ლინკოლნ მიტჩელი - კონგრესმენ რასელის განცხადება პროსააკაშვილისეული აქცენტების, საქართველოს მდგომარეობის არცოდნის და პარანოიის ნაზავია

ლინკოლნ მიტჩელი - კონგრესმენ რასელის განცხადება პროსააკაშვილისეული აქცენტების, საქართველოს მდგომარეობის არცოდნის და პარანოიის ნაზავია

სტივ რასელი არ არის ცნობილი ფიგურა ამერიკულ პოლიტიკაში და კონგრესის წევრთა უმრავლეობის მსგავსად, წელს მას არ გადაირჩევენ, - ამის შესახებ საკუთარ ბლოგში ცნობილი ამერიკელი ანალიტიკოსი, აშშ-საქართველოს ურთიერთობის მკვლევარი ლინკოლნ მიტჩელი წერს.

ის რასელის გამოსვლას უწოდებს "პროსააკაშვილისეული აქცენტების, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობის არცოდნის და დაბნეულობის, ასევე პარანოიის ნაზავს".

"მართალია, აშშ-ში კონგრესმენი რასელი არ არის ცნობილი, მაგრამ საქართველოში ბოლო დღეებში მისი ცნობადობა საკმაოდ გაიზარდა. გასულ კვირას რასელი შეიჭრა ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ, რაც გახსნა საპარლამენტო არჩევნების მეორე ფრონტი. ამ ფრონტზე იბრძოლებენ არა ქართული პოლიტიკური პარტიები, რომელთა მიზანიცაა კავშირი ამომრჩევლებთან და ხმების მოპოვება, არამედ მათი წარმომადგენლები დასავლეთში, რომლებიც ეცდებიან ამ არჩევნების კონტექსტის აღწერასა და განმარტებას წამყვანი ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსებისთვის, მედიისა და ექსპერტებისთვის", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, ძნელი წარმოსადგენია, რომ ვაშინგტონში დაიჯერებენ რასელის მთავარი არგუმენტის, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა რუსეთის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფება.

"ეს განცხადება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დასავლური ინტეგრაციის გზაზე მთავრობის მიერ მიღწეულ სტაბილურ, თუმცა ხშირად არც თუ ისე სწრაფად მიმდინარე პროგრესს. პროგრესს, რომელიც ეყრდნობა ამჟამინდელი მთავრობის წინამორბედი "ნაცმოძრაობის" საქმიანობას...

რასელის გამოსვლის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ის არის, რომ მის უკან ამა თუ იმ ფორმით დგას საქართველოს ყოფილი მთავრობის მხარდამჭერთა ლობირება. თუ მართლა ასეა, ის, რომ "ნაცმოძრაობამ" ყველასთვის უცნობ კონგრესმენზე უკეთესი ვერავინ იპოვა წინასაარჩევნო სამუშაოების ჩასატარებლად, ნათლად ასახავს ვაშინგტონის შეხედულებებს ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით", - წერს ლინკოლნ მიტჩელი.

ანალიტიკოსის მოსაზრებით, თუ საქართველოს მთავრობის რეპუტაციის შელახვის კამპანია მომავალშიც, არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ იქნება "ნაცმოძრაობის" დასავლური სტრატეგიის ბირთვი, კეთილგანწყობა, რომელიც პარტიამ მოიპოვა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გაქარწყლდება.

22 აპრილს კონგრესის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას კონგრესმენმა ოკლაჰომას შტატიდან სტივ რასელმა ბიძინა ივანიშვილს პუტინის მარიონეტი უწოდა და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსა და დასავლეთის ბანკებს ივანიშვილის ანგარიშების გაყინვისკენ მოუწოდა, ასევე მიმართა სახელმწიფო დეპარტამენტს, "ყურადღება მიაქცონ" ქართველ ოფიციალურ პირებსა და ბიზნესმენებს, რომლებიც მისი მტკიცებით, თავისუფალი არჩევნების გაყალბებას შეეცდებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."