კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

 კვირიკაშვილი-იუნკერის შეხვედრა სტრასბურგში: "ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას"

ევროკომისია სრულად უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობისთვის უპირობო ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი სტრასბურგში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფება. შეხვედრაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, ახალი პირობები არ ექნება, რამდენადაც მთავრობამ, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერით, ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა სრულად განახორციელა. გიორგი კვირიკაშვილმა ჟან-კლოდ იუნკერს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულებაში მისი პირადი თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვეს, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი უხლოეს თვეებში წარმატებით დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

"ევროკომისიის პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმით, რომელიც საგადასახადო, განათლების სისტემის, ინფრასტრუქტურისა და მმართველობის სისტემის რეფორმას მოიცავს. მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ და აღნიშნული საკითხის ირგვლივ საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის თხოვნით მიმართა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

გიორგი კვირიკაშვილი 21 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა. საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე გიორგი კვირიკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტსაც შეხვდება. შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია მხარეების ერთობლივი პრესკონფერენცია. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.

საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი იმყოფებიან, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."