რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები

რომელ წელს დაიბადა ქრისტე? - როგორ ქმნიდნენ კალენდარს სხვადასხვა ცივილიზაციები

კალენდარი - დღეებისგან და თვეებისგან შემდგარი პირობითი სისტემაა, რომელსაც კაცობრიობა უხსოვარი დროიდან იყენებს. ვარსკვლავებზე და ციურ სხეულებზე დაკვირვებით, ძველი ცივილიზაციების წარმომადგენლები დროის ათვლის სისტემის შემუშავებას და მის გარკვეულ კანონზომიერებაში მოქცევას ცდილობდნენ.

ყოველ ცივილიზაციას კალენდრის წარმოების საკუთარი მეთოდი ჰქონდა. პირველი კალენდარი ძველ ეგვიპტეში შექმნეს. დროის ათვლის სპეციალური სისტემის საჭიროება ნილოსის ადიდებამ განაპირობა. წელიწადის თითქმის ერთი და იგივე დროს ადიდებული მდინარე მოსავალს ღუპავდა. ამიტომაც ეგვიპტელებს მოსავლის დროულად აღებისთვის მდინარის ადიდების დრო წინასწარ უნდა სცოდნოდათ. ისტორიულად ცნობილია, რომ პირველი ძველ ეგვიპტური კალენდარი ქრისტეს შობამდე ანუ ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 4000 წლით თარიღდება. კალენდრის წარმოებისთვის ისინი ვარსკვლავებს იყენებდნენ. ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2150 წლიდან (ძველი სამეფოს ეპოქის დასასრული) ძველ ეგვიპტეში კალენდრის წარმოების სტილი შეიცვალა. ამიერიდან ჟამთაღრიცხვიანობა ტახტზე ახალი მმართველის ასვლიდან ხელახლა იწყებოდა.

სხვადასხვა ერებს ჟამთაღრიცხვიანობის მიმართ სხვადასხვა მიდგომა ჰქონდათ. ებრაელების კალენდარი სამყაროს შექმნიდან - ქრისტეს შობამდე 3761 წლიდან იწყება. ალექსანდრიული ქრონოლოგიის სათავე უფრო ძველია - 5493 წელი ქრისტეს შობამდის. ძველი რომაელებისთვის კალენდარი დასაბამს რომის დაარსებიდან - ქრისტეს შობამდე 753 წლიდან იწყებს.

კალენდრის ისტორიაში პირველი რადიკალური ცვლილება რომის იმპერატორ იულიუს კეისარს ეკუთვნის. ქრისტეშობამდე 45 წელს მან იულიუსის კალენდარი შემოიღო. ახალი კალენდრის მიხედვით, ახალი წელი პირველ იანვარს იწყებოდა. სწორედ ამ დღეს არჩეული კონსულები თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. კალენდარი 365 დღისგან შედგებოდა და 12 თვედ იყო დაყოფილი. ნაკიან წელიწადად ითვლებოდა ის წელიწადი, რომლის რიგითი ნომერი იყოფოდა 4-ზე უნაშთოდ. კეისარი ახალი კალენდრის შემოღებიდან 2 წელიწადში მოკლეს. შემდგომი 36 წლის განმავლობაში ნაკიანი ყოველი 4-ე წელიწადი იყო. ნაკიანი წლის განსაზღვრის სისტემა მხოლოდ იმპერატორ ავგუსტუსის დროს აღადგინეს.

იულიუსის კალენდარი 1582 წელს რომის პაპის, გრიგოლ XIII-ის მიერ შემოღებულმა კალენდარმა ჩაანაცვლა. დღეს მას პლანეტის უმეტესი ნაწილი იყენებს. მისი ათვლა ქრისტეს შობიდან ანუ 1-ელი წლიდან იწყება. ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, რატომ პირველი წლიდან და არა 0-დან? მათემატიკაში და გეომეტრიაში ათვლის წერტილი ხომ 0-ია. ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად ისტორიაში ცოტათი უკან უნდა გადავინაცვლოთ.

ქრისტეს შობიდან ანუ ჩვენი წელთაღრიცხვით 525 წელს, რომის მაშინდელმა პაპმა იოანე I-მა, ბერ დიონისეს (Dionysius Exiguus) სააღდგომო ცხრილების შექმნა დაავალა. ჟამთაღრიცხვის ძველი სისტემის გამოყენების ნაცვლად, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების მკაცრი მდევნელის, რომის იმპერატორის დიოკლიტიანეს მმართვლობის პირველი წლიდან იწყებოდა, დიონისემ ათვლის წერტილად ქრისტეს შობა აიღო. ტერმინი "ქრისტეს შობიდან" სწორედ აქედან წარმოიშვა. თუმცა ცხრილების შედგენისას იოანემ შეცდომა დაუშვა. მაშინ, ისევე როგორც დღეს, ქრისტეს დაბადების ზუსტი თარიღი უცნობი იყო. საკუთარ გამოთვლებში მან ლუკას სახარება მოიშველია, რომლის თანახმადაც, ქადაგება ქრისტემ 30 წლის ასაკში დაიწყო. ასევე არასწორედ იყო დათვლილი შობათა რაოდენობა ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ.

შეცდომათა ერთობლიობამ განაპირობა, რომ ახალი სისტემის მიხედვით, ქრისტე არა მიღებულ ქრისტეს შობის პირველ წელს, არამედ ქრისტეს შობამდე, ანუ ძველი წელთ აღრიცხვით 12-დან 4 წლამდე დაიბადა. ზუსტი წელი მეცნიერთა აქტიურ დავის საგნად დღემდე რჩება.

გრიგორიანული კანელდარი ძალაში 1582 წლის 4 ოქტომბერს შევიდა. ახალი სისტემის თანახმად, ხუთშაბათის 4 ოქტომბრის შემდეგ, პარასკევი 15 ოქტომბერი მოდიოდა. იმავე წელს კალენდარი ესპანეთში, იტალიაში, პორტუგალიაში რეჩ პოსპოლიტაში (ლიტვის დიდი სამთავრო და პოლონეთი), საფრანგეთსა და ლოთარინგიაში ამოქმედდა. რუსეთში ახალი კალენდარი 1918 წლის 26 იანვარს მიიღეს. დადგენილების თანახმად, 1918 წლის 31 იანვარს 14 თებერვალი მოსდევდა.

საქართველოში ახალი სტილი 1918 წელს შემოიღეს. ძველი სტილით 18 აპრილი გამოცხადდა ახალი სტილით 1 მაისად.

შედარებით გვიან გრიგორიანულ კალენდარზე საბერძნეთი (1924), თურქეთი (1926) და ეგვიპტე (1928) გადავიდა.

მაგრამ სად წავიდა 0? კეისრის და გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, "ნულოვანი წელიწადი" არ არსებობს. ნული როგორც ციფრი, მაშინ საერთოდ არ არსებობდა. ევროპაში ეს ციფრი პირველად 1228 წელს გამოიყენეს. "ნულოვანი წლის" არარსებობა ჟამთაღრიცხვიანობაში გარკვეულ ცდომილებებს წარმოშობს. არსებული კალენდრით, ჩვენს წელთაღრიცხვამდე -1 წელს, ჩვენი წელთაღრიცხვის 1 წელი მოსდევს.

ნუკრი მგელაძე

AMBEBI.GE

სამეფო წყვილების ისტორიები, რომლებმაც ტიტულს სიყვარული ამჯობინეს

"დღეს მთვარის 1-ლი დაბნელებაა" - რატომ შეარქვეს ასტროლოგებმა 2020-ს აპოკალიფსის წელი და რას შეცვლის მოსალოდნელი რეკორდული დაბნელებები

"ქმრით მანიპულირებს... მაინც დააშორა ძმები ერთმანეთს" - როგორ ეხმაურებიან სოციალურ ქსელში ჰარისა და მეგანის უარს სამეფო სტატუსზე