რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

რა უნდა იცოდეს მორწმუნე ადამიანმა ვნების შვიდეულის შესახებ

ვნების კვირა დიდი მარხვის ბოლო, აღდგომისწინა კვირას ჰქვია. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება. ამ დღეებში მსხვერპლშეწირვა არ ხდება და აღევლინება მხოლოდ პირველშეწირულ ძღვენთა ლიტურგია, რომელთა დროსაც სახარება სრულად იკითხება.

ვნების შვიდეულის ოთხშაბათიდან, პირველშეწირულის ლიტურგიის შემდეგ, წყდება მუხლთა დრეკა და დიდი მეტანიები. აღარ იკითხება ასევე ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო..." და ფსალმუნთა კანონები. ფსალმუნების კითხვა განახლდება თომას კვირის მწუხრიდან.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ასევე ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან გამდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყენაზე გავრცელებისა და რჩეულთა გულისთვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს (მთ. 24,14-22).

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებიკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის; როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფლველად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკრიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები

ასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

წაიკითხეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია