25 აპრილს ტრიო "სიმის" ერთ-ერთი წევრი რევაზ გელაშვილი, მეტსახელად "პონჩიკა" გარდაიცვალა. ქალაქური სიმღერების ცნობილ შემსრულებელს მეგობრები, კოლეგები და უბრალო მსმენელები სიყვარულით და მწუხარებით იხსენებენ. ტრიო "სიმი" 1988 წელს შეიქმნა, მისი სამივე წევრი - ზაზა ვეფხვაძე, რევაზ გელაშვილი და ზურაბ ცქიტიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული იყვნენ. ტრიო "სიმმა" 28 წლის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართა კონცერტები.
რეზო გელაშვილს 28 აპრილს დაკრძალავენ. მომღერალს სიონის საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ.
"პონჩიკას" გარდაცვალებას "ფეისბუქზე" პოსტებით ეხმაურებიან ქართული მუსიკის მსმენელები და მომღერლის კოლეგები:
"ერთი კარგი მომღერალი, ნაღდი კაცი და ქალაქელი წავიდა სამუდამოდ ამ ქვეყნიდან..."
"კაცი, რომელიც დააკლდება ქალაქს, სამეგობროს და ქართულ მუსიკას"
"ქუთაისო, ჩემო დედულეთო... მის მიერ შესანიშნავად შესრულებული სიმღერა თითქოს ახლაც ყურში ჩამესმის... ვუსამძიმრებ ოჯახს და ტრიო "სიმის" წევრებს ზაზა ვეფხვაძეს და ცქიტიშვილს..."
"ინტელიგენტი, ადამიანთმოყვარე, ნიჭიერი და კოლორიტული ხელოვანი ასეთი იყო რეზო გელაშვილი, ძალიან დააკლდება ყველას"
"რეზო, ''პონჩიკა'', ჩემო სიყრმის მეგობარო, ყველაზე თბილო და კეთილო ადამიანო! კიდევ ერთი არჩვეულებრივი პიროვნება დააკლადა ქალაქს!!! ტრიო "სიმს" სიმი გაუწყდა მე კი გული!"
ვრცელ პოსტს უძღვნის უფროს კოლეგას მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი: "გუშინ პირველად გავაკეთეთ სიმღერა ''ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო'' ბიგბენდთან, რაც თავი მახსოვს ტრიო "სიმის" შესრულებით ვუსმენდი და მიყვარდა ეს სიმღერა, მიყვარდა თვითონ ტრიო, ძალიან ქართული, თბილი, გემრიელი ანსამბლი.
დღეს რადიოში ვმუშაობდი და ჩვენს ხმის რეჟისორს რატომღაც ვთხოვე ამ სიმღერის გაშვება, თან ვუსმენდი, თან ვმღეროდი, სიმღერის დასრულებისას ყურში მითხრეს, რომ ამ ანსამბლის წევრი, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი რეზო გელაშვილი გარდაცვლილა წუხელ! ასე დიდი ხანია არ მტკენია, მივედი რეპეტიციაზე და მესიკვდილებოდა ამ სიმღერის მღერა, სიმღერის დროს საოცარი სევდა მომაწვა, ეკალი მაყრიდა და ვრძნობდი თავზე ყველა თმის ღერს. რეპეტიციის მერე თითქოს დიდი ტვირთი მეზიდოს ისე დაღლილად ვგრძნობდი თავს, წამოვლასლასდი სახლში დაღვრემილი და დამწუხრებული... ძალიან მძიმეა ასეთი ადამიანის წასვლა, ვუსამძიმრებ, ოჯახს და მის მეგობრებს..."