საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 6 მაისს, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში განიხილეს.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, საქართველოს სახალხო დამცველმა თავის მოკლე მიმოხილვაში ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთა, ეკომიგრანტების, რეპატრიანტების, ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობის შესახებ; მიმოიხილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები, ბავშვთა უფლებები, გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებრივი საკითხები, დისკრიმინაციის დაუშვებლობა; ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ხარვეზები; შშმ პირთა და ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად განსახორციელებელი ღონისძიებები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, თავის გამოსვლაში სახალხო დამცველი შეეხო საკუთრების უფლების, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის საკითხებს, ჯანმრთელობისა და უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლებას, ჰიდროელექტრო სადგურების და სხვა დიდი ობიექტების მშენებლობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობას. ისაუბრა შრომის უფლების დაცვის, შრომის ინსპექციის შექმნის, საარჩევნო სისტემის დახვეწის, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და სათანადო საცხოვრებლის უფლების აუცილებლობაზე.
როგორც აპარატში აცხადებენ, კომიტეტის სხდომაზე მოხსენებებით გამოვიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძე, მთავარი პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი მაია კვირიკაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი არჩილ მეტრეველი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა.