თბილისის ქუჩებში ბევრი რამ რომ არის მოსაწესრიგებელი და დასარეგულირებელი, ახალი ამბავი არაა. სხვადასხვა პრობლემას და განუკითხაობას ემატება ტაქსები, რომლებიც ყოველ ფეხის ნაბიჯზეა და ხშირად არაადეკვატური მძღოლები მართავენ. მიზეზი? ის, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, მანქანაზე დადოს ტაქსის ტრაფარეტი, გავიდეს ქუჩაში და დაიწყოს "მუშაობა". თუმცა საქმე ის არის, რომ ამისთვის, სინამდვილეში, მხოლოდ სურვილი არ უნდა იყოს საკმარისი. არ არსებობს ლიცენზია, არ არსებობს რაიმე გამოკვლევა, გამოკითხვა იმ ადამიანების, რომლებიც ქუჩებში გამოდიან "სატაქსაოდ" და სხვა ადამიანების ტრანსპორტირების პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე. ამ დროს ყველაზე მცირე პრობლემად შეიძლება იქცეს ის, რომ ტაქსისტმა ელემენტარულად, ქუჩები და მისამართები არ იცოდეს, არ იყოს მზად სხვა ადამიანებთან საკონტაქტოდ, ეწეოდეს მგზავრების სურვილის გაუთვალისწინებლად და არაჰიგიენურ მდგომარეობაში ჰქონდეს მანქანა. დიახ, ეს ყველაფერი მცირე მიზეზია იმასთან შედარებით, რომ ტაქსის მძღოლად შეიძლება მოგევლინოთ გაუწონასწორებელი ფსიქიკის ადამიანი, ან მთვრალი, ან წამლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი... დიახ, სამწუხაროდ, ასეთი რამეებიც ხდება და არც ისე იშვიათად. პირადად თქვენი მონამორჩილი რამდენიმე დღის წინ კინაღამ ემსხვერპლა ასეთ მძღოლს, რომელიც აშკარად ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, სრულიად არაადეკვატური იყო, ასევე არაადეკვატურად მართავდა მანქანას და როგორ გადავრჩით მე და ჩემი შვილები, ჯერაც სასწაულად მივიჩნევ ამ ფაქტს...
რა იგეგმება ამ მიმართულებით და თუ აპირებს მერიის სატრანსპორტო სამსახური რაიმე ცვლილებებს? შეკითხვებით მერიას მივმართეთ და მისი სათანადო უწყებების რამდენიმე თანამშრომლისგან მივიღეთ პასუხები:
-მძღოლების უმეტესობამ არ იცის ქუჩები, ზოგიერთი მანქანას მართავს არაფხიზელ მდგომარეობაში. ბევრი ადამიანია უკმაყოფილო და მომრავლდა სავალალო შემთხვევებიც. რატომ აქვს ყველას უფლება, რომ "იტაქსაოს"?
- როგორც უკვე აღვნიშნეთ, სატაქსო გადაზიდვების მომსახურების მიწოდებას უკონტროლო ხასიათი აქვს, არ არსებობს სტანდარტი, რომელიც გარკვეულ რეგულაციებში მოაქცევს ტაქსის მძღოლებს. მომსახურების მიწოდების
პროცესში ჩართული პირების კვალიფიკაცია და გამოყენებული მატერიალური საშუალებები უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ სტანდარტებს, რომ მომსახურება იყოს უსაფრთხო მგზავრისთვის, მძღოლისთვის, მესამე პირებისთვის და გარემოსთვის. დოკუმენტი, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მოიცავს საქმიანობის განხორცილების უფლების მოპოვებისთვის ავტომანქანების ტექნიკური გამართულობის და მძღოლების კომპეტენციის მინიმალურ მოთხოვნებს. ამასთან, ვითვალისწინებთ, რომ ტაქსების მძღოლებისთვის აღნიშნული საქმიანობა ხშირად შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. შესაბამისად, მათი ინტერესები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.
- ტაქსოკომპანიებში თუ მოწმდება მომსახურების ხარისხი, ჰიგიენის ნორმები, ავტომანქანის გამართულობა, მგზავრთა უსაფრთხოება?
- სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ტაქსოკომპანია ზრუნავს მომსახურების ხარისხზე, ჰიგიენის ნორმებზე, ავტომანქანის გამართულობასა და მგზავრთა უსაფრთხოებაზე. განაგრძეთ კითხვა