რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ

რა ქონებას ფლობს მოსამართლე ტურავა, რომელსაც ბათუმში ბინას 1 ლარად გადასცემენ

ბათუმის საკრებულო 20 აპრილს განიხილავს საკითხს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავასთვის ბინის 1 ლარად გადაცემის საკითხს ეხება. როგორც თემის კომენტირებისას, საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი დავითურმა ჟურნალისტებს განუმარტა, სახელმწიფო ვალდებულია, მოსამართლეს შეუქმნას ცხოვრებისთვის ღირსეული პირობები და უზრუნველყოს შესაბამისი სოციალური გარანტიებით.

მისივე თქმით, სახელმწიფოს გადასაწყვეტია, რა ფორმით უზრუნველყოფს მოსამართლისთვის ღირსეული პირობების შექმნას, თუმცა, ბინების საკუთრებაში გადაცემა "დამკვიდრებული პრაქტიკაა". "მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადმოვიდა ბათუმში, ბატონი მერაბ ტურავას შემთხვევა არ არის პირველი პრეცედენტი, როცა მოსამართლეს გადაეცემა ბინა", - აღნიშნა დავითურმა.

ბათუმის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატები" ბინის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ბათუმის საკრებულოში პარტიის წევრმა კობა ჩხეიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლისთვის " ბინის გადაცემის ფერხულში" სახელმწიფო სტრუქტურები ჩართო. "როგორც ჩანს, მერაბ ტურავა მოძრაობდა ქალაქში და შეარჩია მისთვის სასურველი მისამართი და ბინა. მისი მიმართვის პირველი ადრესატი იყო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, რომელმაც თავის მხრივ, ეს წერილი გადაუგზავნა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს. ამ უკანასკნელმა კი მოთხოვნა გადაუგზავნა ქონების მართვის სააგენტოს, საიდანაც მიმართვა გაკეთდა ბათუმის მერიასა და აჭარის მთავრობის მისამართით მოსამართლის ბინით დაკმაყოფილების შესახებ. მთელი სახელმწიფო სტრუქტურა ჩაერთო იმ ფერხულში, რასაც ქვია მერაბ ტურავასთვის ერთ ლარად ბინის გადაცემის პროცესი", - აღნიშნავს "თავისუფალი დემოკრატების" წევრი.

რაც შეეხება, თავად ტურავას კომენტარს ბათუმში გადასაცემი ბინის გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ, მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა ბათუმში, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მოსამართლეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისა. მერაბ ტურავას თქმით, ერთი წელია რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და "მუდამ ჩემოდანზე ჯდომით" სამოსამართლეო საქმიანობის განხორციელება ძნელია.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს მოსამართლე, რომელმაც სახელმწიფო უწყებებს მიმართა, ბათუმში ბინა 1 ლარად გადასცენ.

51 წლის მოსამართლის ბოლო დეკლარაციით, რომელიც 2015 წლის მაისშია შევსებული, მერაბ ტურავას სახელზეა გაფორმებული თბილისში, ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე 153.33 კვ.მ ფართობის ბინა. ამავე ადგილას მდებარეობს 18.00 კვ.მ ავტოფარეხი, რომელიც ასევე შეტანილია დეკლარაციაში.

ტურავას მეუღლის, ცირა გრიგოლიას საკუთრებაშია დარეგისტრირებული 2002 წლის გამოშვების ავტომანქანა BMW X5, რომელიც 18 000 ლარად არის შეფასებული.

რაც შეეხება მერაბ ტურავას ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს 2015 წელს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორის ხელფასი 18 007.32 ლარი ერიცხება, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, სამართლის სკოლის პროფესორის ანაზღაურება - 45 000.00 ლარი მიიღო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლობის ანაზღაურება კი 500 ლარია მითითებული.

დეკლარაციის შევსებისას, ტურავას არ აქვს მითითებული საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელფასი, რადგანაც დეკლარაციის შევსების დროს (2015 წლის მაისში), თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო (2015 წლის 20 მარტს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. ამავე წლის 30 მარტს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას). ცნობისათვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ყოველთვიური ხელფასი 9 000 ლარს აჭარბებს.

ნაღდი ფულის სახით, მერაბ ტურავას 2015 წლის დეკლარაციაში 3 000 აშშ დოლარი და 2 000 ევრო აქვს მითითებული, მის მეუღლეს ცირა გრიგოლიას - 4 000 ევრო, 22 წლის ქალიშვილს, ანნა ტურავას კი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობს - ნაღდი ფულის სახით 2 000 ევრო აქვს მითითებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ