"ნიუ-იორკში, კერძოდ - ბრუკლინში არის ერთი მეტად ლამაზი ქუჩა, ლამაზი სახელით, - ემონს ავენიუ, რომელიც ოკეანის სანაპიროს მიუყვება. ავენიუს ბოლოც ლამაზი აქვს და ის თვალწარმტაცი ხედით, ნიუ-იორკის პატარა ყურესთან წყდება. ამ ადგილსაც ასე ჰქვია, - "ყურეს გადასახედი".
სწორედ ამ ყურესთან დილიდან ხალხმრავლობა იყო. "სასწრაფოს", სახანძრო და პოლიციის მანქანები ერთბაშად მოქანდნენ, თუმცა მათი გულისგამაწვრილებელი სირენების ხმას ვიღაცის განწირული ბღავილი ფარავდა. ხიდის ჯებირთან პატარა ბავშვის სხეულთან ათიოდე წლის, მულატი ბიჭი ჩამუხლულიყო და მთელი ხმით მოთქვამდა: - ჯეიკოოოოოობ! - ჯეიკოოოოოოოობ! - აღმოჩნდა, რომ ძმები ქუჩაზე გადადიოდნენ, ჯეიკობს დიდი სიჩქარით მომავალი მანქანისთვის მოუკრავს თვალი, ძმისთვის გამაფრთხილებლად შეუძახია, თვითონ კი წაფორხილებულა და დაცემულა... პოლიციელებმა და მეხანძრეებმა ჯეიკობის ცხედარი მანქანაში შეასვენეს, მე კი გონებიდან არ მცილდებოდა სასოწარკვეთილი თვალები, ერთიანად გამურული ლამაზი სახე და ყურში გაუთავებლად ჩამესმოდა პატარა ბიჭის განწირული მოთქმა: - ჯეიკოოოობ! ჯეიკოოოოოობ!
ნანახისგან დაღლილმა, თვალის მილულვა გადავწყვიტე, მაგრამ განცდილმა ლამის დამახრჩო და ზეზე წამომაგდო. უფრო სწორად, 34-35 წლის წინანდელ მოგონებებში გადამისროლა:
- ნინა ბებიააა, ნინა ბებიააა! - გურიის დედაქალაქის დილის მდუმარება გოჩას მყივანა ხმამ დაარღვია.
- რაია, რა ეიანცე ამ უთენია ყოლიფერი, - ნინა ბებო აივანზე გადმომდგარიყო.
- ჩამევიდა დათიე? - გაიღმიჭა გოჩა.
- ჩამევიდა, მარა არ სცალია ახლა, უნდა დეისვენოს, ნამგზავრია და იმიზა...
ბებიას სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, ისე გასხლტა დათო ეზოში და მთელი წლის უნახავ ძმაკაცს გადაეხვია.
- ჰე, წამოი ახლა წყალზე, - სულმოუთქმელად მიაყარა გოჩამ, - რაფერი ანკესები მაქ, იცი?
- ახლა გამორიცხულია, გინდა, ბებიაჩემი გადარიო? - დათომ თავი შორს დაიჭირა.
- კაი, მაი აფერი... ნინო ბებო ტკბილი ქალია, მარგალიტას კი არ ჰგავს... აღარ მივარგა კანჭები, მაგის ეზოდან რომ გამოვდივარ...
- ???
- აფერი იმფერი, თხილის მოსაბოჭად რომ შევიპარები, მარტო ჩემდა აქვს ჭინჭარი გადანახული, სხვას შეიძლება ცოცხი ესროლოს... მარტო მე უნდა დამშუშხოს...
- წამოით ახლა, სანამ გაცივდა ხაჭაპური, - ნინა ბებო თავზე შეუმჩნევლად წამოადგათ და გოჩას გრუზა თმა სიყვარულით მოუჩეჩა, - წამოით, გოჩი, ახალაძეებს მისდღემჩი რომ არ გაქვენ სანთლის არაყი, გაგაშინჯებ ახლა, გასულ შემოდგომაზე გამოვხადეთ მე და ამ ვაჟბატონმა, - შვილიშვილზე მიუთითა, - კარქივით უნდა იყოს აწი...
სახლში შესულები მაგიდას შემოუსხდნენ. გოჩა ფეხს ითრევდა და ცქმუტავდა. ვეღარ მოითმინა და ნინა ბებიას შეეხვეწა:
- ჩემი ძამია, კობაა ძირში და ხო იცით, რაფრა უყვარს თქვენი გამომცხვარი ხაჭაპური... შეიძლება, დავუძახო?
- ნენაა, მომიკვდეს თავი, ბაღანა ძირში დატიე? წაი, ამეიყვანე, რასაა რომ კითხულობ, თლა დაკარგე ნამუსი? - შეიცხადა ბებომ და პატარა კობასთვის მაცივრიდან ლიმონათი გამოიღო.
დათო და გოჩა 11-12 წლისანი იყვნენ, კობა მათზე მათზე ოთხიოდე წლით უმცროსი იყო, თუმცა გოჩა გვერდიდან არ იცილებდა და სულ თან დაჰყავდა. ბიჭები იმასაც ამბობდნენ, როცა კობა სკოლაში სხვა ცვლაში იყო, ბევრჯერ გვინახავს სერზე, პირველი სკოლის აღმართზე ამომსკდარი გოჩა, რომელიც თავისი ძმის სანახავად
იყო მოსულიო.
ბიჭები მალევე დაბრუნდნენ. კობა მორცხვად მიუჯდა მაგიდას და გაუბედავად მოწიწკნა ცხელი ხაჭაპური. ნელ-ნელა გათამამდა და ცოტა ხანში მადიანად შეექცეოდა, ნება-ნება ლიმონათსაც აყოლებდა. გოჩამ და დათომ დიდი კაცებივით რამდენიმე სირჩა სანთლის არაყი გადახუხეს, დილის მადლისა და დაგეგმილი თევზაობის გამართლებისა შესვეს. გოჩამ ტუჩები მოიწმინდა, დათოს თვალი ჩაუკრა და ნინა ბებოს მუდარანარევი ხმით შეეხვეწა:
- წავალთ რა, წყალზე... რა უნდა აკეთოს სახლში დათიამ? გაკვეთილები ხომ არ უნდა იმეცადინოს? ... განაგრძეთ კითხვა