კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"

კვირიკაშვილის დაბრუნება ილინოისში 18 წლის შემდეგ - "აქ გავხდი ამერიკული ფეხბურთის მოყვარული... მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით"

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ილინოისის უნივერსიტეტს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია უნივერსიტეტში 18 წლის შემდეგ - გიორგი კვირიკაშვილმა 1998 წელს ფინანსების სფეროში ილინიოსის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი მიიღო.

უნივერსიტეტში სტუმრად მყოფი პრემიერი პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს შესაძლებლობები და მთავრობის სამომავლო გეგმა - რეფორმების დღის წესრიგი გააცნო; ისაუბრა საქართველოს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპისა და აზიის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ქვეყანაა.

პრემიერმა გაიხსენა 1990-იანი წლები, როდესაც ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში სწავლა თითქმის შეუძლებელი იყო: "მე მომეცა დიდი შესაძლებლობა, გამეგრძელებინა სწავლა სამაგისტრო კურსზე ილინოისის უნივერსიტეტში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. მახსოვს, როდესაც თანაკურსელებს დავუახლოვდი, მომინდა, გამეცნო მათთვის ქართული კულტურა. გავიგე, რომ სუხიშვილების დასი ამერიკაში მართავდა ტურს და ჩემი 16 თანაკურსელი დავპატიჟე კონცერტზე. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა ჩემი ქვეყნის კულტურა, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ფინანსურად ძალიან რთული იყო ეს ჩემთვის. მეგობრების დაპატიჟება საშური საქმეა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ საკრედიტო ბარათზე დავალიანების დაფარვა შემდეგ დიდხანს მიწევდა," - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"აქ ჩამოსვლის საკითხი საკმაოდ რთული გადასაწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის. 1997 წელს მე ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში, უკვე მყავდა სამი შვილი და ერთი წლით ოჯახის დატოვება მიწევდა. ამერიკაში ჩამოსული დასაწყისში ვერ ვაცნობიერებდი, რომ ამ ქვეყანას არა მხოლოდ ვსტუმრობდი, არამედ საზოგადოების ახალი წევრიც ვხდებოდი და მნიშვნელოვან ახალ კონტაქტებს ვამყარებდი. ეს გამოცდილება განსაკუთრებული აღმოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. აქ ყოფნის დროს გავხდი ამერიკული ფეხბურთის დიდი მოყვარული. მოხიბლული ვიყავი ჯაზ-ფესტივალებით, რომლებიც პარკში იმართებოდა. რასაკვირველია, ძალიან კარგად მახსოვს ურბანა-შამპეინის მკვიდრთა მეგობრული განწყობა," - აღნიშნა პრემიერმა და განაცხადა, რომ უცხოეთში განათლებამიღებული ქართველები არიან იმ ქვეყნების კულტურის ელჩები, საიდანაც ისინი ბრუნდებიან.

ბოლო შეკითხვა გიორგი კვირიკაშვილს მისმა ყოფილმა პედაგოგმა, პროფესორმა მორგან ლინგმა დაუსვა: "როდის მიიღებს ილინოისის უნივერსიტეტი თქვენი ერთ-ერთი შვილისგან აპლიკაციას, სწავლის მოთხოვნით?". პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ილინოისის უნივერსიტეტში მისი უმცროსი შვილი ისწავლის.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."