ბათუმის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატები" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის, მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ.
როგორც ბათუმის საკრებულოში პარტიის წევრმა კობა ჩხეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მერაბ ტურავამ მოითხოვა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ბინის გადაცემა კონკრეტულ მისამართზე. მისივე თქმით, მოსამართლისთვის „ბინის გადაცემის ფერხულში“ სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო. კობა ჩხეიძე ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას მოითხოვს.
„როგორც ჩანს, მერაბ ტურავა მოძრაობდა ქალაქში და შეარჩია მისთვის სასურველი მისამართი და ბინა. მისი მიმართვის პირველი ადრესატი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც თავის მხრივ, ეს წერილი გადაუგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა კი მოთხოვნა გადაუგზავნა ქონების მართვის სააგენტოს, საიდანაც მიმართვა გაკეთდა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის მისამართით მოსამართლის ბინით დაკმაყოფილების შესახებ. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო იმ ფერხულში რასაც ქვია მერაბ ტურავასთვის ერთ ლარად ბინის გადაცემის პროცესი. რა თქმა უნდა, იმ ფონზე, როცა ბათუმში 2 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი და უსახლკარო ითხოვს ბინით უზრუნველყოფას და ვერ ხერხდება მათი დაკმაყოფილება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხის განსახილველადაც კი წარმოდგენა საკრებულოზე. ამიტომ, დღეს ბიუროს სხდომაზე ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხს დავაყენებთ", - აღნიშნა კობა ჩხეიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისთვის ბინის გადაცემის საკითთხზე კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლომაც გააკეთა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები.