"თბილისში ჰაერის დაბინძურების მხრივ მდგომაროება საგანგაშოა" - ასე აფასებენ ეკოლოგები და გარემოს დამცველების ჰაერის ხარისხს საქართველოს დედაქალაქში. მათივე თქმით, სახარბიელო მდგომარეობა არც ქვეყნის სხვა ქალაქებშია. ეკოლოგები ჰაერის დაბინძურების გამომწვევ ძირითად მიზეზებად საწვავის ხარისხს, გამონაბოლქვს და გაჩეხილ მწვანე საფარს ასახელებენ.
როგორც Allnews.ge-სთან "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელი ნატა ფერაძე ამბობს, ჰაერის დაბინძურების დონის საზომი ზუსტი ხელსაწყო საქართველოში არ არის, ამიტომაც დასკვნის გაკეთების საშუალება არ არის.
"პრობლემა არის ის, რომ ჰაერის დაბინძურებაზე ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ მხოლოდ მთაწმინდიდან გადმოხედვით და ვიზუალით. რამდენიმე კვლევასავით ჩატარდა, თუმცა ეს კვლევებიც საკმაოდ არაზუსტი და არასაკმარისია იმისათვის, რომ ზუსტი სურათი გვქონდეს. მაგრამ რა კვლევებიც ჩატარებულა, ყველამ აჩვენა, რომ ჰაერი ნორმაზე გაცილებით მეტადაა დაბინძურებული.
"რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებს, ჰაერის დაბინძურების საზომი მოწყობილობა უდგათ ვაშლიჯვარში, ბოტანიკურ ბაღში, ანუ ისეთ ადგილებზე, სადაც რეალურ სურათს ვერ მივიღებთ, თუმცა იქაც კი აღინიშნება სერიოზული დაბინძურება", - ამბობს ნატა ფერაძე.
მისი თქმით, ჰაერის დაბინძურების გამომწვევი ძირითადი მიზეზი უხარისხო, გაუმართავი ავტომობილებია, "მეორე პრობლემა კი ხე-მცენარეების ნაკლებობაა. ჭადრის ხე აღიარებულია მძიმე მეტალებისა და იმ ნივთიერებების გამნადგურებლად, რომელთაც გამოყოფენ მანქანები. დიდი რაოდენობით ჭადარი გაიჩეხა აღმაშენებლის გამზირზე, რუსთაველზე, ახლა სანაპიროზე იგეგმება, სრულიად დაუგეგმავად მიმდინარეობს ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა და რაც ყველაზე საგანგაშოა, ჰაერი აკუმულირდება მიწის სიმაღლიდან ერთნახევარი მეტრის სიმაღლეზე, ანუ ბავშვის სიმაღლეზე და ყველაზე მძიმე ჰაერის სუნთქვა სწორედ ბავშვებს უწევთ.
"საგანგაშოა ისიც, რომ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა გაზრდილია. ევროპული კლინიკებიც კი ამბობენ, რომ ამ მიზეზით გაიზარდა ბავშვების მიმართვიანობა.