თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია

თბილისში მანქანის გაჩერება შეუძლებელია

დედაქალაქის მასშტაბით ავტომობილის გაჩერება, განსაკუთრებით დღის საათებში, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ქუჩები გადატვირთულია არა მარტო სახელმწიფო უწყებების შენობების მიმდებარედ, არამედ ყველგან, სადაც რაიმე დაწესებულება ან საცხოვრებელი კორპუსია. გაუვალი გზების მთავარი პრობლემა ავტომობილების რაოდენობაა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, დედაქალაქში დღეს 450 ათასამდე მანქანა მოძრაობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი მეორე ზრდასრული თბილისელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელია.

ავტომობილებით გადაადგილებისა თუ გაჩერების პრობლემა წლების წინ ევროპის ქვეყნებშიც არსებობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც აღნიშნულ ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი განვითარდა, მანქანის დგომა-გაჩერებაც გაადვილდა. სპეციალისტების თქმით, პირველ რიგში აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, უბნების მიხედვით ტრანსპორტზე დიფერენცირებული გადასახადის დადგენა და უკვე შემდგომ მაღალი გამავლობის ავტომობილებზე სპეციალური გადასახადის დაწესება. სხვა შემთხვევაში, მალე თბილისი საავტომობილო კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

ევროკავშირის ტრასეკას რეგიონული კონსულტანტის გელა კვაშილავას თქმით, იმისთვის რომ დედაქალაქში ავტომობილის გაჩერება შესაძლებელი გახდეს, რამდენიმე ღონისძიების გატარებაა საჭირო: "ევროპის ქვეყნებში პრობლემა სხვადასხვა გზით მოაგვარეს - მაგალითად, "დააპარკინგე და გადადი სხვა ტრანსპორტში", ამ დროს მოქალაქეები აყენებენ საკუთარ ავტომობილებს სხვა უბანში და სამსახურამდე ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიდიან. გარდა ამისა, არსებობს პარკინგის დიფერენცირებული გადასახადი, ცენტრში ძვირია, ცენტრთან ახლოს - იაფი. ყველგან სადაც ასეთი აკრძალვაა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა კარგადაა განვითარებული, აუცილებელია ჩვენთანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო მიმზიდველი გახდეს", - ამბობს კვაშილავა "რეზონანსთან" ინტერვიუში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე საუბრობს საავტომობილო სფეროს სპეციალისტი დავით მესხიშვილიც. მისი განმარტებით, იმ დრომდე, ვიდრე 700 000 მგზავრს 500 ავტობუსი ემსახურება, ადამიანებს საკუთარი ავტომობილით გადაადგილებას ვერ ავუკრძალავთ.

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვარაუდობდნენ, რომ დედაქალაქი სატრანსპორტო კოლაფსის წინაშე დადგებოდა, რადგან ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად 8%-ით იზრდებოდა. დღეს თბილისში 400 000-ზე მეტი მანქანა მოძრაობს, რაც არაა დიდი ციფრი, მაგრამ სატრანსპორტო პოლიტიკის არარსებობის გამო, ქალაქში გადაადგილება შეუძლებელია. იმისთვის, რომ თბილისში მანქანის გაჩერება შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. აუცილებელია ავტობუსების დამატება და ტრამვაის ხაზის გაყვანა", - ამბობს დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.

რაც შეეხება ავტომობილებზე სპეციალური გადასახადის დაწესებას, მესხიშვილის განმარტებით, ეს მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება მოხდეს, რაც ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა უფრო განვითარებული გახდება. "მომხრე ვარ, დიდი ზომის სატრანსპორტო საშუალებებმა გადასახადი გადაიხადონ. პარკირება პატარა მანქანისა და ჯიპისთვის ერთი და იგივე არ უნდა ღირდეს. როცა ჯიპი გყავს, მეტად აბინძურებ გარემოს, იკავებ დიდ სივრცეს, ეს არის ფუფუნება და თუ ფუფუნება გინდა, ამისთვის მეტი უნდა გადაიხადო", - დასძენს დავით მესხიშვილი "რეზონანსთან" ინტერვიუში.

თბილისში ამ დროისთვის 450 ათასამდე ავტომობილია რეგისტრირებული, მოსახლეობა კი 2 მილიონს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მეორე ზრდასრულ თბილისელს ავტომობილი ჰყავს. ქაოსური მოძრაობის, საჯარო უწყებების თუ სხვადასხვა კომპანიების ოფისების ქალაქის ცენტრში განთავსების გამო, დღის საათებში თბილისში მანქანის გაჩერება ფაქტობრივად, შეუძლებელია.

გაზეთი "რეზონანსი", ელზა წიკლაური

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია