა გამოფენილი მუზეუმის ექსპონატები. სხვა რამ შეკეთების მცდელობაც კი არ ყოფილა სახელმწიფოსგან. მით უმეტეს, თავისუფალ საქართველოში.

- მახსოვს რომ 2015 წლის შემოდგომაზე უკვე უნდა დასრულებულიყო სრული რეაბილიტაცია, რატომ არ გაკეთდა?

- 2014 წელს დიმიტრი ყიფიანის საიუბილეო წელი იყო. დაბადებიდან 200 წელი შესრულდა. ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ამავე წელს წამოვიწყეთ სოციალური კამპანია, ჩვენი თხოვნით გაკეთდა რეპორტაჟები, დაიწერა სტატიები, გავრცელდა მუზეუმის ფოტოები. ამ ყოველივეს ერთგვარი გამოძახილი იყო ის, რომ 2014 წლის სექტემბერში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ფეისბუქ-გვერდზე დაიდო ფოტო, სადაც ეწერა: "პრემიერ-მინისტრის ინიციატივით სოფელ ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტი იწყება".

საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო ეს ფაქტი, რომელსაც ადასტურებდა ხაშურის ადგილობრივი თვითმმართველობაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა 2015 წელს მხოლოდ რეაბილიტაციის პროექტი შედგა. ამ პროექტის წარდგენა 26 აპრილს, ყიფიანობაზე, სოფელ ქვიშხეთში შედგა. შესანიშნავი პროექტის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა, პროექტის მთავარი არქიტექტორი კი ნოდარ ამაშუკელი. პროექტის განხორციელების ღირებულება კი 900 000 ლარს აღწევს. ამ ღონისძიებაზე გარკვეული პირებისგან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისგან ითქვა, თითქოს ეს თანხა უკვე გამოყოფილი იყო და წლის მეორე ნახევარში რესტავრაცია დაიწყებოდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე.

- ადგილობრივები თუ ეხმარებიან მუზეუმს?

- ადგილობრივებმა დააწესეს დიმიტრი ყიფიანის სახელობის პრემია ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად, ქართული მეცნიერების წინაშე დამსახურებისთვის, გაიცემა დიმიტრი ყიფიანის სახელობის ყოველწლიური მედლები. თუმცა დასკვნა მკითხველმა გამოიტანოს, როდესაც მსგავსი მდგომარეობა აქვს მუზეუმს, თუნდაც პრემიის 5000 ლარით ხომ შეიძლება რაღაც მაინც გაკეთდეს, გადაირიცხოს მუზეუმის სარეაბილიტაციო ფონდში და ასე როგორღაც შეგროვდეს სარეაბილიტაციო თანხები. აქვე უნდა ითქვას, როდესაც კულტურის სამინისტრო 29 მილიონ ლარს გამოყოფს მთელი რიგი საკონცერტო ღონისძიებებისთვის, რა გახდა 900 000 ლარი ან თუნდაც მისი ნახევარი. ადგილობრივთა სხვა დახმარება არაფერში გამოიხატება. მუზეუმის თანამშრომლების ხელფასი თუ არ ვცდები 200 ლარამდეა. ზამთარში შეშის ღუმელით თბებიან.

მუზეუმის საერთო სურათი ნათელ წარმოდგენას გვიქმნის, თუ რა მდგომარეობაშია დღეს ქართული კულტურა. მუზეუმები, მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასები, ეს დამცირებაა ამ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის სახე არიან და მათი ასეთი დაუფასებლობა წარმოუდგენელია. როგორც იშლება დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმი, ასევე იშლება დღეს ჩვენი ქართული კულტურისადმი დამოკიდებულება. რამდენ რესტორანში იხარჯება დღეს რამდენი თანხა, რამდენი ამბობს სამშობლოს სადღეგრძელოს, დაითვალეთ გაცემული პრემიების სრული რაოდენობა და განსაზღვრეთ, მათი 10%-ც კი რამდენ საქმეს გააკეთებდა, როგორ ააყვავებდა ქართულ კულტურას. მითუმეტეს, როდესაც დიმიტრი ყიფიანზე ვსაუბრობთ, რომელმაც გაკაფა რუსიფიკატორულ გარემოცვაში ის გზა, რომელიც შემდგომ თერგდალეულებმა განვლეს. ადამიანი, რომელიც ზვარაკად შეეწირა ერის ღირსებას, რომელმაც ეროვნულ მოძრაობას ჩაუყარა საფუძველი, რომელმაც ითავა ერის წინამძღოლობა და ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა ხუროთმოძღვარს უწოდებდა მას. აქ ორი აზრი არაა იმაზე, რომ ეს მუზეუმი ასე უპატრონოდ არ უნდა ნადგურდებოდეს... სირცხვილია, ერს ყავდეს წმინდა დიმიტრი ყიფიანი და მისი სახლ-მუზეუმი ასე ინგრეოდეს, ეს ეროვნული სირცხვილია".

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია