ვართ თუ არა პაპუასები? - უცხოელის თვალით დანახული საქართველო

ვართ თუ არა პაპუასები? - უცხოელის თვალით დანახული საქართველო

იტალიელი ტომაზო დი ვივო რამდენიმე თვეა, თბილისში ცხოვრობს, აქაურობა ძალიან მოსწონს და თვლის, რომ მისთვის სწორედ ის გარემოა, სადაც იმ გეგმებს განახორციელებს, რაც "უკვე ათვისებულ ევროპაში" შეუძლებლად მიაჩნია.

ამბობს, რომ სწორედ განვითარებად ქვეყანაში შეიძლება ბევრი საინტერესო რამის გაკეთება და ცდილობს, თბილისში საკუთარი საქმიანობა წამოიწყოს. იგი ფლორენციიდანაა და იქაურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. საქართველოს შესახებ მეგობრისგან - მიხეილ ბაგრატიონისგან ბევრი რამ შეუტყვია და იმდენად დაინტერესდა, აქ ჩამოსვლა გადაწყვიტა. სხვათა შორის, ჩვენს კულტურას სწორედ ბაგრატიონისგან იცნობს საკმაოდ კარგად და ისიც კი იცის, რომ ქართველებს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გვაქვს.

ტომაზო ძალზე პოზიტიური და მშვიდი ადამიანია და მართალია, მისი ენა არ მესმოდა, მაგრამ იტალიურ საუბარს დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, ჩვენი საერთო მეგობარი ნიკა ესაკია კი ქართულ ენაზე მითარგმნიდა. ტომაზოსთან ინტერვიუ მისი ქვეყნით დავიწყეთ და თბილისში განსახორციელებელი გეგმების გარდა, ევროპის იმ მინუსებზეც გვესაუბრა, რაც ქართველებისთვის ნაკლებად თვალში საცემია.

ტომაზო დი ვივო:

- ფლორენციელი ვარ, თბილისში ჩამოსვლამდე ბოლონიაში ვცხოვრობდი, დოქტორანტურა ბოლონიის უნივერსიტეტში დავამთავრე და უკვე ხუთი თვეა, რაც აქ ვარ. პროფესიით ფილოლოგი, პედაგოგი, ფლორენციის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიას ვასწავლი, კერძოდ, აღორძინების ეპოქის, ანტიკური ხანის დამწერლობებს. იტალიაში ქართველი მეგობარი მყავს, რომელიც თქვენი სამეფო გვარის წარმომადგენელია - მიხეილ ბაგრატიონი, მასთან ერთად ბევრგან მიმოგზაურია - საფრანგეთშიც, იტალიის სხვადასხვა ქალაქშიც, სხვა ქვეყნებშიც და ასე დავმეგობრდით. ყოველთვის ვცდილობ, საქმეში მამაკაცები ჩავრთო, უფრო მეტად - მარტოხელები, რადგან ვფიქრობ, უფრო სხვა დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა აქვთ საქმისადმი, სხვაგვარად უდგებიან და ვენდობი. როგორც აღორძინების ეპოქაში, მამაკაცი რომ იყო ცენტრალური ფიგურა (იცინის). ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თბილისს, ფლორენციას, სკოლას ან უნივერსიტეტს - მნიშვნელოვანი ის ადამიანებია, რომლებიც პიროვნებებს წარმოადგენენ, ავტორიტეტულები არიან და ცოდნა, განათლება, ინტელექტი გააჩნიათ, ესაა ჩემთვის პრიორიტეტული. თბილისი მომწონს იმიტომ, რომ საინტერესო ადამიანებს ვიცნობ, მათ, ვისითაც ეს ქალაქი დამამახსოვრდება.

- საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტეთ?

- მიხეილ ბაგრატიონმა საქართველოს ისტორიის და კულტურის შესახებ იმდენი რამ მიამბო, დავინტერესდი და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი და ქართველები გამეცნო. ისეთ ადამიანებს ვეძებ, ვისაც აქვს პოტენციალი და საშუალება, თავის ქვეყანაში საქმე კარგად აკეთოს. ყველა ადამიანი, რომელსაც სურვილი აქვს, ცხოვრებაში რაიმეს მიაღწიოს, აშშ-ში გარბის, მდიდარი ქვეყანაა და ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესიც დიდია. ჩემი სოციალურ-პოლიტიკური თეორია ბევრად განსხვავებულია, ამიტომ იქ წასვლაზე არ მიფიქრია. სიმდიდრე იქ კი არ არის, სადაც ბევრი ფულია, იქაა, სადაც განვითარების მეტი შესაძლებლობაა.

- ამ მხრივ, საქართველოში რა პოტენციალი დაინახეთ?

- საქართველო აღმოსავლეთის ქვეყანაა, სადაც იმ სიმდიდრის კონცენტრაცია ხდება, რაც აღვნიშნე. ტექნიკური განხრის რომ ვყოფილიყავი, აშშ-ში წავიდოდი, მაგრამ ჰუმანიტარი ვარ და ჩემი ინტერესები განვითარებად ქვეყნებს უფრო უკავშირდება. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები იმდენადაა განვითარებული, რომ ადგილი აღარაა რაღაც ახალი წამოიწყო, განავითარო. აქ კი სამუშაო ადგილებია შესაქმნელი, საქმის წამოწყების, ინვესტიციის განხორციელების ბევრი საშუალებაა.

- თქვენ რისი გაკეთება გსურთ თბილისში? რა კონკრეტული მისია და გეგმა გაქვთ?

- თბილისი ძალიან მდიდარია იმ კუთხით, რაზეც მე ვსაუბრობ, იმ ჰუმანისტურ იდეებს, რაც მე მაქვს, აქ უფრო გავავითარებ, ვიდრე - იტალიაში, ზოგადად, ევროპაში, იქ ამის შესაძლებლობა აღარ არის. იქ სულ მანქანები, ტექნოლოგიები, ბიოროკრატული საზოგადოებაა და რთულია. ერთის მხრივ, საქართველო კულტურის მხრივ ძალიან წინ წასული და განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ მეორეს მხრივ, მაგალითად ეკონომიკურად, ძალიან უკანაა. მე რაც დავინახე, საქართველო დღეს განვითარების სწორ გზაზე დგას და მინდა გითხრათ, რომ დიდი შეცდომა იქნება, თუ ისეთნაირად განვითარებას გადაწყვეტს, როგორიც დღეს ევროპაა. მაგალითად, ჰეგელის იდეოლოგიით, ევროპას უკვე თავისი "სიცოცხლის დასასრული დაუდგა". ის დღეს ჩემთვის ცხოველია, რომელიც უკვე კვდება (იცინის).

- იტალიაზეც ამას იტყვით?

- აი, მაგალითად, ჩვენს ნიკას (ესაკია) იტალია ისეთი წარმოუდგენია, როგორიც არ არსებობს (იცინის). გირჩევთ, არ გიყვარდეთ (იცინის), მაგრამ ისწავლეთ ის იტალია, რომელიც წარსულში იყო, თავისი დიადი კულტურით, აღორძინების ეპოქის დასასრულამდე. მე ლიტერატურა მაინტერესებს, მაგრამ მხოლოდ ჩემი ქვეყნის არა, ფრანგულიც, გერმანულიც და სხვა. აღორძინების ეპოქის დროინდელი კულტურა ჩემი ფავორიტია. მე ისეთი ხელოვანები მიყვარს, რომლებსაც ფართო მასები არ იცნობენ, მაგრამ ბევრ საინტერესო რამეს ქმნიდნენ. მაგალითად, ჯოვანი ბოკაჩოზე და დანტე ალიგიერზე ყველა საუბრობს, მაგრამ მე ისინი უფრო მომწონს, ვინც იტალიის ლიტერატურისა და კულტურისთვის ღირებული რაღაცები შექმნეს, მაგრამ ცნობილები არ გახდნენ. ბოლონია ძალიან მიყვარს, ალბათ ერთადერთი ქალაქია, სადაც ცხოვრება მომწონს, რადგან ფლორენცია მუდმივად ტურისტებითაა სავსე. ბოლონია მდიდარი ქალაქია, კულტურის მხრივაც იქ მთელ ევროპაში ყველაზე ძველი უნივერსიტეტია. არის ადგილები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახო და დაათვალიერო. ტურისტების დიდი რაოდენობა ცხოვრების რიტმს ურევს...

- ვინ შეადგენს თქვენს სამეგობრო წრეს იტალიაში? როგორია იქაური კულტურული ცხოვრება? ცნობილ ხალხთან თუ გაქვთ ურთიერთობა? განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია