23-24 აპრილს ქართული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია მიმდინარეობს

23-24 აპრილს ქართული ნატურალური პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია მიმდინარეობს

"გაყიდვების მართვის კომპანიის" ორგანიზებით, ღონისძიება "აირჩიე ქართული გუდვილთან ერთად" გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია მიმდინარეობს. "გაყიდვების მართვის კომპანიის" ინფორმაციით, გამოფენა 23-24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება და შემდეგი სახეობის პროდუქტები იქნება წარმოდგენილი: თაფლი, მურაბები, ჯემები, საწებლები, სუნელები, ყველი, ხილი, ნატურალური წვენები, ღვინო და სხვა ალკოჰოლური სასმელები, ჩირი, სნექები, ტკბილეული და სხვა.

როგორც პროექტ "აირჩიე ქართულის" მენეჯერი ნინო მოსიაშვილი ამბები.გე - სთან საუბრისას აღნიშნავს, გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია 23 აპრილს, 13:00 საათზე გაიხსნა და 50-მდე მცირე და საშუალო მეწარმეს მასპინძლობს: "დღეს ჩვენს გამოფენაზე წარმოდგენილია 50-მდე მცირე და საშუალო მეწარმე. მომხმარებლების მხიდანაც გაზრდილია მოთხოვნა ქართული პროდუქტის მიმართ, რაც მწარმოებლების მოტივაციას ზრდის", - ამბობს ნინი მოსიაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მომხმარებლის ინტერესი ქართული პროდუქციის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა: "შეგვიძლია თავისუფლად განვაცხადოთ, რომ მომხმარებელთა ინტერესი ქართული, ნატურალური პროდუქტის მიმართ ძალიან გაზრდილია. მომხმარებლები რაც უფრო მეტად ინტერესდებიან, აგემოვნებენ და აძლევენ მოტივაციას მცირე მეწარმეებს, მით უფრო ვითარდება წარმოება და უჩნდებათ სურვილი პროდუქტის დახვეწის, განახლების და წარმოების მასშტაბის გაზრდის. ჩვენი გამოფენის საშუალებით არა მხოლოდ მომხმარებლებს აცნობენ საკუთარ პროდუქტს, არამედ თავადაც აქვთ შესაძლებლობა, გაეცნონ სხვა კომპანიის წარმომადგენლებს, დაამყარონ კავშირები და განვითარდნენ", - აღნიშნავს ნინი მოსიაშვილი.

ღონისძიებაში მონაწილე ერთ-ერთი კომპანიის - შპს "მილმართის" დირექტორის, გიორგი მაისურაძის თქმით, კომპანია მეექვსედ იღებს გამოფენაში მონაწილეობას: "ჩვენ უკვე მეექვსედ ვიღებთ მონაწილეობას "აირჩიე ქართულის" გამოფენაში. წარმოდგენილი გვაქვს 6 სახეობის ჩაი, როგორიცაა შავი, მწვანე, მოცვის და მაყვლის ფოთლის ჩაი. მოხარული ვართ, რომ წელიწადში ორჯერ გვაქვს შესაძლებლობა, მივიღოთ მონაწილეობა ამ გამოფენაში. უკვე ვხვდებით ნაცნობ სახეებს მომხმარებელში, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან გამოფენაზე ჩვენს მონაწილეობას", - აცხადებს გიორგი მაისურაძე.

"გაყიდვების მართვის კომპანიის" ინფორმაციით, ღონისძიება რიგით მეშვიდეა: "2012 წლიდან წელიწადში ორჯერ, "აღდგომის" და ახალი წლის წინა კვირებში იმართება. ღონისძიებას მხარს უჭერს "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერატივების მართვის სააგენტო" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაცია", - აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი საქართველოს აგრარულ სფეროში მოქმედი მცირე რეგიონალური საწარმოების პოპულარიზაცია, მათი მხარდაჭერა და მომხმარებლისთვის გაცნობაა. გამოფენაზე მონაწილეობის მიღება კი ყველა მსურველს შეუძლია, თუმცა მათ გარკვეული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: "გამოფენაზე მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც ქართულ, ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს, მაგრამ ნაკლებად არის თბილისის ბაზარზე წარმოდგენილი, ვერ აკეთებს ექსპორტს და მომხმარებელი კარგად არ იცნობს მათ პროდუქციას. მცირე კომპანიები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ღონისძიებაში, უნდა აკმაყოფილებდნენ პროდუქტის შეფუთვის პირობებს და ჰქონდეთ ეტიკეტი. გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობა უფასოა. საწარმოებს შეუძლიათ საკუთარ მაგიდებზე წარადგინონ სარეკლამო მასალები. კომპანიებს, რომლებიც გადაწყვეტენ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას, უნდა გააჩნდეთ სალარო აპარატი", - აცხადებენ კომპანიაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია